სადისტრიბუციო მანქანების ღამეული გადაადგილებით დედაქალაქში ბევრი რამ შეიცვლება. მერიაში იმედი აქვთ, რომ ამით საცობების საკითხს მოაგვარებენ, ბიზნესმენები კი სავაჭრო ობიექტების მომარაგებაში გაჩენილ პრობლემებზე საუბრობენ. დისტრიბუტორთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი რეგულაციის შემდეგ, შესაძლოა, მცირე და საშუალო მაღაზიები დახურვის პირას აღმოჩნდნენ.
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე მაია ბითაძე სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მერიის ახალი ინიციატივა გააცნეს. შეხვედრაზე დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე იმსჯელეს.
მაია ბითაძემ იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება რომელიც თბილისის მერიამ ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებისა და საცობების შემცირების მიზნით უნდა განახორციელოს. მერია მზადაა, აქტიურად იმუშაოს სადისტრიბუციო კომპანიებთან იმისთვის, რომ ახალმა გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და უფრო მეტად შუწყოს ხელი ქალაქში არსებული მოძრაობის განტვირთვას.
„სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შევჯერდით ძირითად მიმართულებებზე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები მოემზადონ იმ ახალი რეგულაციებისათვის, რომელიც სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას შეეხება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას, რათა სადისტრიბუციო მანქანების ღამის განმავლობაში მოძრაობის გრაფიკმა მინიმალურად შეაფერხოს ბიზნესი და მინიმალური პრობლემები წარმოშვას, ზოგადად, ქალაქში მოძრაობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბითაძემ.
შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რომელიც ახალი გრაფიკის დაწესებით, შესაძლოა, მათ კომპანიებს შეექმნას. კომპანიებმა მერიასთან მჭიდრო კომუნიკაციით ამ რისკების შემცირებისა და ახალი რეგულაციებისთვის სათანადოდ მომზადების სურვილი გამოთქვეს.დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია კი სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. მისი აზრით, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დადგინდეს სადისტრიბუციო მანქანები რამდენად ქმნიან საცობს.
„სადისტრიბუციო მანქანების 90%-ს მოძრაობა უწევს იმ პერიოდში, როდესაც საცობები ნაკლებია - 10 საათიდან 17 საათამდე. ჩვენ მერიას წარვუდგინეთ მოსაზრება, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ცვლილებას, რაც მანქანების ღამით მოძრაობას ითვალისწინებს. მათ მოისმინეს მოსაზრება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან ერთად, გაივლიან ყველა საჭირო საკითხს და გადაწყვეტილებას ისე მიიღებენ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.
მისი თქმით, სადისტრიბუციო მანქანების ღამით მოძრაობა ბიზნესს უარყოფით შედეგებს მოუტანს, რამაც შეიძლება საცალო მაღაზიების დახურვა გამოიწვიოს. „ეს შეზღუდვა ბიზნესისთვის ცუდი იქნება, რადგან მოუწევთ ღამის რეჟიმში გადაწყობა. აქ პატარა მარკეტებზეც არის საუბარი. მათ საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნათ. შეიძლება მაღაზიები დაიხუროს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ცვლილების გამო, წვრილი და საშუალო ბიზნესი პრობლემის წინაშე არ დადგეს“, - აღნიშნავს ჭყონია.
ამასთან, მისივე განმარტებით, შეხვედრაზე კონკრეტულ ქუჩებზე საუბარი არ ყოფილა: „შეზღუდვის მიზანი ის არის, რომ ყველა სადისტრიბუციო მანქანამ, ყველა ქუჩაზე ღამით იმოძრაოს. კარგია, რომ ზოგადად დედაქალაქის მერიას აქვს დიდი პროექტები თბილისში საცობების განტვირთვის მიზნით. თუმცა სადისტრიბუციო მანქანების შემთხვევაში, მეტი დისკუსია და კვლევაა საჭირო, როგორ გადაწყდეს“, - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი.