„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - მმართველი პოლიტიკური გუნდი საქართველოს პარლამენტში 115 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ამის მიუხედავად „ქართული ოცნება“ არ არის კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაცია. ის არის სხვადასხვა ინტერესთა თუ გავლენათა ჯგუფების გამაერთიანებელი პოლიტიკური სტრუქტურა, რაც ნათლად გამოჩნდა ფრაქციების დაყოფის თვალსაზრისითაც, როდესაც უმრავლესობის შიგნით შეიქმნა დამატებითი ფრაქციები: „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“.
უმრავლესობის შიგნით ორი ფრაქციის შექმნას მმართველი გუნდი დემოკრატიულ პროცესად აფასებს და კატეგორიულად გამორიცხავს გუნდის შიგნით დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობას. პარლამეტის კულუარებში არსებული ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი“ შესაძლოა, მმართველ გუნდში დაპირისპირების საგანი გახდეს. როგორც ცნობილია პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო.
საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო მეტად შეფერხდება დემოკრატიის განვითარების საკითხი. უმცირესობასთან ერთად, კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცებას მხარს არ უჭერს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ გუნდის შიგნით ეს ჯანსაღ პროცესად აღვიქვათ. მისი თქმით, „როდესაც ადამაინები საკუთარ პოზიციას საკუთრი ხედვის საფუძველზე აყალიბებენ, სწორედ აქიდან იბადება ჯანსაღი პოზიცია გუნდში“.
არსებული ინფორმაციით, სწორდ ამ ნაწილში ანოსდება „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ოპოზიციური ფრთის შექმნა. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე თვლის, რომ ესეც ლოგიკური პროცესია, რადგან ბიზნესთემების ლობისტებს გააჩნიათ სხვა ინტერესები, ხოლო მაჟორიტარებს, სოციალისტებს, ლიბერალურ ფრთას, ყველას თავისი ინტერესი აქვს.
„ჩვენ ვხედვათ, რომ კონსტიტუციის და სხვა პროცესებიც მიღებაც ხდება კონსოლიდირებული კონსენსუსის საფუძველზე. ანუ, „ოცნება“ შიგნით ახდენს მოლაპარაკებას და ეძებს კომპრომისებს. „ოცნებას“ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას უწევს თავად „ოცნება“. იგივე მაჟორიტარული წესის გაუქმება და 2020 წლისთვის გადატანა, მიწის გასხვისების საკითხი, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ა.შ და ა.შ.
ყველა ეს საკითხი მიიღება თუ არა, მხოლოდ „ოცნებაში“ გაჩაღებული მწვავე შიდა დისკუსიების შედეგად. დანარჩენი ოპოზიცია თამაშობს აქსესუარის, პოლიტიკური დეკორაციის ფუქნქციას. აქედან გამომდინარე შეიძლება დავსვათ პროგნოზი - „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, ისევ „ოცნების“ წიაღში შეიქმნება. ამ რღვევის დასაწყისს და „ოცნების“ წიაღში სხვა ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების პროცესს თვალყური უნდა ვადევნოთ. რღვევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება, რაც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია ვინ არის მაუწყებლობის შესახებ კანონის ამ გზით მიღების მომხრე. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება მას აიღებს როგორ პოლიტიკურ თემას, რომელიც ფიქრობს თავის მომავალზე, დიდად საინტერესო არ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განებივრება საბიუჯეტო, ან სხვა პრივილეგიებით. ხელისუფლების გარდა, საინფორმაციო სივრცეზე მოქმედებს უამრავი კერძო ტელევიზია გარდა საზოგადოებრივი მაუწყებილისა, რომელიც ვერ შექმნის მომგებიან, ან წამგებიან კლიმატს.
„რაც მთავარია, ცუდ პიარს უკეთებს ეს კანონი თვითონ ხელისუფლებას. შეიძლება ხელისუფლებას მოუნდეს „რუსთავი 2“-ის კონტროლი, როგორც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას ჰქონდა თავისი ლოგიკა - „რუსთავი 2“-ს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და შესაბამისად, „რუსთავი 2“-ის კონტროლი გულისხმობდა ადამიანების იმ რაოდენობის კონტროლს, ვინც მას უყურებდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ის რეიტინგი და ამდენად მის კონტროლს აზრი არ აქვს.
ამიტომ, რაში ჭირდება ეს კონტროლი ხელისუფლებას, ეს სრულიად გაუგებარია. თუ ჰგონიათ, რომ ამით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხი გაუმჯობესდება, ცდებიან. გადაავლონ ისტორიას თვალი, ყოველთვის პრივილეგილებულ მდგომარეობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი და თუ არ უარესდებოდა მისი პროდუქცია, თორემ არ უკეთესდებოდა. ე.ი. ძაღლის თავი სადღაც სხვაგან არის დამარხული.
მიმაჩნია, რომ კაკულიასა და მისი გუნდის პოზიცია ამ მხრივაც არის საინტერესო, თუ მათ ივაჟკაცეს და სწორი პოზიცია დაიკავეს ბოლომდე, პოზიციის იმ გზით დაკავება, რომ კანონის ასე გატანა წამგებიანია უპირველესად პოლიტიკური ძალისათვის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ ვერ ხედავს ამას თვითონ პოლიტიკური ძალა, არ ვიცი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, ძნელი სათქმელია ეს თემა აღმოჩნდება თუ არა წყალგამყოფი, რადგან „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, რომელიც ჩართული არ არის პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ როგორც „ქართული ოცნების“ სიმბოლო, კანონის ამ სახით მიღება მიეწერება ივანიშვილს.
