ოპოზიცია ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს. მათი თქმით, დღეისათვის პური საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან ცხვება და ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახევი. მთავრობას მოუწოდებენ, რომ ფასების ზრდის შემთხვევაში ხელისუფლებამ გაჭირვებული მოსახლეობისათვის გარკვეული კომპენსაცია გასცეს.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს. როგორც მამრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურისა და ფქვილის ბიზნესზე ხელისუფლება მონოპოლია აქვს.
მამრაძის ინფორმაციით, დღეისათვის პური საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან ცხვება და ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახები.
„ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ პურზე ფასები სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა და ამისთვის ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი იყო. პურზე ფასის ნაადრევი ზრდა არჩევნების შემდეგ ბიუჯეტის თანხებით შევსების პრობლემას უკავშირდება. ფასების ზრდის შემთხვევაში, საჭიროა ხელისუფლებამ გაჭირვებული მოსახლეობისათვის გარკვეული კომპენსაცია გასცეს“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
„ლეიბორისტული პარტია“ პურზე ზღვრული ფასების დაწესების მიზნით პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს. ამის შესახებ „ლეიბორისტების“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ განაცხადა.
„ხელისუფლებამ პურის ფასის ხელოვნურად გაზარდა, რადგან საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას პურის გაძვირებით ცდილობს. ბანდიტური გზით და უნიათობით გაძვირებულ პურთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში პარლამენტში შევიტანთ კანონპროექტს ზღვრული ფასების დასაწესებლად“, - აღნიშნავს კახა ძაგანია.
მისივე თქმით, „ლეიბორისტები“ შეადგენენ პირვალადი მოხმარების პროდუქტების ნუსხას, რომლებზეც მოსახლეობისთვის მისაღები ფასები უნდა დაწესდეს. „ლეიბორისტები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხები, რათა პროდუქტების გაძვირება მოსახლეობის მდგომარეობაზე არ აისახოს.
საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ზრდას „კონსერვატიული პარტია“ და „ხალხის პარტიაც“ აპროტესტებენ. წერეთლის გამზირზე ლაშა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც გარემოვაჭრეებიც მონაწილეობდნენ.
„კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვიდან დაახლოებით ერთი კვირის თავზე საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების კატასტროფულად ზრდა დაიწყო, რაც პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების კორუფციულ მიზნებთან, სწორედ ამ გარევაჭრობის აკრძალვასთან.
ჩხარტიშვილის განცხადებით, როგორც „კონსერვატიული პარტია“, ასევე „ხალხის პარტია“ მოითხოვენ, პირველ რიგში ხელისუფლებამ დაუშვას გარევაჭრობა და გარემოვაჭრეებს შეუქმნას შესაბამისი პირობები, რათა ნორმალურ გარემოში შეძლონ მუშაობა. ამასთან, მოითხოვენ ანტიმონოპოლიური სახელმწიფო სამსახურის შექმნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, როგორც მოვაჭრეების, ისე მომხმარებლის ინტერესები.
„ამ სამსახურმა უნდა უზრუნველყოს კონკურენციის დაბალანსება, რათა გამოირიცხოს, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ისე პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების ხელოვნურად გაზრდა“, – აღნიშნავს ჩხარტიშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, საქართველოს ხორბლის დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება და შესაბამისად, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ასე გამოეხმაურა კვეზერელი საქართველოში პურის გაძვირებას, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას დაუკავშირა.
„მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტი შეიქმნა და ფასმაც მოიმატა. ეს ქართულ ბაზარზეც აისახა, ვინაიდან საქართველოს მოხმარებული ხორბლის 85% უცხოეთიდან შემოაქვს. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგია. გარდა ამისა, არსებობენ რუსეთის ალტერნატიული მომწოდებლებიც, ამდენად დეფიციტი მოსალოდნელი არ არის და არც პანიკის საფუძველი არსებობს“, – აღნიშნავს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, პურის ფასმა საქართველოში 20-25 პროცენტით, 5-10 თეთრით მოიმატა.