„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას, რომელმაც გასულ კვირას თეა წულუკიანს მოუწოდა „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უწყებაში აშკარად ხედავენ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია. ამიტომ, მინისტრი თვლის, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული, რადგან წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები.
გახარიას განცხადებიდან რამდენიმე დღეში იუსტიციის სამინისტროში „ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს“ სხდომა გაიმართა. იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები მალე აისახოს კანონმდებლობაში.
„თუკი ამაზე თანხმობა იქნება, კიდევ უფრო შორსაც წავიდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი, მომავალში არ გახდნენ მომხმარებლები, ვებრძოლოთ იმათ, ვისაც სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ახალი, უფრო ლიბერალური კანონი ნარკოპოლიტიკის შესახებ იქამდე არ შევა ძალაში, ვიდრე არ შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები ნარკოდამოკიდებული პირებისთვის. თუმცა, როდის მოხდება სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა, უცნობია.
შსს-ს მოთხოვნით, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკის შენახვა ადმინისტრაციული წესით დაისჯება, თუმცა თუ ნარკოტიკის საზღვარზე გადატანა მოხდება, თუნდაც პირადი მიზნებისთვის, ძალაში დარჩება მკაცრი რეგულაციები და პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
შსს-ს არ იზიარებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივას, რომ აქაც ყოფილიყო მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. ძალოვანი უწყება თვლის, რომ ამ პრეცედენტმა შეიძლება წაახალისოს მცირე ოდენობებით, ნახევარ-ნახევარი აბით საზღვარგარეთიდან ნარკოტიკის შემოტანა, რასაც კომიტეტი დაეთანხმა და ამ მოტივით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივის ეს ნაწილი ამოღებულ იქნა.
„ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ის მუხლი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის, განსაზღვრული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების საზღვარზე შემოტანის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, საზღვარზე ნებისმიერი ოდენობის აკრძალული ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შემთხვევაში, დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, პირს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ცვლილება კანონპროექტში სამართალდამცავი სტრუქტურების რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული“, - აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნას, როგორც ზოიძე აცხადებს, საბჭოზე მოხდა შეთანხმება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს დასკვნას, თუ რა დაჯდება და რა ვადაშია შესაძლებელი სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა.
„ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს თავის ხედვას, თუ რა ვადები და თანხები დაჭირდება იმისთვის, რომ პრევენციის სისტემა სრულად იყოს მზად, როდესაც მოხდება დეკრიმინალიზაცია. ჩვენი გათვლებით, ამას დაჭირდება 3.5 მილიონი ლარი და ერთი წელი. ჩვენც ვიზიარებთ პრინციპს, რომ სანამ არ მოხდება ინფრასტრუქტურის მომზადება, რათა იყოს სერვისები პატიმრობის ნაცვლად, მანამდე დეკრიმინალიზაცია არ მოხდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
„ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის“ სხდომას დაესწრო შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის განცხადებით, ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს ნარკომოხმარების წახალისების მაპროვოცირებელი. ძალოვანი მინისტრი მომხრეა, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების საკითხი სწორედ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში განიხილონ.
„ვხედავთ, რომ ამ ძალზე მნიშვნელოვან თემაზე დისკუსია დროში ხანგრძლივად გრძელდება და ასეთი დროის ხარჯვა არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება.
აქ ჩვენ რეალურად, ვხედავთ რისკებს და ვთვლით, რომ ეს მიმართულება არის ის, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასამკაცრებელიც იყოს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური, კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის ერთმნიშვნელოვნად დაცული უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს მოხმარების წახალისების პროვოცირება“, - აცხადებს გიორგი გახარია.
შს მინისტრი თვლის, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია. მისივე თქმით, შსს-ს ძირითადი ამოცანაა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც გამორიცხავს წახალისებას.
„ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური, ისევე როგორც შემოწმებების ფორმების მიმართულებით და ამაზე სასაუბროდ მზად ვართ. მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა ყველა მიმართულებთ, თუ რა გეგმა არსებობს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, რომ კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. მისი თქმით, პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას.
„ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.