ტერორისტული საფრთხე და საქართველო. აქამდე თითქოს რადიკალი ისლამისტები გვერდს უვლიდნენ ჩვენს ტერიტორიას, ამჯერად კი, როგორც ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, ტერორისტული რუკის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. რამდენად არის ეს საფრთხე რეალური გამოწვევა საქართველოსთვის სწორედ იმ მუსლიმანური დასახლებების გათვალისწინებით, რაც საქართველოში ასე უხვადაა?! რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან და რამდენად აუცილებელია ერთიან კავკასიაში ცხოვრება, რომელსაც ექნება ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ერთიანი პარლამენტი და ერთიანი აღმასრულებელი ხელისუფლება?! ამის შესახებ For.ge ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
რამდენად არის საქართველო მზად თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად?
- ინტერესთა შესაჯერებლად, სამწუხაროდ, არაფერი კეთდება, რადგან ის ტვინის ტრესტები, რომლებიც მართავენ პროცესებს და, რომლებსაც ჩვენ ზოგჯერ მასონებს ვეძახით, ვერანაირ რეცეპტებს ვერ გვაძლევენ. ქართულ მაგალითს დავაკვირდეთ, როდესაც დასავლეთის დასაყრდენ ანალიტიკოსთა ფენა ვერ ახდენს ვერც ერთი ორიგინალური პოლიტიკური იდეის პროდუცირებას. ისე აღმოვჩნდით სპონტანური შეხედულებების ტყვეობაში, რომ მაინცდამაინც იმას ჩავჭიდებთ ხელს, რასაც დასავლეთში განათლებამიღებული პირი იტყვის, ან კიდევ, პერიოდულად ჩვენს არაფორმალურ მმართველთან დაახლოებული რომელიმე პირი გამოდის წინა პლანზე და მის აზრს ვებღაუჭებით.
ამ ურთულეს რეგიონში - საქართველოში არც ტვინტრესტი არსებობს, არც ისეთი გაერთიანება, სადაც ადამიანები თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ. ელემენტარულად, დასავლეთს არ შეუძლია ყველა ლოკალური რეგიონული გეოპოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება. ამაზე მსჯელობაა საჭირო, რაზეც ვერც ქართული ოფიციოზი და ვერც ქართული პოლიტიკური კლასი ღირსეულ რეაგირებას ვერ ახდენს. ამიტომ უარყოფითი პროცესები კვლავაც განვითარდება. გლობალურ კონფლიქტებს არ ველი, მაგრამ ფეთქებადსაშიში ვითარება ჩვენს რეგიონში კვლავაც გაგრძელდება.
არავინ იცის, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შეიბოჭება რუსეთი ეკონომიკური სანქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურებებით, რამდენზეა წამსვლელი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ვინ დაალაგებს ვითარებას კავკასიაში, რომელიც თავისი რეალობით და თვისებრივი მდგომარეობით არის ახალი ბალკანეთი დანარჩენი მსოფლიოსთვის.
თქვენ ადრე ახსენეთ საქართველოს სირიიზაციისა და იემენიზაციის საფრთხე. ბოლოდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით, ალბათ, ეს საფრთხე მოხსნილი არ იქნება.
- აქცენტებმა, რომლებიც დღეს სირიასა და ისლამური სახელმწიფოს არეალში ძევს, შესაძლოა, კავკასიაშიც გადმოიწიოს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი დემოკრატია ისეთი ტემპით არ ვითარდება, როგორც საჭიროა, ხოლო სომხური და აზერბაიჯანული დემოკრატია ავტორიტარიზმის ელემენტების შემცველია. აქედან გამომდინარე, ავტორიტარიზმის პირობებში მასის ამბოხის დიდი ხიფათის ალბათობა არსებობს. შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქი 25 წელი ერთპიროვნულად მართავდა ეგვიპტეს. „ძმები მუსლიმანები“ მის დროს ან ციხეებში იყვნენ ჩაყრილნი, ან შერეკილნი მასის წიაღში. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს არაბული გაზაფხულის ფარგლებში იქაც დაიწყო გამოსვლები, ხელისუფლებაში „ძმები მუსლიმანები“ მოვიდნენ და დასავლეთიც იძულებული გახდა სულ სხვა სპეციფიკური დემოკრატიული რეჟიმი დაემყარებინა სამხედრო აქცენტებით. ასეთმა ტენდენციებმა შესაძლოა, ჩვენს რეგიონშიც გადმოიწიოს. ამისთვის საჭიროა კავკასიური ერთობა, კავკასიური პოლიტიკური კლასის შეთანხმებული მოქმედება, ურთიერთობის გარკვევა ჩვენივე ინიციატივითა და შუამავლობით. ურთიერთობის გარკვევა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სწორედ ქართველების შუამავლობით უნდა წარიმართოს, ხოლო ქართველებსა და აფხაზებს შორის - ბაქოსა და ერევნის შუამავლობით. უნდა მოვემზადოთ ჩვენივე სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ხაზგასმული დაცვის პირობებში ერთიან კავკასიაში ცხოვრებისთვის. კავკასიაში, რომელსაც ექნება ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ერთიანი პარლამენტი და ერთიანი აღმასრულებელი ხელისუფლება ისე, რომ არ შეილახება არც ერთი ერისა და ეთნიკური ჯგუფის ინტერესები. ამისთვის მზადებას მე მიმდინარე წელს ველი და, ალბათ, ამ წელს რომელიმე საზოგადოება ან ცენტრი დაიწყებს ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯთა გადადგმას.
