„ღამის თბილისის განვითარების კონცეფციას ბევრი მომხრეც ეყოლება და ბევრი მოწინააღმდეგეც“

„ღამის თბილისის განვითარების კონცეფციას ბევრი მომხრეც ეყოლება და ბევრი მოწინააღმდეგეც“

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციაში შედიოდა. დედაქალაქის მერი კვლავაც მიიჩნევს, რომ ღამის კულტურული ცხოვრება ახალ „სტარტაპებს“ წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავალს გაზრდის.

მართალია, ღამის თბილისის განვითარების კონცეფციას თბილისის მერი თებერვლის ბოლოს წარადგენს, მაგრამ უკვე აანონსებს, რომ გარკვეულ დღეებში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებშიც იმუშავებს. ცვლილებები იგეგმება ტაქსის მიმართულებითაც.  

რა პლუსები და მინუსები ექნება ღამის თბილისის კულტურულ ცხოვრებას?!

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანა და ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი და განმსაზღვრელი დარგია. ეს ნიშნავს, რომ ყველა მიმართულება უნდა ვითარდებოდეს და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღამის თბილისის კომპონენტის განვითარებაც. რასაკვირველია, ღამის ცხოვრებით შემოსავლები გაიზრდება, მოიმატებს ღამით მომუშავე რესტორნების, ღამის კლუბების, კაფე-ბარების დატვირთვა, გაიზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოსავალი, რომელიც უფრო მეტი ხნის განმავლობაში იმოძრავებს.

თუმცა საინტერესოა,  უცხოელი ტურისტი, ან ადგილობრივი ქართველი მოქალაქე ღამის კლუბში სტუმრობისას რამდენად გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს?! როგორც წესი, ღამის კლუბებში შედიან უზრუნველყოფილი შემოსავლის მქონე პირები, ანუ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები და მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მით უმეტეს, ღამით მიზანშეწონილი არ არის. ისინი უფრო კერძო ტრანსპორტს, ტაქსის იყენებენ. ასევე, საინტერესოა, ღამის კაფე-ბარებში გაკონტროლდება თუ არა არასრულწლოვანთა შესვლა.

„უამრავი ისეთი შემთხვევა ვიცით, როცა ადამიანი მოხიბლულია ღამის კაფე-ბარებში სტუმრობით, მაგრამ საბოლოოდ ეს სტუმრობა მას უარყოფითად უსრულდება. ამ მხრივ ძალზე უნდა გააქტიურდეს პოლიცია, პატრული, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე დაცული იყოს. გარდა ამისა, ღამის ცხოვრებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვეულებრივი მოქალაქეების სიმშვიდეს და დასვენებას ღამის საათებში. ეს ერთმანეთის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუ ღამის ცხოვრება ხმაურის გამომწვევია და განსაზღვრულ დეციბელებს აღემატება, მაშინ ღამის უბნები უნდა გადავიდეს ქალაქის მოშორებით, ქალაქგარეთ, რათა არ შექმნას დისკომფორტი ცენტრალურ უბნებში დასახლებული მოსახლეობისთვის. როდესაც ღამის კლუბი კორპუსის ქვემოთ არის განთავსებული და ხმის იზოლაცია ნაკლებია, ცხადია, ეს დისკომფორტს შეუქმნის მობინადრეებს. ამიტომ შემოსავლის გაზრდა არ უნდა ნიშნავდეს, რომ ერთი ადამიანის კეთილდღეობა სხვისი უბედურების ხარჯზე ხდებოდეს“, - აცხადებს პაატა აროშიძე და მიიჩნევს, რომ ღამის ცხოვრების კალაძისეულ კონცეფციას ბევრი მომხრეც ეყოლება და ბევრი მოწინააღმდეგეც.

ექსპერტის თქმით, ყველა ღამის კლუბის წინ პატრულის თითო ეკიპაჟი რომ დააყენო, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ აუვა. პირველ რიგში, აქ ზედამხედველობის სამსახური უნდა ჩაერთოს, რადგან საჭირო იქნება არა მარტო ხმის დამხშობი სისტემები, არამედ სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც. უბრალო სიგარეტის კვამლმაც კი შეიძლება ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნას მაცხოვრებლებს. საეჭვოა, იმდენად იყოს დაცული სამშენებლო ნორმები საქართველოში, რომ კვამლმა არ ააღწიოს ზემო სართულებზე ან ლიფტების შახტიდან, ან კიბის უჯრედიდან. ამას ემატება კორპუსების ქვემოთ მოწყობილ კაფეებსა და რესტორნებში არსებული სხვადასხვა არასასიამოვნო სურნელი, რომელიც იქ დატრიალდება.

არქიტექტორი ვახტანგ დავითაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ღამის თბილისში კულტურული ცხოვრება უნდა განვითარდეს და ამაში სადავო არაფერია, რადგან დღეს მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს. ვისაც შესაძლებლობა და დრო აქვს, თუნდაც ღამით უნდა შეეძლოს იმ ადგილებში მისვლა, რომლებიც მისთვის საინტერესოა. ისიც მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის საათებში იმოძრავებს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ტაქსი დაიქირავოს. ამიტომ თუნდაც დიდი ინტერვალით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაინც წინგადადგმული ნაბიჯია და ქალაქს მატერიალურად დიდად არ დააწვება.

„დედაქალაქის მოსახლეობას ღამის კულტურული ცხოვრებით შემოსავლები გაუჩნდება, დასაქმდებიან ადამიანები. ჩვენ ცოტა უცნაური ხალხი ვართ, გარკვეული სიახლეების მიმართ ქართული დამოკიდებულება გვაქვს და ყოველთვის ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რა შედეგები მოჰყვება ახალ ჩანაფიქრს, მაგრამ კახა კალაძის ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია. თუმცა, პარალელურად, უნდა დარეგულირდეს, რომ ღამის საათებში ხმაური არ იყოს; თანდათანობით უნდა გავხდეთ წესრიგის მოყვარულნი, წესის დამცველი ერი და არა ისე, როგორც მიგვაჩნდა ამ 10-15 წლის წინ. საერთოდ, ქალაქის ცხოვრება შეზღუდვებს მოიცავს. ქალაქი არ არის სოფელი, ქალაქში არ შეიძლება სოფლური ცხოვრება და სოფლური თავისუფლება. ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი. ჩვენც თანდათანობით გადავალთ ერთმანეთის პატივისცემით გამსჭვალულ ურთიერთობაზე“, - აცხადებს ვახტანგ დავითაია.