პოროშენკო კვირიკაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია

პოროშენკო კვირიკაშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია

პეტრო პოროშენკო საქართველოს სთავაზობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. უკრაინის პრეზიდენტმა ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე დააყენა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოროშენკომ კობახიძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

„ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს შეთავაზების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, რომელიც ქართული დელეგაციის წევრი იყო, ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი იყო.

„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი კომპონენტი ნამდვილად ეს იყო. პოროშენკომ გაახმოვანა ასეთი თხოვნა თუ მოწოდება. ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა დეტალებზე. ამ საკითხზე ზოგადი პასუხის გაცემა არ შეიძლება, რადგან იქ არის ძალიან ბევრი დეტალი და ამ პათოსს აუცილებლად გავახმოვანებთ. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და საქართველოს ყველა ლეგიტიმურ საკითხთან დაკავშირებით აქვს მხარდაჭერა, ამის სურვილიც და ეს გამოიხატა ყველა წინა გადაწყვეტილებაშიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკას მოკავშირეები მხარს უჭერენ, კარგად ესმით და ფიქრობს, ამ მიმართულებით რაიმე გაურკვეველი არ არსებობს.

„თუკი მსოფლიოს, ევროკავშირის, აშშ-ის და ჩვენი მოკავშირე ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ყალიბდება და თან საკმაოდ მკაცრი, მნიშვნელოვანწილად ეს არის განპირობებული საქართველოსთან რუსეთის დამოკიდებულების, ოკუპაციის და აგრესიის გამო. რაც შეეხება სანქციების იმ ნაწილს, რომელსაც საქართველო არის შეერთებული, საკმაოდ მნიშვნელოვანია და ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩვენს ეკონომიკურ დამოკიდებულებას“, - აცხადებს გია ვოლსკი.

რაც შეეხება იმ ფორმატს, რომელთანაც საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია, ვოლსკი არ ვფიქრობს, რომ რაიმე ახალი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. თუმცა, ამბობს, რომ მთავრობა, ალბათ, ამასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო იქნება.

„საზოგადოებამ იცის, როგორ გაწყდა და რა პირობებშია საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობები. ყველამ იცის სირთულეების და ლიმიტირებული ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელიც რუსეთთან გაგვაჩნია. ამ პოლიტიკას ჩვენი მოკავშირეები მხარს უჭერენ, კარგად ესმით და ვფიქრობ, ამ მიმართულებით რაიმე გაურკვეველი არ არსებობს. თუკი წინადადებასთან დაკავშირებით რაიმე განსახილველი ან დამატებითი თემაა, ამ შემთხვევაში მთავრობა გააკეთებს შესაბამის განცხადებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო თავად უნდა ყოფილიყო ინიციატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩართვის.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი“ პაატა გაფრინდაშვილი თვლის, რომ საქართველომ უნდა გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ანტიანექსიურ პოლიტიკას წაადგება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი ერთ-ერთი მათგანია.

„რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიური პოლიტიკა გააქტიურა 2014-15 წლების შემდეგ (ვგულისხმობ სტრატეგიულ შეთანხმებებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ამ ორი რეგიონის ბევრი სფეროს მოქცევა რუსულ სამართლებრივ ჩარჩოში). ბუნებრივია, ჩვენი ყველას სურვილია, რუსეთმა პასუხი აგოს იმაზე, რაც დღემდე უკვე ჩაიდინა და კარგი იქნებოდა, სანქციების რეჟიმი რომ დაწესებულიყო თავის დროზე.

მეორე მხრივ, მიმდინარე ანექსიური პროცესი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმიდან გასვლას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ანექსიური პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორედ ამ მიზეზით რუსეთს დაუწესდეს სანქციები“, - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.