„პრემიერი ოფიციალურად ბოდიშს იხდის, სად გინახავთ, ტერორისტის ოჯახის წევრებს ვინმე უსამძიმრებდეს?!...“  ბზარი პანკისის მოსახლეობასთან

„პრემიერი ოფიციალურად ბოდიშს იხდის, სად გინახავთ, ტერორისტის ოჯახის წევრებს ვინმე უსამძიმრებდეს?!...“ ბზარი პანკისის მოსახლეობასთან

პანკისში განვითარებული მოვლენების შემდეგ კითხვები მატულობს, ხომ არ გაჩნდა ბზარი პანკისის მოსახლეობასთან? პანკისის ხეობაში ჩვენი ხელისუფლების ჩაუსვლელობამ ხომ არ გააღრმავა კრიზისი, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ დაუდო დასაბამი? სხვათა შორის, პანკისში არ ჩასულან არც მთავრობის წევრები, არც დეპუტატები, რაც ასეთ მძიმე სიტუაციაში თანაგრძნობისა და სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ მომხდარის მიუხედავად, პანკისის მოსახლეობის მხრიდან ბზარი არათუ ჩვენი ხელისუფლების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართაც არ გაჩენილა. ეს იმითაც აიხსნება, რომ პანკისელები საქართველოს მაღალი დონის მოქალაქეები არიან, მათ გაცილებით დიდი პოლიტიკური კულტურა გააჩნიათ, ვიდრე მთელ საქართველოში შეგვიძლია ჩვენ ეს შევამჩნიოთ. ამიტომ სჯობს, ქართული სოციუმის სწორება სწორედ პანკისის მოსახლეობის პოლიტიკურ კულტურაზე იყოს და, თუ ვიღაც ხელოვნურად ამღვრევს სიტუაციას პანკისში, რაც საქართველოს მიმართ არამეგობრული ქვეყნების ინტერესშია, ასეთ პროვოკაციებს ჩვენი ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს. მით უმეტეს, რომ ამ პროვოკაციებს პანკისის მოსახლეობა არ ჰყვება.

„ბზარი არ არის გაჩენილი, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვენი ხელისუფლება გრძნობს, ის არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, რაც საკუთარ სახლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის, ამ ახალგაზრდა ბიჭის მიმართ განხორციელდა. მთავარი ის კი არ არის, მას კავშირი ჰქონდა თუ არა ტერორიზმთან, მთავარი გაუგებრობა ის არის, რომ ადამიანს კლავენ ისე, რომ მას ბრალდებას არ უყენებენ და დღემდე ბრალდება წაყენებული არ აქვს, არც მტკიცებულებაა წარმოჩენილი, მათ შორის, არც ის ხელყუმბარა, რომლის გამოყენებასაც თურმე აპირებდა, არც მობილური ტელეფონი აუღიათ ნივთმტკიცებად. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაშინ ისმის კითხვა, როგორ ბედავ და იარლიყს როგორ აკერებ ახალგაზრდა დაღუპულ ადამიანს, თითქოს ის ტერორისტი იყო, როცა ბრალს ვერ უყენებ?! პრემიერი გამოდის, ოფიციალურად ბოდიშს იხდის და, ფაქტობრივად, უსამძიმრებს მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს. სად გინახავთ, ტერორისტის ოჯახის წევრებს ვინმე უსამძიმრებდეს?! როგორც ჩანს, ხელისუფლება გრძნობს, რომ ის დამნაშავეა ამ ხალხთან, მაგრამ ხელისუფლებას არ ყოფნის პოლიტიკური ნება, აღიაროს, რაც კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს, დაგეგმეს და გაუკეთეს ორგანიზება ამ უმძიმეს შეცდომას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში და მიიჩნევს, რომ სახლში შეჭრის ნაცვლად, შეიძლებოდა სულ სხვა მეთოდის გამოყენება, რის შემდეგაც, სულ მცირე, მაჩალიკაშვილი მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო.

მისივე თქმით, თუ მთავრობა არ ჩადის პანკისში, რომელ მთავრობასაც თავისი პრობლემები და უმოქმედობა ეყოფა, მაშინ პარლამენტის წევრი, დეპუტატი უნდა ჩავიდეს ამ ხეობაში და მან მაინც აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა. თუმცა ვახტანგ მაისაია არც იმას გამორიცხავს, ამ ადამიანებს ეშინოდეთ პანკისში ჩასვლა, რადგან გრძნობენ, რომ, გარკვეულწილად, დამნაშავეები არიან.

