საქართველოს საზოგადოებრივ ძალთა განცხადება:  მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს გაფართოებული მასშტაბით

საქართველოს საზოგადოებრივ ძალთა განცხადება: მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს გაფართოებული მასშტაბით

რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალყურს 19 წლის ახალგაზრდის – თემირლან მალხაზის-ძე მაჩალიკაშვილის სიკვდილთან ბრძოლის ულმობელ ისტორიას. დღეს იგივე ადამიანები ღრმა მწუხარებით ვუერთდებით ოჯახის გლოვას მისი გარდაცვალების გამო.

არც ერთ ჩვენგანს – არც რიგით მოქალაქეებს, რომელთაც თანაგრძნობის ბუნებრივი ადამიანური გრძნობა გვამოძრავებს, არც ნაცნობ-მეგობრებს და არც პოლიტიკურ ორგანზაციებს, რომელთაც ისტორიულ პროცესებზე პასუხისმგებლობის ზიდვა გვევალება, არა გვაქვს უფლება, რომ შრომა და ძლისხმევა დავიშუროთ იმის სრული სურათის გასარკვევად, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, რათა მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს გაფართოებული მასშტაბით.

დღეს ყველას გვესმის, რომ პანკისის ხეობისა და მისი მიმდგომი სოფლების მოსახლეობა ორი ეროვნებისა და ერთი ქვეყნის შვილები არიან. ვეინახები ანუ ქისტები და ჩეჩნები, რომლებიც პანკისის ხეობაში მე-19-ე საუკუნის პირველი ათწლეულებიდან ცხოვრობენ, არიან ქართველების უახლოესად მონათესავე კავკასიელი (ანუ კავკასიური მოდგმის) ერები, ანუ ჩვენ ერთად ვეკუთვნით ხალხთა კავკასიურ ჯგუფს და ჩვენი სალაპარაკო ენები ეკუთვნიან კავკასიურ ენათა ოჯახს. ეს 200-წლიანი ერთად ყოფნა ისტორიაში თითქმის უნიკალური მაგალითია იმისა, რომ ხდება ორი ხალხის ინტეგრაცია ასიმილაციის გარეშე ანუ პრაქტიკული გაერთიანება საკუთარი ვინაობისა, საკუთარი ენისა და საკუთარი კულტურის შელახვის გარეშე, ანუ საკუთარი ერისა, საკუთარი ეროვნული ცნობიერებისა და ცხოვრების საკუთარი წესის დაზარალების გარეშე. ეს არის უნიკალური ფაქტი მოსულთა მიერ ადგილობრივი ენის სრულყოფილი ათვისებისა უაქცენტოდ და ამ ერის ფუნქციათა შევიწროვების გარეშე, ისევე, როგორც ეს არის უნიკალური შემთხვევა ორი სარწმუნოების მოსახლეობის აბსოლუტურად უპრობლემო თანაარსებობისა.

ის, რომ ქართული ენის ადგილობრივ კახურ დიალექტზე პანკისელი ქისტები მეტყველებენ უაქცენტოდ, ცნობილია ძალიან დიდი ხნიდან. ქისტებმა რომ ხალისით, ანუ საკუთარი ნებით, უმოკლეს ხანში და სრულყოფილადაითვისეს სხვა ენა, სახელდობრ, არსებული სახელმწიფოსთვის (რუსული იმპერიისათვის ) უცხო ენა, დევნილი და საძულველი ენა, შემთხვევით არ მომხდარა: ეს მოხდა იმიტომ, რომ ქისტები და ჩეჩნები ქართველების მხარეზე იყვნენ და არა რუსების მხარეზე . ამ ისტორიულად უნიკალური ფაქტის ფსიქოლოგიური საფუძველი ის არის, რომ ამ ორ მოსახლეობას ერთობლივი სიამაყის – კავკასიური სიამაყის – განცდა ჰქონდა, რის გამოც თავს არ აკადრებდა იმას, რასაც აკადრებდა სხვას, არაკავკასიელს, და თავისთავს, როგორც კავკასიელს, ისეთ მაღალ მოთხოვნებს უყენებდა, რომელსაც სხვას, არაკავკასიელს – როგორც სხვა ხარისხის, სხვა ჯიშის მოდგმას – არ წაუყენებდა.

ყველას გვესმის ისიც, რომ პანკისის ხეობა და მისი მიმდგომი სოფლები არა ერთი, არამედ ერთზე მეტი ბოროტმზრახველი მტრის აქტიური დარტყმების ქვეშ იმყოფება. ამ ბოროტ ძალებში პირველ ნომრად, რა თქმა უნდა, არის რუსეთი, რომელიც ქრისტიანული ქვეყანაა და ამასთან ერთად – მართლმადიდებელიცაა, როგორც ქართველი ერის უმრავლესობა და საქართველოს სამოციქულო ეკლესია. მაგრამ ეს არ უშლის რუსეთს ხელს, რომ საქართველოს წინააღმდეგ იბრძოლოს არა მხოლოდ ემოციის კარნახით, არამედ მიზანმიმართული გათვლის ძალითაც. არის სხვა , ქრისტიანულივე მნიშვნელოვანი ძალებიც: კათოლიკური და პროტესტანტული აღმსარებლობისა, რომლებიც საქართველოს სხვა ადგილებში თავისთვის სხვა ანტიქართულ საყრდენ ძალებს ეძებენ. არიან მუსულმანური ქვეყნებიც (სუნიტური და შიიტური) , რომელნიც რუსეთის იმპერიაში არასოდეს ყოფილან (მისი მხოლოდ მეზობლები იყვნენ) და დღეს რუსეთის ღია ან ძალიან დაფარული მოკავშირენი არიან. არც ერთი მათგანი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შუღლი ჩამოაგდოს საქართველოს დღეს ყველაზე ნაკლებად დაცულ ზონაში – კახეთში, სადაც ყადორის უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე რუსეთს ჩრდილოეთიდან მოყვანილი აქვს ასფალტირებული და ბეტონირებული გზატკეცილი. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად.

ჩვენს ზემოხსენებულ ნაირ-ნაირ მტრებს – ჯერ რუსებს, მერე მათ არაქრისტიან მეზობლებს – საქართველოში ძლიერი აგენტურა ჰყავთ. ეს აგენტურა მრავალრიცხოვანია და დღეს გამწარებულია იმით, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღესდღეობით ერთად მარცხდებიან.

ქართველ მოსახლეობას კახეთის ამ მხარეში და პანკისის ვაინახ (ქისტ და ჩეჩენ) მოსახლეობას უკვე ძალიან დიდი ხანია , რაც იდეალურად შეგნებული ურთიერთერთგული დამოკიდებულება გვაქვს. ასაკოვან მოსახლეობას ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროიდან ამ მოსახლეობის ხაზგასმული ერთგულება ქართული სახელმწიფოს ინტერესებისადმი.

საქართველოს სახალხო ფრონტის სახელით – ნოდარ ნათაძე

საქართველოს სახალხო პარტიის სახელით – მამუკა გიორგაძე

პაატა კოღუაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

15.01.2018