„კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს“

„კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს“

ოფიციალური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში პრეზიდენტის პოსტზე კულუარულად კვლავაც გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები განიხილება. ამდენად, გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში პრეზიდენტს ექვსი წლით ერთჯერადად ავირჩევთ. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს კანდიდატურები საინტერესოა, რადგან პრეზიდენტის პოსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამჟამინდელი კონსტიტუციით, მართალია, პრეზიდენტს არ აქვს ძალაუფლება, მაგრამ მისი მთავარი ძალაუფლება მაინც არის მისი რანგი, მისი არჩევითობა, ლეგიტიმაციის ხალხისგან მინიჭება და ეფექტური კომუნიკაციების შექმნა. სერგეენკოც და კვირიკაშვილიც საინტერესო ლიდერები არიან იმ მხრივ, რომ მათ შეუძლიათ, ისე ისაუბრონ, საზოგადოებაში ვითარება არ გაამწვავონ და კრიტიკული პოზიციების ჩამოყალიბებას ხელი შეუშალონ. მართალია, სერგეენკო ბევრად უფრო თავშეკავებულია და საუბრის აქტიური კომუნიკაციით არ გამოირჩევა, მაგრამ დაბალანსებული და საინტერესო პიროვნებაა.

რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ამ მხრივ უფრო გამოხატულია, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა კვირიკაშვილის რიტორიკას საზოგადოებრივ განწყობაზე მმართველი ძალის სასარგებლოდ უმოქმედია. მის მშვიდ ტონალობას გამწვავებული მუხტი ჩაუქრია.

„გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი იმაშია, რომ ის კარგი მოსაუბრეა, კარგ თამადას ტყუილად არ ვეძახით. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში შეიძლება, კიდევ უფრო გამძაფრდეს კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ (და „ენ-დი-აი“-ს კვლევებითაც, 69%-სთვის მმართველი ძალა არ არის სასურველი პარტია), კვირიკაშვილი ბევრად უფრო ეფექტურად მოჩანს. თუ ასე პირდაპირ შევხედავთ, ქარიზმა არც კვირიკაშვილს აქვს და არც სერგეენკოს, თუმცა კვირიკაშვილს აქვს შთამაგონებელი რიტორიკის უნარი, რაც ბოლომდე არ გაუხარჯავს. საერთო ჯამში, ყველაზე მთავარი უნარი, რაც კვირიკაშვილს გააჩნია, ის არის, რომ იგი ახერხებს, მის მიმართ ნეგატიური თვალსაზისი ნაკლებად შეიქმნას და უფრო მორიდებული დამოკიდებულება იყოს. ცხადია, პარლამენტში მომხდარ უხერხულობას არ ვგულისხმობ. ამიტომ კვირიკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ალბათ, ექნება იმის შესაძლებლობა, გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად შთამაგონებელი გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურასაც შეეხო.

მას თალაკვაძის კანდიდატურა მაინცდამაინც ეფექტურად არ მიაჩნია. ფიქრობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თალაკვაძე არახილვადია, რაღაც ნაწილისთვის იგი მისაღებია, მაგრამ არ არსებობს მხარე, რომლისთვისაც იგი განსაკუთრებული პოზიტიური ნიშნით ხასიათდება. მთლიანობაში, თალაკვაძე ნაკლებად აღქმადია.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ გამზარდიას აზრით, ეს საკმაოდ სპეციფიკური ვარიანტია. ღარიბაშვილის გაპრეზიდენტებამ შესაძლოა, საზოგადოებრივი მუხტი გაამძაფროს. ერთი მხრივ, აქ იგულისხმება პოზიტიური მუხტი უშუალოდ ღარიბაშვილის ელექტორატში, მაგრამ მას, ასევე, ჰყავს აქტიური მოწინააღმდეგეებიც. კვირიკაშვილს კი არც ერთი ჰყავს და არც მეორე, უფრო ზოგადი პოზიტიური პათოსი არსებობს კვირიკაშვილის მიმართ. ღარიბაშვილი უფრო რადიკალური ლიდერია, მის მიმართ ან მკვეთრად გამოხატული დადებითი პოზიციები არსებობს, ან მკვეთრად გამოხატული ნეგატიური პოზიციები, რაც შეიძლება რისკფაქტორად გამოჩნდეს მომავალში.

არჩილ გამზარდია არ მალავს, რომ მმართველი გუნდის სხვა კანდიდატებს შორის პირადად იგი ფსონს კახა კახიშვილზე დადებდა, რომელსაც აქვს დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, პატივისცემა ოპოზიციონრებში და ეს დადებითი მახასიათებელი, მისი აზრით, არ გააჩნია არც სერგეენკოს და არც კვირიკაშვილს.

„კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვს კახა კახიშვილს. ის არის ადეკვატური, ფრთხილი, მოზომილი. აქვს ის ქარიზმა, რომ მასში ხედავენ გულწრფელ, პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებულ პირს, რომელმაც მოახერხა ყველაზე რთული უწყების გაადამიანურება. მმართველი ძალისთვის დღეს ერთადერთი სავიზიტო ბარათია პენიტენციალური სისტემა, რომელზეც შეუძლიათ თქვან, რა იყო წარსულში და დღეს რა გვაქვს. კახიშვილს აქვს უნარი, ნეიტრალური, ინდეფერენტული, კრიტიკული ამომრჩევლის ხმებიც მიიღოს. ჩემი აზრით, კახიშვილი ყველაზე კარგად გაუწევს მეტოქეობას სხვა კანდიდატებსაც.

ჩვენ არ ვიცით, ალეკო ელისაშვილი იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ელისაშვილსაც აქვს გარკვეული გეგმები. ჩვენ ვნახეთ მისი რესურსი თბილისის მერობის კანდიდატების პაექრობის დროს და შეიძლება, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი მუხტი ელისაშვილის სასარგებლოდაც გადატყდეს. მასთან შებრძოლება თვით კახა კალაძესაც გაუჭირდა, რომელიც მერი რომ არ გამხდარიყო, პრეზიდენტობის ყველაზე კონკურენტუნარიანი სუბიექტი იქნებოდა. საქმე ის არ არის, ვინ გახდება პრეზიდენტი, არამედ რომ გახდება, მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა როგორი იქნება. მე რომ ვიყო „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, კახიშვილის კანდიდატურას წამოვაყენებდი“.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილს წყალი აქვს შეყენებული და მის პერსპექტივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არავინ განიხილავს. თავის დროზე კვირიკაშვილი უალტერნატივოდ ითვლებოდა, ის ლიდერი იყო. ახლა კი, როცა ეს ლიდერი თავის თავს აყენებს საპრეზიდენტო კამპანიაში და ამ დროს მის გვერდით მისივე თანაგუნდელის სახელი ფიგურირებს, ეს უკვე მის აშკარა დასუსტებას მიანიშნებს. სწორედ ამის საფუძველია, რომ მარტში ან აპრილში კვირიკაშვილის წასვლას პროგნოზირებენ. მან თავისი რესურსი სრულად ამოწურა.

„ბოლო ინციდენტებიც ამას მიანიშნებს. იყო რამდენიმე არარელევანტური მომენტი, კერძოდ, როცა გიორგი კვირიკაშვილმა არ იკადრა პანკისში ჩასვლა და არ შეხვდა მოსახლეობას, ამას დაემატა მისი სიტყვიერი დაპირისპირება ვინმე მელიასთან, რომელიც პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს, ცარიელი ადგილია და ამ დროს მან გაუყადრა თავი და ცარიელ ადგილთან იპაექრა. კვირიკაშვილი ტექნოკრატი გახლდათ და ასრულებდა ტექნოკრატიულ დავალებებს მთავრობაში. ის კარგი კანდიდატურა იყო გარდამავალ პერიოდში. თუმცა თანდათანობით ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. საინტერესოა, რომ მმართველ პარტიას, რომელსაც გააჩნია კონსტიტუციური უმრავლესობა და აქვს ამბიცია, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი მმართველი პარტია, ჰყავს ორი კი არა, არამედ სამი საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ პარტიაში კრიზისია. აქ უკვე კლანური სისტემები, ანუ ფრაქციული დაყოფა შემდგარი ფაქტია.

არა მარტო სერგეენკოსა და კვირიკაშვილზეა საუბარი, არამედ მესამე კანდიდატზეც - არჩილ თალაკვაძეზეც. ამას ემატება ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ასოცირდება მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ღარიბაშვილი როგორ მივიდა, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი და რამდენი ოვაცია დაიმსახურა ყრილობაზე. ანუ ღარიბაშვილი არსად წასულა, ის არის ამ პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი, დამფუძნებელი, მას გააჩნია რეიტინგი ამ პარტიაში. შეიძლება, დროებით დამარცხდა კვირიკაშვილთან, მაგრამ კვირიკაშვილის დასუსტების ფონზე ღარიბაშვილის ფაქტორი საკმაოდ გაძლიერდა. თანაც, ღარიბაშვილს უფრო გააჩნია ქარიზმატული იმიჯი, ვიდრე სერგეენკოს, კვირიკაშვილსა და თალაკვაძეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მისივე პროგნოზით, პრაიმერის გარეშე მმართველი პარტია უკვე ფონს ვერ გავა, ხოლო პრაიმერში შეიძლება სწორედ ღარიბაშვილმა გაიმარჯვოს პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, ზოგადად, პრეზიდენტის პოსტი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, რადგან ეს ნომინალურ თანამდებობას წარმოადგენს. ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ამ თანამდებობას აფუჭებს თავისი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებითა და პოლიტიკური იმპოტენციით. ამდენად, მნიშვნელოვანია, მომავალში პრეზიდენტის თანამდებობაზე ვინ მოვა. თუ გამოჩნდება დიდი ქარიზმატული ლიდერი, მას შეუძლია, ეს პოსტი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და პრეზიდენტის ინსტიტუტი გახადოს უფრო ძლევამოსილი, ვიდრე მარგველაშვილის მმართველობაა.