გამოკითხულთა 69%-მა არ იცოდა, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ იცოდა. NDI-იმ კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბითჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 2,298 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9% ფარგლებშია.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 31%, „ნაციონალური მოძრაობა“- 10%, „ევროპული საქართველო“- 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 3%, არც ერთი პარტია - 30%,არ იცის - 5%-მა და უარი პასუხზე - 12%.
კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ამ ნაწილში 27%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. „ნაციონალური მოძრაობა“ - 10%; „ევროპული საქართველო“ - 3%; სხვა პარტიებს 7%.არც ერთი პარტიას ხმას არ აძლევს 24%; არ იცის - 15%-მა; პასუხზე უარს აცხადებს - 13%.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი. კონკრეტულად, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა მხოლოდ 26%- მა გასცა სწორი პასუხი, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა არ იცის ვინ არის მაჟორიტარი მისი დეპუტატი. ამავე გამოკითხულთა 55% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას, 34% ეთანხმება და 11%-მა - არ იცის.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80% მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს. გამოკითხულთა 16%-ს თანასწორობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის. გენდერულ თანასწორობას დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 67%, 23% უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, ხოლო 9%-მა გენდერული თანასწორობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის. ფემინიზმს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 26 %, 34% - უარყოფითად, ხოლო 39%-მა - არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ, გამოკითხულთა 36% დადებითად პასუხობს, 18%-მა კი არ იცის. NDI-ს მიერ გამოკითხულთა 77% ამბობს, რომ პარლამენტის მიერ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული კანონის მიღებას მხარს დაუჭერდა,14% არ დაუჭერდა მხარს, ხოლო 8% პასუხობს რომ არ იცის. აღსანიშნავია, რომ ქალები და კაცები თითქმის თანაბრად დაუჭერდნენ მხარს კანონის მიღებას მხარს. უფრო კონკრეტულად, კაცების 71% და ქალების 81%.
NDI-ის კვლევაში მოხდა ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის „ვიტესის“ კაპიტნის გურმა კაშიასთან დაკავშირებული სკანდალი. გამოკითხულთა 46%-სთვის მიუღებელია კაშიას მხრიდან სექსუალური უმცირესობების უფლებების მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაურის გაკეთება. 47% ეთანხმება, 7%-მა არ იცის, პასუხზე უარი აცხადებს 1%.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 73%-ისთვის მიუღებელია დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის, ამავე გამოკითხულთა 19 %-ისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, ხოლო 6%-მა არ იცის. ასეთია NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა თორნტონი ამბობს, რომ არის ხოლმე მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ პარტიების მხარდაჭერა უფრო მაღალია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ დაფიქსირდა. მისი თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი ასახელებს რომელიმე კონკრეტულ პარტიას, რომელსაც მხარს უჭერს, მეორე ნახევარი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელის პოზიციაში რჩება, რაც თორნტონის განცხადებით, საკმაოდ უცნაურია.
„ვფიქრობთ, რომ ეს კვლავაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი პარტიებისადმი, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ იმაში, რომ გაზარდონ თავიანი მხარდაჭერა და უფრო მეტად ესაუბრონ მოქალაქეებს. რაც შეეხება პარლამენტს, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში კვლავაც საკმაოდ კრიტიკულია მოსახლეობა პარლამენტის მიმართ, თუმცა მაგალითად, აშშ-სთან შედარებით, ბევრად პოზიტიური შეფასება აქვს პარლამენტს. მოსახლეობის დაახლოებით 10% ამბობს, რომ მათ პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა მიღეს, რაც არის ძალიან პოზიტიური მაჩვენებელი“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
NDI-ის პოლიტიკურ კვლევას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ტრადიციულად, კვლევას არ ენდობა მმართველი უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობას აქვს საკუთარი შიდა კვლევები, რომელიც იძლევა სწორი პროგნოზების გაკეთების საშუალებას, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ემთხვევა თუ არა მმართველი გუნდის შიდა კვლევის შედეგები NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროის ამ მონაკვეთში მათ შიდა კვლევა არ ჩაუტარებიათ, აქედან გამომდინარე ამბობს, რომ შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით ჩვენს შიდა კვლევებს პროგნოზების გაკეთებისას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე ამბობს, რომ თუკი ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება ეს იმას მოწმობს, რომ მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა.
„მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავისი პრობლემებით არის დაკავებული. იგივე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. კონსტიტუცია კი ქვეყნის ძირითადი კანონია და შემდეგ ის მოქმედებს, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ არჩევნებზე მოსულთა საშუალო რიცხვი არის 50%-40%. ეს ერთის მხრივ, მიუთითებს, რომ ადამიანებს თავიანთი პრობლემები აქვთ, შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ არ აინტერესებს იმიტომ, რომ არ აქვს იმედი, რომ ამით რაიმე შეიცვლება“, -აცხადებს გუგული მაღრაძე.
განსხვავებული პოზიცია აქვს ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს, რომლის განცხადებით, პარლამენტი უნდა გააქტიურდეს იმ კუთხით, რომ მაჟორიტარებს მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ამომრჩევლებთან.
„ტენდენცია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მოსახლეობას ვერ ფარავენ, ეს შეიძლება ყოველთვის არსებობდეს, მაგრამ მეტი კომუნიკაცია და ჩართულობა და განცდა იმისა, რომ ამომრჩეველს შეუძლია, ხმა მიაწვდინოს თავის მაჟორიტარ დეპუტატს, არის მნიშვნელოვანი. ასე რომ მგონია, ამ კუთხით არის ბევრი რამ გასაკეთებელი და მგონია, რომ პარლამენტი ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
მმართველი გუნდისადმი ნდობის კლების ტენდენციაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, რომლის განცხადებით, კვლევამ დაადასტურა, რომ ყოველწლიურად საზოგადოებაში ნიჰილიზმი იზრდება, რაც მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკის შედეგია. როგორც ხოშტარია აცხადებს, საზოგადოება არის უკმაყოფილო არსებული ხელისუფლებით.
მისი თქმით, ეს ჩანს, როგორც ზოგადად ქვეყნის განვითარების მიმართულებით, რომელზეც ძალიან დაბალია შეფასება, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილებების შეფასებაში, როგორიც არის მაგალითად თაბორის მთის გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა მიმართულებით.
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა ის, რომ ზოგადად უიმედობა და ნიჰილიზმია საზოგადოებაში და ესეც ძალიან კარგად არის ასახული ამ კვლევაში და სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება უკვე მეექვსე წელია საზოგადოებრივ განწყობებს არ უყურებს და ამის გამოსწორებას არ აპირებს. შესაბამისად, ყველზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ოპოზიციამ ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ეს იმედის, პერსპექტივის და უკეთესობის განცდა დავუბრუნოთ საზოგადოებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა“, - ასე ხედავს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა და ამბობს, რომ დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი შორდება „ქართულ ოცნებას“.
„კვლევა, რომელიც NDI-მ გამოაქვეყნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა. კვლევა ასევე აჩვენებს იმას, რომ დღითიდღე მეტი ადამიანი შორდება „ქართულ ოცნებას“, რადგან ამ ძალას არ შეუძლია მოაგვაროს ყოველდღიური პრობლემები. ისინი ვერ დაძლევენ უმუშევრობას, ეკონომიკურ პრობლემებს, ინფლაციას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდროდ იმუშაოს ხალხთან.
ჩვენ პროფესიონალების ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ერთხელ უკვე აჩვენა, რომ შეგვიძლია ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება, ჩვენი ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფა. ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოგვიერთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავიყვანოთ წინ ჩვენი ქვეყანა და გადავჭრათ ის პრობლემები, რაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.