შს მინისტრმა დაპირება შეასრულა და რეფორმის პირველი ნაბიჯების შესახებ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა -სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება. გარდა ამისა, შსს-ში ახალი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.
„ზუსტად ერთი თვის წინ მთავრობის დამტკიცების დროს საქართველოს პარლამენტში დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები“,- განაცხადა შს მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უფრო მნიშვნელოვანია რეფორმების შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას.
„ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ასევე დავიცავთ ყველა სხვა ვადას“, - განაცხადა გახარიამ.
ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, თავისი შენიშვნები და პრეტენზიები აქვს ყველა უწყებასთან - „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე კრიმინალის ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„შს სამინისტრომ სტატისტიკის გამოქვეყნება დიდი ხნის წინ შეწყვიტა და ცდილობენ საზოგადოებას დაუმალონ სურათი, რაც გვაქვს ქვეყანაში. ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი, რაზეც ხელისუფლებას მართებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკის შემუშავება და არა რაღაც პოსტსაბჭოთა რეიდები, რომელიც კანონმორჩილ მოქალაქეებს აწუხებს,“ - აცხადებს ოთარ კახიძე.
შს მინისტრის განცხადებით, სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას გამოაქვეყნებს, თუმცა არ აკონკრეტებს როდის გამოქვეყნდება ეს სტატისტიკა. როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ შეგვეძლება მსჯელობა, გაზრდილია თუ არა კრიმინალი ქვეყანაში.
„რეფორმების გეგმის წარდგენასთან ერთად საზოგადოებას დავპირდით, რომ შს სამინისტრო სტატისტიკის მონაცემებს სტაბილურად გამოაქვეყნებდა. შესაბამისად, დეკემბრის თვის ჩათვლით სტატისტიკა იქნება გამოქვეყნებული, შემდეგ უკვე თქვენთან ერთად ვიმსჯელებთ კრიმინალის ზრდასთან თუ კლებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა რეფორმა, იქნება ეს კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის თუ სასაზღვრო პოლიციის, მიმართული იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალიზებული გამომძიებლების განტვირთვას და სხვა საქმეებისგან ჩამოშორებას გეგმავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღეისთვის სპეციალიზებული გამომძიებლები სხვა კატეგორიის დანაშაულებსაც იძიებენ, თუმცა უწყებას ამის შეცვლა სურს.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებლები სხვა კატეგორიის დანაშაულებსაც იძიებენ, მაგრამ სამინისტროს მიზანია, რომ სპეციალიზებულმა გამომძიებლებმა, მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეები გამოიძიონ და მოხდეს მათი განტვირთვა სხვა საქმეებიდან.
ანალოგიურად, გვინდა გვყვავდეს სპეციალიზებული გამომძიებლები ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და ტრეფიკინგზე. ეს ცოტა რთული პროცესია და ერთ ან ორ დღეში გადაწყვეტა მარტივი არა არის“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, თითოეული საგამოძიებო დანაყოფის დატვირთვისა და გამომძიებელთა რაოდენობის გათვალისწინებით ხდება იმის იდენტიფიცირება, სად რამდენი სპეციალიზებული გამომძიებელია საჭირო.
„ეს პროცესი არის კრიმინალური პოლიციის რეფორმის შემადგენელი ნაწილი“,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სპეციალიზაცია პროფესიონალიზმის ამაღლებისა და დახვეწის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია, და რაც მთავარია, უწყების დეპოლიტიზაციასაც შეუწყობს ხელს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალმა მინისტრმა მართლაც სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი, თუმცა როდის და რამდენად აისახება ეს ყველაფერი კრინიმალის შემცირებაზე, უცნობია, რადგან კრიმინალის მაპროვოცირებელი უამრავი ფაქტორი, მათ შორის, სოციალური ფონი კვლავ აქტუალურ პრობლემათა რიგში რჩება.