ხარაგაულში მიმდინარე გვირაბის მშენებლობაზე მორიგი უბედური შემთხვევა მოხდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსა და ქართველ მუშა-მოსამსახურეებს შორის ხშირია კონფლიქტი და დაძაბულობა. წინა კვირას დასაქმებულები სწორედ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობებს აპროტესტებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი უბედური შემთხვევაც მოხდა.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. შედეგად სამი მუშა მძიმედა დაშავებული. მათგან ერთ-ერთი თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ.
რკინიგზელთა პროფკავშირების ცნობით, გვირაბის აფეთქების შესახებ მუშებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„ადგილზე დასაქმებულებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გვირაბში, ორი სოფლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა შემთხვევა. სოფელ ბეჟათუბნის მხრიდან იყო აფეთქება, მაგრამ როგორც გაირკვა, მეორე მხარეს მყოფმა მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არაფერი იცოდნენ. არ მომხდარა მათი გაფრთხილება, რის გამოც, ეს ადამიანები მძიმედ დაშავდენ“, - განაცხადეს პროფკავშირებში.
ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბეჟათუბანში მომხდარი აფეთქების მიზეზი, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. მართალია, აფეთქება გეგმიური იყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდათ.
როგორც რკინიგზელთა ახალი პროფესული კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ლეჟავამ განაცხადა: „აფეთქების ადგილიდან სამივე გადაყვანეს საავადმყოფოში. ერთი ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია და თბილისში გაგრძელდება მისი მკურნალობა. დანარჩენი ორი დაშავებულიდან ერთ-ერთს კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს ხერხემალი აქვს დაზიანებული“.
გასულ კვირას გვირაბის მშენებლობა დასაქმებულები შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს აპროტესტებდნენ. მუშები სახელფასო დავალიანების დაფარვასაც მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ გვირაბში არის მძიმე სამუშაო პირობები, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, რაც მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
„არანაირი პირობა დაცული არ არის. დაგვიძახეს გასაბურღად. არ ვიმუშავეთ, რადგან იქ უსაფრთხოების არანაირი პირობები არ იყო. არის დანადგარი, რომელსაც დიდი ვიბრაცია და ხმა აქვს. შეიძლება მისი მუშაობის დროს სხვა რამ დაზიანდეს ან ჩამოიშალოს“, - აცხადებდა ერთ-ერთი მუშა ადლან ამილახვარი.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ხარაგაულის გვირაბის მშენებლობაზე სულ 120 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათგან 60 საქართველოს მოქალაქეა.
საერთოდ, შრომის უსაფრთხოება საქართველოში ძალიან პრობლემური და მოუგვარებელი საკითხია. 2017 წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. პროფკავშირების გაერთიანება ობიქტებზე დაფიქსირებულ შემთხვევების თაობაზე დამატებით ინფორმაციას შსს-გან ელოდება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკა შემაშფოთებელია.
პროფკავშირების გაერთიანების შრომის ტექნიკური ინსპექციის უფროსის ნიკა კაკაშვილის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში უბედური შემთხვევები ძირითადად იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს და ამ კუთხით თანხებს ზოგავენ.