თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი გახდეს

თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი გახდეს

ევროკავშირს საქართველოს წინააღმდეგ დროებითი შეჩერების მექანიზმი არ აუმოქმედებია, თუმცა, ჟურნალისტი რიკარდ ჟოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირს არ მოსწონს უკრაინული კანონპროექტი ანტიკორუფციულ სასამართლოზე, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არის. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო შეშფოთებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლებით საქართველოდან. მისი ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმი განხილული იქნება სამშაბათს.

„არსებობს ერთი დიდი პრობლემა. ევროკავშირის გარკვეულმა წევრებმა, მდიდარმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ეს აწუხებთ მათ, რადგან მიიჩნევენ, რომ არ უნდა გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად. თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა, ზოგიერთმა წევრმა თქვას, - ხომ არ განვიხილოთ შეჩერების მექანიზმის საკითხი.

ვერ გეტყვით ვინ არიან ეს ადამიანები. შესაძლოა, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. ან შესაძლოა, ის პირები იყვნენ, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში, აიღეს საქართველოს მოქალაქეობა და იყენებენ მას ევროკავშირში თავშესაფრის მისაღებად.

აშკარაა, რომ სისტემა ბოროტად გამოიყენეს და ეს ბევრ ქვეყანას აღელვებს. სავარაუდოდ, დღეს და ხვალ შეჩერების მექანიზმი გამოყენებული არ იქნება, თუმცა პრობლემა არსებობს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის გადასაჭრელად“, - განაცხადა რიკარდ ჟოზვიაკმა.

ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებაში, რომელსაც იგი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით წარუდგენს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა და ამას შესაძლოა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება მოჰყვეს.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არც ერთი უწყება არ ადასტურებს. საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე ამბობს, რომ განხილვა არის გეგმური და არაფერი ამაში ექსტრაორდინალური არ არის. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ვალდებულებების შესრულება და ეს ფაქტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაარღვიონ უვიზო რეჟიმის წესები, არ გადააცილონ 3 თვეს. რაც შეეხება თავშესაფრის მოთხოვნას, აქ დაკმაყოფილების სტატისტიკა არის ძალიან დაბალი. ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას საქართველო შეყვანილი ჰყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ მოთხოვნების განხილვა ავტომატურად ნეგატიური პასუხით სრულდება. ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს“, - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ განიხილება. რაც შეეხება ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებას, ხულორდავა აცხადებს, რომ ევროკომისიამ პირველად შეაფასა საქართველო მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ვიზის ლიბერალიზაცია.

„ამ ანგარიშში, რომელიც 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, საჯაროა, საქართველოს მიღწევები და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ შიშები გვქონდეს იმის, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას საფრთხე შეექმნება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ არც ერთ მოქალაქეს, არ სიამოვნებს წავიდეს ქვეყნიდან და თავშესაფარი ეძებოს ევროპაში, მაგრამ ამას საყოველთაო გაჭირვება აიძულებს.

„ჩვენს მოქალაქეებს ამას აიძულებს საყოველთაო გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია. თუ „ქართულ ოცნებას“ და მთავრობას უნდა, რომ ამ ხალხის ნაკადი შეაკავოს, თუ სურვილი აქვთ, რომ ხალხი სამშობლოში დაბრუნდეს, ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს, ლარი უნდა იყოს მყარი და ფასები - სტაბილური. მთავრობას არ შეუძლია ამ პირობების შექმნა და, სწორედ, ამიტომ არის გაზრდილი ხალხის ნაკადის წასვლა საზღვარგარეთ“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შესაძლოა თუ არა საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, ჯერჯერობით უცნობია. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრმა ანდრეს მამიკინსმა საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილებოდა, აღნიშნა, რომ საქართველომ ბევრ სფეროში სტანდარტების გაუმჯობესების დინამიკა აჩვენა.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება 2016 წლის ივლისში ამოქმედდა. ამ შეთანხმებამ უკვე რეალური სარგებელი მოიტანა. ჩემი მომხსენებლის როლისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩემი კონტაქტების წყალობით, უნდა ვაღიარო, რომ საქართველომ სტანდარტების გაუმჯობესების დინამიკა აჩვენა ბევრ სფეროში, კერძოდ სასამართლო სფეროში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, ჯანდაცვაში, განათლებაში, ნოვაციებსა და სხვა სფეროებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება არის ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოში მმართველობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნებრია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზარდა. მისი თქიმით, იმ შემთხვევაში, თუკი გაგრძელდება თავშესაფრის მოთხოვნა, შესაძლებელია ე.წ. შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

„ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი წავიდა და დარჩა ევროპაში. არავისთვის არ არის დამალული საქართველოში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ფაქტია ისიც, რომ ყოველი მეორე ადამიანი ემზადება საზღვარგარეთ წასასვლელად, რომ ოჯახი არჩინოს. როგორც ჩანს, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავშესაფარს ითხოვს ევროპაში.

ევროპა ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ მსურველს, რომელსაც უნდა ევროპის კეთილდღეობით სარგებლობა. საუკეთესო გამოსავალი გახლვათ ადგილზე, საქართველოში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. საკმარისი არ არის ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისი თქმით, არ შეიძლება ევროკავშირში ვიზა იყოს ძირითადი ამოცანა ქვეყნისთვის. აუცილებელია აქცენტირება ადგილზე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

„სწორად დაგეგმის შემთხვევაში, ძალიან კარგად შეიძლება ქვეყანა გამოიყვანო ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ ერთია, რომ სუვერენიტეტი დაკარგული აქვს ქვეყანას და იძულებულია გარეშე ძალების რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე, მთავრობამ და ხელისუფლებამ ცოტა თავი უნდა შეიწუხოს და პირადი კეთილდღეობის ხარჯზე იფიქროს ქვეყნის განვითარებაზე. მესმის, რომ დე-სუვერენიზაციის პროცესში შენ ასრულებ გარეშე რეკომენდაციებს, არ შეასრულებ და უსიამოვნებები შეგხვდება, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს“, - ამბობს თამარ კიკნაძე.