ამერიკაში მხოლოდ ინტელექტუალებს მიიღებენ

ამერიკაში მხოლოდ ინტელექტუალებს მიიღებენ

„როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვიღებთ ხალხს, კანადის მსგავსად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა შევაფასოთ, რამდენად დაიცავენ კანონს და ხომ არ წარმოადგენენ ჩვენთვის საფრთხეს, აქვთ თუ არა განათლების საკმარისი დონე და უნარები, რაც ამერიკაში წარმატების მისაღწევად აუცილებელია“, - აცხადებს ტელეარხ Fox News-ის ეთერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯეფ სეშნსი.

ტრამპის მიერ გამოვლენილი არაგულთბილი დამოკიდებულების შემდეგ ამერიკაში არაამერიკელთა მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად იცვლება. ამიერიდან ოკეანის გაღმა სტუმრობა მხოლოდ განათლებულებს შეეძლებათ. თუკი ამერიკელები საკუთარ ქვეყანაში შესასვლელად მიგრანტებისთვის მკაცრ კრიტერიუმებს დააწესებენ და მხოლოდ ინტელექტუალებს მიიღებენ, მაშინ გამორიცხული არ არის, მიგრანტებს უნარების ტესტის ჩაბარება მოსთხოვონ, ხოლო საქართველო არაინტელექტუალურებისა და უდიპლომოების ამარად დატოვონ.

ყოველ შემთხვევაში, ჯეფ სეშნსი უკვე მერამდენედ უსვამს ხაზს მიგრანტების განათლების დონეს და კითხულობს, რა არის კარგი იმაში, თუ „ამერიკაში შემოვუშვებთ ვინმეს, ვინც გაუნათლებელია, არ ფლობს უნარებს, ჩვენს ქვეყანაში სირთულეების წინაშე დადგება და წარმატებას ვერ მიაღწევს“.

ასე რომ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლოგიკურად ასკვნის, რომ ამერიკის საიმიგრაციო სისტემა იმგვარად უნდა იყოს რეფორმირებული, რომ მათ ქვეყანაში გადაბარგება მხოლოდ მათ შეძლონ, ვინც ამერიკისთვის სასარგებლო უნარებს ფლობს. სავიზო ლატარეის სისტემა კი ამ კონტექსტში არაკეთილგონიერად და აბსურდული პოლიტიკის ნაწილად განიხილება.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკაში ჩასვლა ისედაც გამკაცრებული იყო. ძირითადად იქ უვიზოდ არავინ მიდიოდა და ვიზის მიღების მსურველი გადიოდა გასაუბრებას. ამ გასაუბრების დროს ამერიკელები ხვდებოდნენ, მათ წინაშე როგორი ადამიანი იჯდა, განათლებული თუ გაუნათლებელი. გარდა ამისა, ამერიკელები უყურებდნენ საბუთებს, ამის გარეშე ვიზას არავის აძლევდნენ.

„მიგრანტთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ისედაც გამკაცრებული იყო რეჟიმი და საქართველოდან ამერიკაში ძირითადად ინტელექტით გამორჩეული ხალხი მიდიოდა. მათ შორის, მიდიოდნენ სასწავლებლად, მიდიოდა ახალგაზრდობა, მიდიოდნენ მასწავლებლები. რაც შეეხება სამუშაოდ წასულებს, ყველამ იცის, რომ საქართველოდან წასული ექიმები ამერიკაში მოხუცების მომვლელებად მუშაობდნენ. ასე რომ, საქართველომ დიდი ხანია, დაკარგა თავისი ინტელექტუალური რესურსი. როგორც ჩანს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახალი გადაწყვეტილება, რომ მიგრანტებს განათლებას შეუმოწმებენ, უფრო მაჰმადიანური ქვეყნებიდან ჩასულ ხალხს ეხება. რასაკვირველია, არ დააკონკრეტებენ ხალხის წარმომავლობას, რადგან დისკრიმინაცია გამოვა. ისე, ამერიკელებისთვის ბევრად უფრო მისაღებია საქართველოს მოქალაქეების მათ ქვეყანაში ჩასვლა, ვიდრე სხვების, რადგან საქართველოდან ძირითადად ინტელექტუალები გადიან“, - აცხადებს ნანა ნაზაროვა.

ექსპერტი უსაფთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ფლობს თუ არა მიგრანტი უნარებს და აქვს თუ არა საკმარისი განათლების დონე, ეს უკვე პოლიტიკური სეგრეგაციის ნიშნებია. პოლიტიკური სეგრეგაციის ნიშნები მე-20 საუკუნის ანაქრონიზმი იყო, მაგრამ თურმე ამ დაავადებამ 21-ე საუკუნეშიც ამოყო თავი.

„მესმის, რომ ამერიკის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ში განსაკუთრებული ზომები უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს არის პოლიტიკური სეგრეგაცია. ჩვენთვის რამდენად კარგი იქნება პოლიტიკური სეგრეგაცია, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ის, რომ ტერორისტები თავისუფლად დასეირნობენ, მალავენ სახეებს და მასხრად იგდებენ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს, დაუშვებელია. აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ არ იყოს, ამის ფონზე გინდ შეიტანეთ, გინდ გამოიტანეთ თქვენი ფალავანი. სწორედ ამ დონეზე ვართ მისულნი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობა თანდათანობით იზრდება. როგორ შემოდიან ეს ადამიანები, არავინ იცის, არავინ ახდენს მათ კონტროლს, თვითონ მაკონტროლებელი სისტემაა მოშლილი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და ინტერესდება იმით, ვინ შეამოწმებს ამერიკაში ჩასვლის მსურველთა განათლების დონესა და უნარებს?! ვინ დარჩა საქართველოში ისეთი, ვისაც გააჩნია უნარები, რომ სხვებს ჩაუტაროს გამოცდები უნარებში?

ვახტანგ მაისაიას თქმით, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა მასობრივად არაპრესტიჟული გახდა, ვინაიდან სახელმწიფოში დარჩა საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე პირები.