ანუ ეს იქნება ერთიანი კავასიის იდეა, რაზეც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე პოემა „აჩრდილში“ საუბრობდა?
- დავაზუსტებ, რომ ეს იქნება ერთიანი მსოფლიოს იდეა, მაგრამ არა უსაზღვრებო და უეროვნებო მსოფლიოსი, არამედ ერთმანეთისგან გამიჯნული, მაგრამ ერთი ინტერესების, ერთი პრინციპების მქონე მსოფლიოსი, ადამიანის უფლებების პრიმატით, ეროვნულ ინტერესთა დაცულობით. სწორედ ამის ნაწილი უნდა გახდეს კავკასია და არა მოწყვეტილი გარეშე სინამდვილისგან. ერთიანი კავკასია უნდა განვიხილოთ ირანის, თურქეთის, ჩვენს სამეზობლოში არსებული პოლიტიკური რეალობის ფონზე და რუსეთის ინტერესების კონტექსტით. თავის დროზე, ერთიანი კავკასიური სახლის იდეა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა, არ შედგა, რადგან წინააღმდეგობაში მოვიდა მსოფლიოში არსებულ პროცესებთან. მართალია, რატომღაც სწორედ სამხრეთ კავკასიას გვირჩევენ ერთიანობისთვის, მაგრამ რეალურად სამხრეთ კავკასია არ არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის გარეშე. ჩრდილოეთ კავკასია კი რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია. სწორედ ამ საკითხებს სჭირდება გამოკვლევა და ამიტომაც ვახსენე ტვინის ტრესტები.
საქართველოს მოსახლეობის ჭრელი ეთნიკური შემადგენლობა პერიოდულად თავის ტკივილი ხდება ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგჯერ წინ წამოიწევს ერთა ე.წ. თვითგამორკვევის მომენტი, ზოგჯერ ავტონომიებს ითხოვენ უსაფუძვლოდ. ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი მსოფლიოშიც უცნობია, არათუ პატარა საქართველოში.
- როგორც ფრანგი განმანათლებლები ამბობენ, გენეტიკურად სტატიკური ერები არ არსებობენ. მე-16-17 საუკუნეებიდან, ცოტა უფრო ადრეც, იწყება აფსუების ჩამოწევა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს პროცესები პერმანენტულად მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, მონღოლების შემდეგ, თურქეთისა და სპარსეთის შემოსევის შედეგად კი რთული ვითარება შეიქმნა და არ რეგულირდებოდა ეს პროცესი, რადგან სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს არანაირი კოორდინაცია, ერთიანი მოქმედების გეგმა არ ჰქონდა. ეს სპონტანური პროცესი იყო და ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი მოძმე ხალხის, ჩრდილოკავკასიელების (ადიღეელებიდან დაწყებული, დაღესტნელი ეთნიკურ ჯგუფებით დამთავრებული) ჩამოსვლა. ზოგჯერ ლეკები საქართველოს სარბევად და საძარცვავად მოდიოდნენ, უფრო ადრე კი ისინი ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად იბრძოდნენ სულ სხვა მომთაბარე გადამთიელების წინააღმდეგ. რაც შეეხება ავტონომიის მოთხოვნას, ეს დამოუკიდებლობის მოთხოვნის დაბალი საფეხურია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სახელმწიფოების დრო წარსულად ითვლება, მაინც ეს ფაქტორი გადამწყვეტია და დროა, კაცობრიობა დაფიქრდეს იმაზე, თუ შენ გარკვეული მოძრაობის პროცესში სასიცოცხლო სივრცე დაიმკვიდრე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გაითვალისწინო კიდეც სატიტულო ერის უფლებებიც. ეს სულ ახლახანს ცხადყო კატალონიის მაგალითმა, ასევე, შოტლანდიელების მაგალითმა. თანაც, გავითვალისწინოთ, რომ ეს სოციალურად უზრუნველყოფილი და დაპურებული ქვეყნების მოსახლეობაა, რომლისთვისაც ეროვნული ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისეთ ქვეყნებში კი, როგორიც ჩვენია, გაეროს შესაბამისმა სტრუქტურებმა ცალსახად უნდა თქვან, რომ არა მარტო უმცირესობას აქვს გამოყოფის უფლება სრულ დამოუკიდებლობამდე, არამედ სატიტულო ერსაც აქვს უფლება, თავად განაგებდეს თავის მიწა-წყალს. რატომღაც ეს ამ ბოლო პერიოდში გამოირიცხება, რასაც ზოგჯერ კატაკლიზმამდე, ზოგჯერ გლობალური ხასიათის შემცველ პრობლემამდე მივყავართ.
