„მალდივის კუნძულებზე დასვენებას მირჩევნია კიევის ციხეში ვიჯდე“, - ამ დასკვნამდე მივიდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 22 იანვარს კიევის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უკანასკნელი ლეგალური საფუძვლები ჩამოართვას და ამით მისი დეპორტაცია დააჩქარონ.
შესაბამისად, სააკაშავილი მომხრეებს 22 იანვარს, კიევის სააპელაციო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებს, სადაც კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის აპელაციას 3 იანვრის კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, ორშაბათს დაგეგმილ პროცესზე მისი დეპორტაციის გადაწყვეტილების მიღება იგეგმება. სააკაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლება შეეცდება, რომ სამშაბათს ის უკვე ქვეყანაში აღარ იყოს.
„მათ ერთადერთი საქმე და სურვილი აქვთ. ორშაბათს მათთვის მთავარი სასამართლო იმართება. ამ სასამართლოთი სრულდება ჩემი სტატუსი უკრაინაში და შესაძლოა, ქვეყნიდან ჩემი დეპორტაცია მოხდეს. ეს მთელი ისტორია არ ეხება იმას, თითქოს მე სახელმწიფო გადატრიალებას ვგეგმავდი.
ვურჩევ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მე სახელმწიფო გადატრიალებას ვახორციელებდი, გადატრიალდნენ თავიანთ საწოლებში და გააგრძელონ სიზმრების ნახვა. მათი მთავარი პრობლემაა, რომ მე ამ ქვეყანაში ვიმყოფები. კიევის თოვლი ჩემთვის ყველაფერზე მშობლიურია. მალდივის კუნძულებზე ყოფნას, აქ ციხეში ჯდომა მირჩევნია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, უკრაინის სასამართლომ მისი ამერიკული ბარათის კონფისკაცია მოახდინა.
„ჩხრეკისას მიპოვნეს ბარათი, რომლითაც ამერიკაში ვსარგებლობდი. მაგრამ როცა ამერიკიდან წამოვედი, ანგარიში გავაუქმე. მათ იპოვნეს ეს ბარათი და გუშინ პეჩორის სასამართლომ ჩემი ამერიკული ბარათის კონფისკაცია მოახდინა. ის არ მოქმედებს და ანგარიში გაუქმებულია.
მათ ასლი გააკეთეს და ბარათის კონფისკაცია მოახდინეს. დეგენერატები! პროკურატურა სამი დღე იმით იყო დაკავებული, რომ ჩემი ბარათის კონფისკაცია მოეხდინა! წარმოგიდგენიათ, როგორ არაკვალიფიციურ თაღლითებთან გვაქვს საქმე! გესმით, ვის ხელშია ქვეყნის ბედი!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დარწმუნებულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის, პროკურატურის და პარლამენტის წევრების უკრაინაში ვიზიტის მთავარი საკითხი მისი საქართველოში დეპორტაცი არის. როგორც სააკაშვილი აცხადებს, სწორედ მისი დეპორტაციის თემა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკრაინაში გამართული აუდიენციების დროს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა არ განიხილებოდა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს კომპეტენტურ ორგანოებში გასარკვევი საკითხია და არც ერთი შეხვედრისას არ აპირებს სააკაშვილზე ყურადღების გამახვილებას.
„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. არც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ჩვენთვის ეს საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით არ არის აქტუალური. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
განსხვავებულია უკრაინული მედიის ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი თემაა ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. უკრაინული მედიის ინფორმაციას იზიარებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების უკრაინაში ვიზიტის ერთ-ერთი თემა სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო.
„უკვე ნამდვილად მოკლებულია ყოველგვარ რეალობას, როდესაც ორი ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული რესურსი მიმართულია უკრაინის და საქართველოს პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.