ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისადმი დამოკიდებულება მკაცრდება. ბოლო წლებში გახშირდა მომხმარებლის მოტყუების ფაქტები. რამდენჯერმე საქმეში საპატრულო პოლიციაც ჩაერთო. ამიტომ ეროვნული ბანკი ახალ რეგულაციას აწესებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, სავალუტო ჯიხურების რეგულირებაზე სებ-ის უფლებამოსილება იზრდება. ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურებს არამხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით, არამედ სხვა მიმართულებითაც გააკონტროლებს.
ვალუტის გადამცვლელი ჯიხური ვალდებული იქნება გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ მომხმარებელს მომსახურების გაწევისას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.
“ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს”, - წერია კანონში.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესი ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 მარტამდე უნდა განსაზღვროს.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისადმი ბოლო პერიოდში უკმაყოფილება გახშირდა. ძირითადად პრეტენზია ეხება გადაცვლითი ოპერაციის დროს დაწესებულ საკომისიოს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მომხმარებელს არ მიეწოდება. არადა, ეროვნული ბანკი კარგა ხანია ავალდებულებს ჯიხურებს თვალსაჩინო ადგილას გამოაკრან შეტყობინება დამატებითი გადასახადის არსებობის თაობაზე.
“რიკო კრედიტის” დამფუძნებელი ლაშა ნიკოლაიშვილი ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ჯიხურების რეგულირების გამკაცრებას დადებითად აფასებს. მისი აზრით, რეგულირება მომხმარებლის მოტყუების ფაქტებს მინიმუმამდე დაიყვანს, რაც ეფექტური ფინანსური სისტემის შექმნას შეუწყობს ხელს.
„სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით ძალიან აქტიურ ტურისტულ ზონებში, მაგალითად, ძველ თბილისში ანდა ბათუმში, ხდება კურსის ფასების არასწორი დეკლარირება, ეს შემდეგ ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე. შეუძლებელია, რომ ჩვენ გვყავდეს ეფექტური ეროვნული ბანკი ან ეფექტური ფინანსური სისტემა, თუ რომელიმე ფინანსური მოთამაშე, თუნდაც ძალიან მცირე სავალუტო ორგანიზაცია არ იქნება რეგულირების ქვეშ.
ამ დროს წარმოიქმნება არსებული ხვრელები, იქმნება იმის რისკი, რომ მოსახლეობა დაზარალდეს, ან ის სერვისები არ მივიდეს კონკრეტულ მომხმარებელთან რომელიც უნდა მივიდეს იმ ფასში, რაც საჭიროა“, - განუცხადა “საქმის კურსს” ნიკოლაიშვილმა.