საქართველოს ტერიტორიაზე ავტონომიის მოთხოვნის უფლება არავის არ აქვს, გარდა ეთნიკური აფხაზებისა. ისიც კიდევ გასარკვევია, აფშილებისა და აბაზგებიდან მოყოლებული აფსუებამდე რა გზა გაიარა ამ ეთნოსმა და რამდენად იყო იგი ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული იდენტობის ორგანული ნაწილი. ამიტომ ავტონომიებით ნურავინ სპეკულირებს, თორემ კიდევ უფრო დიდი თავსატეხი გაუჩნდება მსოფლიოს, არა მარტო დასავლეთს, არამედ აღმოსავლეთსაც, მოხდება ყველაფრის იემენიზაცია და სირიიზაცია.
ძალიან შორს ნუ წავალთ, საერთოდ, წარსული ჩვენ დასაყრდენად გვინდა და არა ხალხებს შორის ახალი უთანხმოებების დასაფიქსირებლად, რასაც მილიონობით ადამიანის ბედის გამრუდება მოჰყვება. ეს ყველაფერი უკავშირდება გლობალურ დაპირისპირებას, დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს დადგომას, სოციალური ფონის გაუარესებას, მსოფლიოში მიმოსვლის გაიოლებას. ასეთ ვითარებაში გაუჭირდა მთელ საქართველოს და, მათ შორის, გაუჭირდა პანკისის ხეობასაც. ამას დაერთო ჩეჩენი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რუსეთთან კონფლიქტი, შემდეგ იმავე კონფლიქტით ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როგორშიც დღეს არის კადიროვის ხელისუფლება ჩეჩნეთში.
მეორე მხრივ, ჩრდილო კავკასიელებშიც შეაღწია ისლამის გლობალური რადიკალიზაციის ტენდენციამ. ეს ტენდენცია იგრძნობა პანკისის ხეობაშიც, გარკვეული თვალსაზრისით, ეს ტენდენცია არის აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორისაც, თავად აზერბაიჯანშიც, თურქეთშიც. თუმცა თურქეთის სახელმწიფო ძლიერია და ჯერჯერობით ახერხებს, გაუმკლავდეს ისლამის რადიკალიზაციიდან მომდინარე პრობლემებს. ჩვენი ქისტები ქართული ეთნოსისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაწილნი არიან და, ამავე დროს, ისინი წარმოადგენენ ჩეჩნურ-ინგუშური სააზროვნო სივრცისა და თავისუფლებისთვის მოძრაობის ნაწილს. ეს ურთიერთობები, გარკვეულწილად, გააუარესა ჩეჩნების მონაწილეობამ აფხაზეთში ჩვენს ეთნოკონფლიქტში. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ინგუშები არ მონაწილეობდნენ ამ ეთნოკონფლიქტში, მაგრამ ჩეჩნების მონაწილეობამ გარკვეული დაღი დაასვა ამ ურთიერთობებს.
