არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს და „მაუწყებლიობის შესახებ“ კანონპროექტი არ დააკანონოს. მედია ორგანიზაციები ითხოვენ, კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედია ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და არ დაძლიონ ვეტო. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას ამ ეტაპზე 52 მედია ორგანიზაცია აწერს ხელს.
მედია სექტორის პოზიციას უერთდება ოპოზიცია, რომელსაც საამისოდ საკუთარი არგუმენტები აქვს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა აღნიშნა, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელს სურს ჩაერთოს კონკურენციაში, მაშინ მან უარი უნდა თქვას თანხებზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს - უნდა წავიდეს ან ერთი ან მეორე მიმართულებით.
რატიანის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოდ დიდ თანხა ეძლევა ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ დამატებით არ მოითხოვოს თანხები და შეზღუდოს ისედაც მწირი სარეკლამო ბაზარი.
რატიანი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში კორუფციისა და პროტექციონიზმის საფრთხეებსაც ხედავს და პრეზიდენტის ვეტოს მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„ბიუჯეტით საკმაოდ დიდ თანხაა განკუთვნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ბუნებრივია, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოითხოვოს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვა, ასევე ჩნდება დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ გაიზარდოს კორუფცია და პროტექციონიზმი. კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო, ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროტექციონიზმის, კორუფციის ზრდას და ზღუდავს თავუსუფალი მედიის ბაზარს. რა საკვირველია, ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს გავიზიარებთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური იმედოვნებს, რომ შესაბამის დისკუსიაში უმრავლესობის იმ ჯგუფის პოზიციები უფრო ძლიერი იქნება, ვინც მომზადებულ ცვლილებებს არ ემხრობა, შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონპროექტი ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს ნაკლებად გამჭვირვალეს გახდის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ასევე, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდეს დამატებითი შემოსავლები, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან კერძო მაუწყებლები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
საკუთარ პოზიციას გამოხატავს სახალხო დამცველიც - რომელსაც სჯერა, ისეთი კანონის მიღება მოხდება, რომელიც ხელს არ შეუშლის პლურალისტურ მედიაგარემოს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის პოზიციებს.
„ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესწავლა არ გაგვიხორციელებია, თუმცა, რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებთ პროცესებს. მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის პოზიციებს და, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში არსებობს დამოკიდებულება, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაიხედოს, იმედს გამოვთქვამთ, რომ აქტიურობის შედეგად მოხდება ისეთი კანონის მიღება, რომელიც ხელს არ შეუშლის ჟურნალისტურ მედია გარემოს და ყველა მედია საშუალებისთვის თანაბარი პირობები იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რით დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უმრავლესობამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ იმსჯელოს ამ თემაზე და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.
„რა თქმა უნდა, უმრავლესობას ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს, მაგრამ რადგან არიან კოლეგები, რომელთაც განსხავავებული მოსაზრებები გააჩნიათ, ჩვენ კანონპროექტს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით“, - განაცხადა უმრავლესობისს დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, უმრავლესობა და პირადად ის მედიასაშუალებებთან შეხვედრისთვის და მათი არგუმენტების მოსმენისთვისაც მზად არის.
თუმცა ბესელია აღნიშნავს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში მან ვერავითარი ახალი და წონადი არგუმენტი ვერ მოისმინა და პრეზიდენტის ვეტოს არ იზიარებს.
„ვერავის მხრიდან ვერ მოვისმინე დასაბუთება, გარდა იმისა, რომ გაიჟღერა კონსტიტუციასთან შესაბამისობის თემამაც. ჩვენ ვისურვებთ, რომ რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო და რომლის მიზანია გაძლიერდეს ტელევიზია, ემსახურებოდეს მოსახლეობის ინტერესებს და ჰქონდეს ყველა პირობა: - საკანონმდებლო, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, რათა იყოს იმ ინტერესების გამტარებელი, რაც თანხვედრაშია საზოგადოების მოთხოვნებთან. ამ რეფორმის მხარდასაჭერად ჩვენ მზად ვართ. რაც შეეხება იმ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც კანონპოექტთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, ჩვენ შევიკრიბებით და გვექნება მსჯელობა - გუნდის შიგნით გვექნება სამუშაო პროცესი, რადგან არიან კოლეგები, რომელთაც განსხახვებული პოზიცია ჰქონდათ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ რაკი სარეკლამო ბაზარსა და მცირე და საშუალო მაუწყებლობებზეა საუბარი, წინასწარი, პროფესიული კვლევაა საჭირო იმის გასაგებად, ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების გაზრდა, სტრატაპების დაფინანსების უფლება და კომერციული რეკლამის გაშვების უფლება რა დოზით დააზარალებს სხვა ტელეკომპანიებს და რა მასშტაბის რისკებს შეუქმნის მათ.
„ასე ზეპირად გაკეთებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მკაფიო სურათს არ ქმნის. შესაძლოა, მათ იციან, ზოგადად რა ტენდენციაზეა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, მხოლოდ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღება.
როგორც ითქვა, არ არის გამორიცხული, აღნიშნული კანონპროექტი განხეთქილების ვაშლიც კი აღმოჩნდეს საპარლამენტო უმრავლესობისათვის. თუმცა ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ პროცესი ამ მიმართულებით არ მიდის.
„ეკა ბესელიამ რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია ამ ცვლილებების, განაცხადა, რომ რაკი აზრთა სხვადასხვაობაა, ისინი დაუბრუნდებიან კანონპროექტის განხილვას. უკვე ცხადია, უმრავლესობა ცდილობს, მის რიგებში არსებული დაპირისპირება აღმოფხვრას, ძალისმიერი მეთოდებით არ გაიტანოს და კიდევ ერთხელ დააბრუნოს განხილვაზე. ვფიქრობ, რომ რაც ხდება ჯანსაღი პროცესია. წინა ხელისუფლების დროს გახსდენდებათ, რომ უმრავლესობაში რომელიმე კანონპროექტის ირგვლის აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყოს?! - მსგავსი არ მახსენდება - ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება „ხელების ამოგრეხვის“ პრინციპით.
შეეძლო უმრავლესობას საჭირო ხმები მოეგროვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ უმრავლესობაში ვინმეს რომ არ დარჩეს უკმარისობის განცდა და ეს უფრო სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს, უკეთესია, თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან განხილვის პროცესს. არ ვიცი შედეგი როგორი იქნება, მაგრამ რაკი არის მზაობა, შეჯერდნენ კომპრომისულ ვარიანტზე, ვფიქრობ, რომ პოზიტიური მოვლენაა“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.