საგანგაშო სიგნალი ხელისუფლებისთვის

საგანგაშო სიგნალი ხელისუფლებისთვის

ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ გაზრდილ ტენდენციას საგანგაშო სიგნალად მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები. მათი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ უბრალო ხალხისთვის არაფერი შეცვლილა, ამიტომაც ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი გაზრდილია და ეს პრობლემა ჩვენი ხელისუფლების მისახედია.

NDI-ის კვლევას თუ ვენდობით, გამოკითხულთა 70%-სთვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისაღებია, თუმცა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. როგორც ჩანს, სწორედ ეს 29%-ია, რომლისთვისაც რუსეთის იქით გზა არ არსებობს. ამ კონტექსტში საინტერესოა კიდევ ერთი პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, გამოკითხულთა უმრავლესობა (41%) რატომღაც მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი ამერიკაზე (36%) ძლიერია.

რას ეფუძნება რუსეთის ასე ჰიპერბოლიზაცია და რატომ უჩნდება საქართველოს მოსახლეობას ევრაზიული კავშირის ნოსტალგია?!

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვის ზრდას თავისი მიზეზები აქვს. პირველი, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა, ფაქტობრივად, დასრულდა და არავითარი იმედი არ არსებობს ჩვენს გასაწევრიანებლად. ეს არაერთხელ იყო გაცხადებული ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ევროკავშირი გაფართოების პოლიტიკის შემდგომ განვითარებას არ აპირებდა. ასე რომ, ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო სიკეთე, რაც ჩვენ, კარგი გაგებით, გადმოგვიგდეს. მართალია, ასოცირებული წევრობაც კარგია, მაგრამ ასე თავის დროზე სირიაც იყო ასოცირებული წევრი. თურქეთი კი უკვე 50 წელია, ასოცირების სტატუსის მქონეა. ამდენად, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით შემდგომი მოტივაცია დინამიურ კონტექსტში არ ვითარდება.

„ცხადია, ამდენი ლოდინით დაიღალა ჩვენი მოსახლეობა. აქ კიდევ ერთი მომენტიცაა. სამწუხაროდ, ევროიტენგრაციის მთავარი რუპორები არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც თავის დროზე სისხლიანი რეჟიმი დააწესეს საქართველოში და მათ მიმართ ნდობის ელემენტი ძალზე დაბალია. ისინი ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებითაც ცუდ როლს ასრულებენ. კიდევ ერთი ფაქტორია, რომ დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას აქვს გაურკვეველი მესიჯები. ეს არის ირიბი პროპაგანდა, რომ ჩვენი ექსპორტი გაიზარდა რუსეთში, ამით ჩვენს მოსახლეობასაც უჩნდება იმედი, რომ ევრაზიული ბაზარი არ უნდა დავივიწყოთ. ამას ემატება ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების მოგვარების უპერსპექტივობის სრული განცდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და შეკითხვის საპასუხოდ, რამდენად საშიშია ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი, განმარტავს, რომ ეს ცივი ომია რუსეთსა და დასავლეთს შორის. „ამიტომ ან აქეთ ხარ, ან იქით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მანამდე კიდევ შეიძლებოდა მანევრირება და იმის თქმა, თქვენიანიც ვარ და იმათიანიც. დღეს კი ეს მომენტი არ არსებობს“.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილი სულაც არ არის საბჭოური ნოსტალგია. უბრალოდ, ეს არის სუფთა მოგების სურვილი, ფულის ინტერესი. ნოსტალგიაზე ახლა არავინ ლაპარაკობს, ყველა ფიქრობს ფულზე.

„მე მგონი, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილს უფრო ასაკოვანი თაობა გამოხატავს. ევრაზიული კავშირი მათთვის იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მათ არ იციან, რა წესებით თამაშობს რუსეთი. კარგი იქნება, ამ წესების შესახებ უფრო ინფორმირებული იყოს ჩვენი მოსახლეობა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ევრაზიული კავშირი მათთვის ღია იქნება, მათ ექნებათ სამუშაო, ჩრდილოეთში წავლენ საცხოვრებლად. ამ დროს რუსეთის ფიქრები ძალზე შეზღუდულია, რუსები არ ვითარდებიან. ქვეყანა, რომელსაც ამხელა რესურსი გააჩნია, მხოლოდ ნედლეულის ბაზის იმედადაა დარჩენილი. ეს რა ქვეყანაა?! ინტელექტი იქიდან უკვე დიდი ხანია წასულია, რუსეთიდან უზარმაზარი გადინება ხდება, მეცნიერები აღარ დარჩათ. კიდევ რისი იმედი აქვთ? იმის, რომ იარაღი აქვთ? ის იარაღიც უკვე დაძველებულია. ვინ ყიდულობს მათ ტექნიკას?“ -აცხადებს ნანა ნაზაროვა და ფიქრობს, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სიკეთე მარტო ვიზის გამარტივებით არ შემოიფარგლება. ამას უამრავი სიკეთე მოჰყვება. თორემ უშუალოდ ვიზებისგან სიკეთეს ნანა ნაზაროვა არც ელოდა. მისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ, ვისაც წასვლა უნდოდა, ის ისედაც წავიდოდა და დარჩებოდა ევროპაში, ხოლო, ვისაც წასვლა არ უნდოდა, ისედაც არ წავიდოდა.

„ევროპაში წავიდნენ ისინი, ვისაც წასვლა სურდა, თორემ მე არასდროს მიფიქრია სადმე წასვლასა და დარჩენაზე. იმდენად კარგად ვიცი, რა არის მიგრაცია, რომ წასვლაზე არც მიფიქრია. ასოცირების ხელშეკრულებაში უამრავი რამ არის ჩადებული, რაც ბოლოს და ბოლოს საქართველოს უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ევრაზიულ კავშირში შესვლა კი უკან გადადგმული ათი ნაბიჯი იქნება. ამის მიუხედავად, სულაც არ ვფიქრობ, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვის ზრდა საქართველოში საშიშია. უბრალოდ, სხვა მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა. მე ამას მეთოდოლოგიის პრობლემად მივიჩნევ და, ნაწილობრივ, იმითაც ვხსნი, რომ ქვეყანაში ინფლაცია და მძიმე სოციალური ფონია. რა არის ეს პენსია, რომელიც უკვე 50 დოლარია? როგორ უნდა იცხოვრონ პენსიონრებმა ამ პენსიით?“