ქართველებმა, როგორც ეს სიძველითა და სულიერებით გამორჩეულ დიდ ხალხს სჩვევია, ეს ფაქტი შევუნდეთ ჩეჩნებს, რომელთაც ეგონათ, თითქოს ჩვენ მცირერიხოვან აფხაზ ხალხს ვჩაგრავდით. ეს მათი მცდარი წარმოდგენა იყო, მაგრამ მათ ასე სწამდათ. ჩვენ ერთმანეთს მივუტევეთ და, როდესაც რუსულ შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტის შემდეგ საქართველოში ჩეჩნები დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ, ჩვენი სახელმწიფოს იმდროინდელი მეთაური-შევარდნაძე ჩავიდა ჩეჩნეთში და ჩეჩენი დევნილების ყოფნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიესალმა. ის მიესალმა, რადგან თავად ქართული საზოგადოება მიესალმა ჩეჩნების ყოფნას საქართველოში და არა კონკრეტულად- შევარდნაძე.
ხოლო უფრო ადრე ჩეჩნებმა შეიფარეს ჩვენი პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია.
- დიახ, მანამდე ჩეჩნებმა ჩვენი დევნილი პრეზიდენტი მიიღეს გროზნოში და ღირსეულად უმასპინძლეს. ჩვენ მოვდივართ ქართული სააზროვნო სივრციდან, ჩვენ არ შეგვიძლია შეცდომის დაშვება, რადგან ის ხალხი ვართ, რომელსაც სწამს, „დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“...
სხვათა შორის, როცა დევნილმა ქართველებმა მადლობა გადაუხადეს ჯოხარ დუდაევს ზვიად გამსახურდიას შეფარების გამო, დუდაევმა ასეთი რამ თქვა, მადლობას მე რატომ მიხდით, როცა „სტუმარ-მასპინძელი“ თქვენი დაწერილიაო.
- რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველა ქართველების სულისთქმაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგიაც ამას ეფუძნება და არა პოპულისტურ ნაციონალიზმს. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ქისტებს, კონფლიქტის დროს კი არ უნდა ადიოდნენ ხეობაში ტელეჯგუფები, ეძებდნენ იქ სენსაციას და მწვავე თემებს. არ არის ჩვენი ქვეყანა ისე დიდი, რომ რომელიმე ერთი სოფლის თუ პატარა დაბის მდგომარეობა ჩვენგან შორს იყოს. წარსულ 25 საუკუნეში უარეს დღეშიც ყოფილა საქართველო, მაგრამ გაუძლია და ამასაც გავუძლებთ. თავის მხრივ, პანკისელებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათი თანამოქალაქეების, მათი ეთნიკური მოძმეების ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა და, აქედან გამომდინარე, ქართული სახელმწიფო ვალდებულია, თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ისე მოიქცეს, როგორც ამას ცივილიზებული სამყაროს ნორმები მოითხოვს.
საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ყოველგვარი მცდელობაც უნდა აღიკვეთოს და ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რომ გლობალურ კატაკლიზმებში არ ჩავერთოთ. თურქეთისთვისაც კი საფრთხეა „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური გამოწვევა დაიშის სახით, მით უმეტეს, ძალიან საფრთხილოა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომელიც სულ რაღაც 4-მილიონიანია და ორი სეპარატისტული რეგიონი აქვს. დიახ, ჩვენი სიმშვიდის დასაცავად ძალზე მკაცრი რეაგირება მოგვიხდება გარკვეულ ფაქტებზე, მოგვიხდება კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარება, მოქალაქეთა დაკავება გამოკითხვისა და სიმართლის დადგენის მიზნით. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მაქსიმალური საჯაროობის პირობებში, რათა თუნდაც ერთი მოქალაქე, ქართველი ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, უსაფუძვლოდ არ დაიჩაგროს. ეს ჩვენი ვალდებულებაა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ მსოფლიო იცვლება, თუმცა გამუდმებით უცვლელი რჩება პუტინის მენტალობა და საბჭოური ნოსტალგია. გრიგორი კარასინი გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელს მოსკოვი მზადაა თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატურ რეაქციას ელოდება. ამ მხრივ ელით გამონათებებს?
