გზების მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერებში კვლავ საეჭვო კომპანიები იმარჯვებენ. ამ მხრივ ვითარება არც ბოლო წლებში გამოსწორებულა. ამჯერად საქმე ეხება ჩინურ კომპანიას, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ცუდი რეპუტაციით სარგებლობს.
კომპანიამ „სინოჰიდრომ“ საქართველოში გზების მშენებლობაზე გამოცხადებულ რამდენიმე მსხვილ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორმა საქართველოში ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი უკვე ააშენა და ამჟამად სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის სამუშაოებს ასრულებს. სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის ღირებულება, რომელსაც ამჟამად ჩინელები აშენებენ, 250 მილიონ ლარზე მეტია.
აზიური კომპანიის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან შელახულია. რამდენიმე თვის წინ აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდრო“ თაღლითურ გარიგებებში ამხილა. კომპანიამ ზიმბაბვეში 533 მილიონი დოლარის ღირებულების ტენდერი მოიგო, რომელიც ელექტროსადგურის მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი. პროექტის შეფასების შედეგად აღმოჩნდა, რომ ტენდერის ფასი რეალურ ხარჯებს 2-ჯერ აღემატებოდა.
2017 წლის ივლისში, აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულა. გამოძიებამ, რომელიც საბანკო ექსპერტების ჯგუფმა ჩაატარა, დაადგინა, რომ ჩინური კომპანია თაღლითური სქემებით დიდ თანხებს არაკანონიერად ეუფლებოდა. დაფინანსებული პროექტების ფინანსების შესწავლის შემდეგ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები დაქირავებულ ქვეკონტრაქტორებთან და მუშებთან კორუფციულ გარიგებებში ამხილეს.
2013 წელს „სინოჰიდრომ“, აფრიკის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული, უგანდის საგზაო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის პროექტი მოიგო. იმ შემთხვევაშიც, კომპანიამ ჯეროვნად არ შეასრულა კონტრაქტის პირობები და ანტიკორუფციულმა ოფისმა არაკანონიერი კონტრაქტების გაფორმებაში და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.
„სინოჰიდროს“ განხორციელებული პროექტები ადგილობრივ მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური გავლენის გამო მუდმივად კრიტიკის საგანია. მსგავსი პროექტების რიცხვშია ბოტსვანას აეროპორტის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ჩინურმა კომპანიამ შეასრულა. პროექტის შემკვეთმა „სინოჰიდროს“ კონტრაქტი გაუწყვიტა, თუმცა ამ დროისთვის ჩინურ კომპანიას თანხის 90%, 527 მილიონ დოლარზე მეტი უკვე მიღებული ჰქონდა.
ასეთი სკანდალების შემდეგ როგორ გაგრძელდება საქართველოში „სინოჰიდროს“ მიერ დაწყებული პროექტები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კომენტარს ერთ კვირაში, ანუ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ქვეყანაში დაბრუნდება. შეფასებისგან თავს იკავებენ „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაციაშიც“.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კი კომპანია „სინოჰიდრო“ მსოფლიო ბანკის პროექტებს ახორციელებს. ამიტომ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სკანდალური ინფორმაციები ჩინურ კომპანიას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, შემდგომ პროექტებში მისი მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი იქნება.
როგორც ნიკოლაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, კონკრეტული ფაქტები „სინოჰიდროს“ ფინანსურ მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მის მიერ დაწყებულ პროექტების განხორციელებას გარკვეული პრობლემა შეექმნას.
„ყველა დონორი გაითვალისწინებს „შავ სიაში“ ჩასმის ფაქტს. როდესაც ამხელა კომპანიას ხელი შეეშლება სხვა ტენდერებში მონაწილეობაში, მისი შემოსავლები შემცირდება და პრობლემები ექნება. ეს საკმაოდ ცუდია კომპანიისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან ჩვენი კონტრაქტორია“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი.
აღსანიშანვია, რომ „სინოჰიდროს“ პრობლემები აქვს სომხეთშიც, სადაც ის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთს აშენებს. მეზობელ ქვეყანაში გზის ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაცია ითხოვს ბეტონის საფარის დაგებამდე, მაგისტრალის ყველა მონაკვეთზე გასწორდეს დაშვებული შეცდომები და მიწის საფარი სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდეს. სომხეთის ინფრასტრუქტურის და გზების მინისტრმა არაერთხელ გააფრთხილა „სინოჰიდრო“, რომ ხარისხის გამოსწორებამდე კომპანიას სამუშაოს სხვა ეტაპზე გადასვლის საშუალებას არ მისცემენ.