„გვახსოვს როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იგივეს აკეთებს დღეს პუტინი“

„გვახსოვს როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, იგივეს აკეთებს დღეს პუტინი“

რუსეთის აგრესიის ზრდის პარალელურად, ნატოს ძალების მოდერნიზირების საჭიროებას ხედავს ნატოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი, გენერალი კერტი სკაპაროტი, რომლის განცხადებით, ამ ეტაპზე ალიანსი დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა არსებობს სფეროები, სადაც ნატო შესაძლოა, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს.

როგორც ნატოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი ამბობს, თუ ალიანსი შეიარაღებული ძალების მოდერნიზირებას და რუსეთის მხრიდან ზრდად აგრესიასთან ადაპტირებას ვერ შეძლებს, ხუთ წელიწადში ზოგიერთ სფეროში დომინანტის მდგომარეობაში აღარ იქნება.

„რუსეთთან დაკავშირებით საშიშროება არსებობს. არსებობს სფეროები სადაც ისინი გაცილებით კომპეტენტურები არიან. თუ ჩვენ მოდერნიზაციას არ მოვახდენთ, მაშინ ხუთ წელიწადში უპარიტესობას ვერ შევინარჩუნებთ. რუსეთის აღორძინება, როგორც სტრატეგიული კონკურენტის, ასევე ზრდადი არასტაბილურობა აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, ტერორიზმი - ალიანსის სტრატეგიულ გარემოს გარდაქმნას საჭიროებს“, - აღნიშნა კერტი სკაპაროტიმ.

რუსეთის აგრესიის ზრდის პარალელურად და რუსეთის ინვესტიციები სამხედრო სფეროში, ასევე მოსკოვის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, ამერიკელი გენერალის ჯოზეფ დანფორდას განცხადებით, ცხადყოფს, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

„2008 წელს 79 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი შეიჭრა საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მათ წინააღმდეგობა გაუწია 10 ათასმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლებიც იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. რუსეთი ამ ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს. ყველა სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განალაგებს ევროპაში შესაბამის საშუალებებს, რათა აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხე გაანეიტრალოს“, - აცხადებს ჯოზეფ დანფორდა.

ამერიკელი გენერლის თქმით, NATO-მ უკვე გააძლიერა მოწინავე დანაყოფები, ასევე ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში დისლოცირებულია მრავალეროვნული ბატალიონი.

„აშშ-ს ჰყავს სამხედრო შენაერთი პოლონეთში და აგრძელებს სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას ევროპაში“, - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა.

რუსული აგრესიის პარალელურად ნატოს ძალების მოდერნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ალანიტიკოსები. „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ გენერალი სკაპაროტის განცხადება ბუნებრვი, მაგარამ ამავე დროს დაგვიანებულიც არის. ექსპერტი ფიქრობს, რომ ნატოს გაცილებით ადრე და კერძოდ, 2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში მოხდა რუსეთის ინტერვენცია და ტერიტორიების ოკუპაცია, ამ მომენტიდან უნდა მიექცია ყურადღება ნატოს მოდერნიზაციაზე.

„სამწუხაროდ, ნატო ძალიან დიდი ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, სადაც თითქმის სამი ათეული ქვეყნამდე არის გაწევრიანებული და ამიტომ, მათთვის რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თან იმ პირობებში, როდესაც ამ სახელმწიფოებს არ სურთ სამხედრო ხარჯების გაზრდა, ვგულისხმობ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს.

ისინი ყოველთვის უფრთხიან სოციალური ხარჯების შემცირებას და სამხედრო ხარჯების გაზრდას, ვინაიდან ეს აისახება არჩევნებზე. ამ მოტივით ერიდებიან სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას.

თავისთავად, როდესაც არ იზრდება სამხედრო ბიუჯეტი, სამხედრო მრეწველობაში და თანამედროვე ტექნიკის შეძენაში არ ხდება ინვესტირება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ბალანსი დაირღვეოდა. ძალიან კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც დაინახა ნატომ ეს საფრთხე“, - აცხადებს ზურაბ აგალაძე.

ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხოლოდ აშშ-ის ხარჯზე არ იქნება, რადგან ამ კუთხით ევროპული სახელმწიფოები ბევრ რამეში სცოდავენ. როგორც აგლაძე ამბობს, ამერიკის ჩათვლით 5 თუ 4 სახელმწიფო ხარჯავს თავისი შიდა პროდუქტის 2%-ს სამხედრო ხარჯებზე, ეს მაშინ, როდესაც სამხედრო მრეწველობაში და შეიარაღებული ძალების განვითარებაში საკმაოდ დიდი ფინანსების აკუმლიურებას ახდენს რუსეთი.

„გამოქვეყნდა კვლევა ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, სადაც რუსეთი საკმაოდ წინ არის წასული და აგრეთვე ჰიბრიდული ომის კუთხით. ყირიმის ანექსიის შემთხვევაში დავინახეთ, რა სწრაფად შეძლო რუსეთმა ამ ოპერაციის ჩატარება. ევროპელები კარგად ხედავენ, რომ რუსეთის ქმედებები მათი ინტერესის წინააღმდეგ არის მიმართული. განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ევროპის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხდება.

ვიცით, გვახსოვს როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. იგივეს აკეთებს დღეს პუტინი.

2008 წლის მოვლენებში ევროპამ ნაწილობრივ ჩვენც დაგვადანაშაულა, მაგრამ ვნახეთ, რომ აზრი არ აქვს რუსეთისთვის დათმობას, ის გაცილებით შორს წავიდა და ვნახეთ უკრაინის მოვლენები, რამაც გამოაფხიზლა ევროპა. დაინახეს, რომ რუსეთი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მოდით ვთქვათ, რაც უფრო მეტს დაუთმობენ რუსეთს, მით უფრო მეტის წაღებას მოინდომებს. ევროპა უკვე ათვითცნობიერებს ამ პრობლემას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასაია ყურადღებას ამახვილებს იმ ფატზე, რომ რუსეთმა თავისი ბიუჯეტი მთლიანად შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაციის სფეროს მოახმარა. ფაქტიურად გახარჯა თავისი სარეზერვო ფონდი.

„რუსეთმა ფედერალური ბიუჯეტის ფარგლებში შეიყვანა სამხედრო შეიარაღების ფედერალური პროგრამების მთელი ნუსხა. სწორედ ამ მიმართულებით გახარჯა ფული. წელს რუსეთს სარეზერვო ფონდი არ აქვს. მთლიანი თანხა დაიხარჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე, მათ განახლებაზე და სახედრო კომპონენტების გაძლიერებაზე.

რუსეთმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ბევრ საკითხებში გადაუსწრო კიდევაც როგორც ამერიკას, ასევე ნატოს კოალიცურ სამხედრო პოტენციალსაც. ეს ფაქტი დააფიქსირა ნატოს სამხედრო ძალების მთავარსარდალმა და ეს ფაქტი დააფიქსირა ამერიკის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, რუსეთმა გარკვეული შეიარაღების მიხედვით გაუსწრო კიდეც ნატოს, ეს შემდგარი ფაქტია. მით უმეტეს, რომ რუსეთი იღებს საკმაოდ დიდი გამოწვევებს. როგორც მაისაია აცხადებს, საუბარია სამხედრო გამოწვევებზე, ეს არის ბალტიის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა. განსაკუთრებით საინტერესოა რუსეთის გააქტიურება აფრიკის მიმართულებით.

„იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთმა შეძლო აფრიკაში თავისი მოწინააღმდეგის ამერიკის დამარცხება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ახალი რეალობის წინაშე იქნება. დღეს გეოსტრატეგიული მიზიდულობის ცენტრი გადატანილია აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორაზე, ამ ნაწილში ჩნდება შავიზღვისპირეთი. ეს ტერიტორიები არის დღეს დაპირისპირების ქვაკუთხედი. ამ სივრცეებზე მიდის ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად. შესაბამისად, რუსეთი საკმაო აგრესიას იჩენს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა for.ge-სთან ვახტანგ მაისაიამ.