- ამ პრობლემის დაძვრას რთულად ვუყურებ, თუმცა არასდროს ვყოფილვარ მომხრე, აქცენტი გავაკეთოთ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე და როგორმე ვეცადოთ, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში წინა პოზიციებზე მოვხვდეთ. როგორ მოვხვდებით წინა პოზიციებზე, როცა არსებობს სირია, ავღანეთი, იემენი, უამრავი სხვა თემა და პრობლემა? როგორ გვინდა, ამ თემებს გადავასწროთ? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და კატაკლიზმებს ვერ გავაჩაღებთ, რათა ყურადღება მივიპყროთ და გლობალურ კონფლიქტად გადაქცევის რეალურ საფრთხედ აღვიქმებოდეთ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა თქვა, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინასა და საქართველოში. კარგია, ამხელა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამას რომ ამბობს, ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის ჩვენი პრობლემის შესახებ, მაგრამ იმის ლოდინი, რომ ეს საკითხები დაისვას დღის წესრიგში, არალოგიკურია. დარწმუნებული ვარ, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი ამას არ ეყოფა, ამასობაში ჩვენი ოკუპირებული რაიონები მენტალურად შორდებიან ერთიან საქართველოს.
დემეტრე თავდადებული რომ ჩავიდა მოვაკანში, საილხანოში, სადაც თავი მოაჭრეს, განა არ იცოდა, რისთვის მიდიოდა? მაგრამ იმპერიასაც უნდა ელაპარაკო და შენი დაქცევით დაინტერესებულ ძალასაც, იქნებ, რაღაც შეხების წერტილები აღმოჩნდეს. იმის შიშით, ვაითუ რუსეთმა საქართველოზე ზეგავლენა არ მოახდინოს, აქ არ დაიწყოს დასაყრდენის ძიება, დაფინანსება, ორმაგი თამაშები, ამის გამო თუ ქვიშა წაიყარე თავზე და სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგე, არაფერი გამოვა. დიახ, კარასინთან უნდა დაჯდე და ელაპარაკო. შესანიშნავი დიპლომატი და გონიერი კაცი ზურაბ აბაშიძე დადის მასთან შეხვედრებზე, რომელიც საქართველოს არც ერთ სხვა მოქალაქეზე ნაკლები პატრიოტი არ არის, აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და შთამომავლობის წინაშე. ასევე, ჟენევის ფორმატის უფრო ეფექტურად გამოყენება უნდა მოხდეს. უნდა ჩავიდნენ მოსკოვში სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები, მეცნიერები.
რუსებთან საუბარი ძნელი იქნება, რადგან ახლომხედველური ცნობიერების ელიტაა დღეს რუსეთში, განსხვავებით, რუსი ხალხისგან, რომელზეც ვინც რა უნდა იძახოს, მაინც არსებობს საზოგადოების პროგრესული ნაწილი და არსებობს კონსერვატიული, რეგრესული და რეაქციონერი ფრთა რუს საზოგადოებაში. უნდა ველაპარაკოთ რუსებს, ჩვენ კარგად ვიცით რუსული მენტალიტეტი, ჩვენ რუსეთი გვიმართავს, რუსეთში მდგომარეობა შეგვიქმნია. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის იმპერიის წიაღში ფენიქსებრ აღგვიდგენია საქართველო, როცა იგი ფაქტობრივად აღარ არსებობდა და ქართლ-კახეთის სამეფოდ შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. 400 ათასი კაცი იყო მაშინ დასახლებული რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მესხეთ-ჯავახეთის ჩათვლით. ჩვენ კარგად ვიცით რუსეთის იმპერიაში თვითდამკვიდრების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს გეოსტრატეგიული მიმართულების, ევროატლანტიკური კურსის შეცვლას, მაგრამ, თუ რუსეთი მოდის ურთიერთობაზე, დაველაპარაკოთ. ისეთ ადამიანებს მივანდოთ საუბარი, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს არ გაყიდიან არც ფულზე, არც აწი საშოვნზე და უკვე ნაშოვნზე, მათგან ანგარიში ჩავიბაროთ. თუმცა ვინ გააკეთებს ამას, როდესაც ვიწრო პარტიკულარული ინტერესებითაა სავსე ჩვენი პოლიტიკური კლასი. ეს კლასი არ იკარებს სიმართლის მოყვარულ, პრინციპულ ადამიანებს. ხელისუფლებამ მეხოტბე ანალიტიკოსების ფენა ჩამოაყალიბა და ვართ ასეთ გაუგებრობაში. მედიამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და უთვალთვალოს ამ პროცესს, ხოლო ქართული საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს ყველა, ვინც დაელაპარაკება რუსეთს. წლების განმავლობაში აქეთკენ მოგვიწოდებდნენ სტრატეგიული პარტინორები შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. უბრალოდ, „ნაციონალების“ ელიტას არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან ისინი შესანიშნავად ახერხებდნენ დასავლური და რუსული ინტერესების მომსახურებას. ამ ყველაფერს კი საქართველოს ინტერესები ეწირებოდა.