„პარლამენტს შიგნით ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის ლოგიკური აუცილებლობა არის. თუ დირიჟორი ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ერთი დირიჟორის ჯოხზე აწყობილი ამხელა პარტია იშვიათად შეიძლება იყოს გამართლებული. თუ გადაწყვეტილების მიმღები შეცდომას უშვებს, იქ აუცილებლად გაჩნდება ოპოზიცია, ოღონ იქნება ეს გუნდი, თუ სხვა გუნდი, ამის თქმა ძნელია.
საიდან ჩნდება ეს შეცდომები და საერთოდ, ცნობილია ვინ იღებს ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას? - აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. თუ შიდა პოლიტიკური გავლენით არის შექმნილი ეს გადაწყვეტილება, მაშინ, ვინ იყო ამ გავლენის მატარებელი, რომელი ფიგურა, ეს არის გაუგებარი. თუ აღმოჩნდება, რომ ივანიშვილის გავლენით არის მიღებული, ალბათ, მოვლენები სხვანაირად განვითარდება, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ივანიშვილის მითოლოგიურ სიმაღლეზე არ ადის გადაწყვეტილება, ქვემოთ მწიფდება, მაშინ დაპირისპირების შანსი მეტი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონი დეტონატორია იმ პროცესებისა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ხდება და რომელზეც ძალიან ბევრი საუბრობს. მისი თქმით, ორი ფაქტორი მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ „ქართული ოცნება“ დასტრუქტურირდეს და ახალი პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფები გამოიკვეთოს.
„ეს ჯგუფები არსებობენ, მაგრამ ამას, უკვე, მიეცემა გარკვეული ოფიციალური სახე. რაც შეეხება ორ ფაქტორს: პირველი - „ქართული ოცნება“ არის ძალიან ეკლექტური, ეს არ არის ერთიანი გუნდი, სრულიად ხელოვნურად შეკოწიწებული გუნდია. ამ ადამიანებს არც ინტერესები აერთიანებთ, არც საერთო წარსული და არც მსოფლმხედველობა. ამიტომ ბუნებრივია, რომ იქ გაჩნდეს სხვადასხვა ჯგუფები.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეს გახლავთ 2020 წელი თავისი 3%-იანი ბარიერით. ანუ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისი ძალიან დაბალი ბარიერით. ამასთანავე ისიცაა, რომ პოლიტიკური ველი ცარიელია. დღეს ოპოზიციურ პარტიებს იმდენად დაბალი აქვთ ნდობის რეიტინგი, რომ სრულიად გასაგებია ხელისუფლების შიგნით გაუჩნდეთ ადამიანებს იმის ამბიცია, რომ თავად გააკეთონ ახალი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მათი აზრით, მარტივად შეძლებენ 3%-იანი ბარიერის დაძლევას, როდესაც გარეთ კონკურენცია არის ძალიან დაბალი. ეს ფაქტორები მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით გაჩნდეს ახალი პოლიტკური ძალები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
გარდა ამისა, როგორც ლაგაზიძე ამბობს, 2020 წელი ერთგვარი ტექსტია იმისა, რამდენად შეეგუება დასავლეთი საქართველოში ამ ხელისუფლების მესამე ვადით დარჩენას, რაც პირველი პრეცედენტი იქნება.
„თავისთავად, „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილების მიმღები პირი ამაზე ფიქრობს და როგორც სამომავლო ვარიანტი, განიხილავს იმას, რომ „ოცნების“ ბაზაზე შეიქმნას სხვადსხვა პოლიტიკური ჯგუფები, პარტია თუ მოძრაობა, რომელიც 2020 წელს ვითომდა დამოუკიდებლად შევა პარლამენტში და შემდეგ ამ დამოუკიდებელი ჯგუფების, თუ პარტიების კოალიცია შექმნის მთავრობას. როცა საუბარია „ოცნების“ შიგნით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, შეიძლება ეს ვერსიაც მუშავდებოდეს.
ამ შემთხვევაში, უშუალოდ „ქართული ოცნების“ შიგნით დეპუტატების და გადაწყვეტილების მიმღები პირების სურვილები და ხედვები შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს - მოდი, შევქნათ პარტიები იმისათვის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ცალ-ცალკე შევიდეთ პარლამეტში და მერე შიგნით ისევ გავერთიანდეთ, სხვა სახელით, მაგრამ ერთი და იგივე მიზნებით. ასე რომ, ბევრი ფაქტორი მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ ეს ცენტრიდანული ტენდენციები დაიწყოს „ქართული ოცნებაში“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
რამდენად გამოდგება მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდეს ოპოზიციური ფრთა, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე, შესაძლოა, ასეთ გეგმას განიხილავდნენ „ქართული ოცნების“ ფორმალური თუ არაფორმალური მმართველები.
„არა მგონია, რომ ამ ეტაპზე ასეთი ნაბიჯი გადადგან. რაც უფრო დაკარგავს „ქართული ოცნება“ რეიტინგს მოსახლეობაში, მით უფრო რეალური ხდება შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით გაჩნდეს ოპოზიციური ფრთა. საქართველოში არ არის ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მოსახლეობის მიერ იქნება მხარდაჭერილი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ განმეორდეს 2001-2003 წლის მოვლენები, როდესაც „მოქალაქეთა კავშირმა“ წარმოშვა „ნაციონალური მოძრაობა“ და, ახლაც ანალოგიური პროცესი განვითარდეს „ქართულ ოცნებაში“.
ვნახოთ, ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ამის რეალური სიმპტომები ჩანდეს. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის ვეტოს და ვინ არა. მიუხედავად ასეთი აზრთა სხვადასხვაობისა და თუნდაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მაინც ერთიანი მივა „ოცნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.