ვახტანგ მაისაია იხსენებს ედუარდ შევარდნაძის ქმედებასაც, როცა მან სამეგრელოში ჩასვლა გარისკა მას შემდეგ, რაც სამეგრელოში დაატრიალა მხედრიონმა და გვარდიამ. ექსპერტი თვლის, რომ სამეგრელოში მომხდარი ნაკლებად იყო შევარდნაძის ბრალი, რადგან შევარდნაძე თავადვე იყო მძევალი გასამხედროებული ხუნტის გენერლების.

„შევარდნაძეს ისინი არაფრად აგდებდნენ. მათ სამეგრელო ააწიოკეს და სისხლის კალოები დააყენეს. აფხაზეთში შესვლაც მათი ბრალი იყო, სოხუმში შესვლისას რაც დაატრიალეს, ამის შემდეგ მოხდა აფხაზური დაპირისპირება და აფხაზებმაც მერე უკვე ყოველგვარ „ტორმუზებს“ აუშვეს და გაცილებით უფრო საშინელი დანაშაული ჩაიდინეს ქართველი მოსახლეობის მიმართ. შევარდნაძე მაინც ჩავიდა სამეგრელოში და ის პასუხისმგებლობა აიღო, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ დახვდა შევარდნაძეს სამეგრელოს მოსახლეობა და ამ პიროვნებამ რაც გადაიტანა საკუთარ თავზე. ამ ხელისუფლებასაც შეეძლო, ედუარდ შევარდნაძის მაგალითი აეღო და ჩასულიყვნენ პანკისში.

რატომ იღებენ მაინცდამაინც პოლიტიკური პინოქიოს - სააკაშვილის მაგალითს, რომელიც გორიდან ისე გამოიქცა, საკუთარი დაცვის წევრებს გამოასწრო. ბერნარ კუშნერი რომ არა,სააკაშვილი არც აპირებდა იქ ჩასვლას დეოკუპაციის პირობებში. ნეტავ, სულაც არ ჩასულიყო, უფრო გაამასხარავა ქართული პოლიტიკური სოციუმი. კუშნერმა ჩაიყვანა მიშა და არა - პირიქით. მიშა პირველი გამოიქცა, როგორც მშიშარა სუბიექტი. ხოლო კუშნერი იდგა და წარბიც არ შეხრია“.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პანკისელების ბზარი, გაუცხოება საქართველოს ხელისუფლებასთან და, ასევე,- ქართულ საზოგადოებასთან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოხატა პანკისელების მიმართ, ამიტომ, საბედნიეროდ, ჩვენი მოსახლეობის ფხიზელი და გონიერი თვალის გამო, ბზარი პანკისის რეგიონსა და სხვა რეგიონებს შორის არ შეიმჩნევა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის არსებულ ბზარს, არჩილ გამზარდიას თქმით, ეს პრობლემა განზოგადებულად უნდა აღვიქვათ, რადგან ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მთლიანობაში ხიდი ჩატეხილია.

„ხელისუფლება თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მისი მხარდამჭერები, მოსახლეობა და ამომრჩევლები ცალკე არიან. ამ მოსახლეობაში შედის პანკისის თემიც და ისეთივე ბზარია პანკისსა და ხელისუფლებას შორის, როგორც მთელ დანარჩენ საქართველოსა და ხელისუფლებას შორის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლები პანკისში უნდა ჩასულიყვნენ, აქ ორი აზრი არ არის. თუმცა ეს ძალიან საფრთხილოა, რომ მერე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე არ ყოფილიყო საუბარი, ან სპეკულაციები არ ჰქონოდა. შეიძლება ამიტომაც დაიზღვია ხელისუფლებამ თავი. ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების ფრთხილ დამოკიდებულებას გონივრულად მივიჩნევ, მაგრამ როდესაც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ ძალაუფლების მქონე სუბიექტისგან მხარდაჭერა და თანადგომა, ის თანადგომა ამ ხალხმა უნდა მიიღოს. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა, რადგან ხელისუფლება იქ არ ჩასულა და წარმომადგენლობით დონეზეც კი არც არავინ სტუმრობდა პანკისს“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.