„შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს, მაგრამ ისიც კითხოს - ვინ ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას“

„შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს, მაგრამ ისიც კითხოს - ვინ ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას“

„იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებას და ღირსებას, ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ამას აქვს მარტივი ახსნა. იქ იმ საზოგადოებაში, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, საზოგადოების უსაფრთხოებაზე გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან“ პოლიციის მაღალჩინოსანის და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელის დაჭრის ფაქტს.

პოლიციის მაღალჩინოსანის და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ 30 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლოს ეს ხმაურიანი გადაწყვეტილება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი.

„კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამართალდამცველებმა მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენეს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვინ არის 27 წლის თამაზ ქვლივიძე, რომელიც მძიმე დანაშაულის მიუხედავად მოსამართლე ბადრი შონიამ 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა? ბრალდებული მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა ცნობილია, რომ ის ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. პაატა ქვლივიძის 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ შპს „თბილგვირაბმშენის“ ხელმძღვანელია, ასევე პარტნიორად მოიხსენიება კომპანიებში: შპს „ქართუ უნივერსალი“, შპს „ყაზბეგი +“, შპს „ქვლივო“, შპს „ვიტა სერვის თბილისი“.

გარდა ამისა, ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა პირადი კონტაქტები გამოიყენა და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება. ინფორმაციას არ ადასტურებს, ადვოკატი ზაზა მესხი, რომლიც არ ფიქრობს, რომ დღევანდელი სასამართლო ვინმეს გავლენის ქვეშ იყოს. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო გათავისუფლებულია ყოველგვარი ზეწოლისგან და გავლენებისგნ, სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა.

„ბრალდებულისთვის 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოვითხოვე, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს 30 ათასის გადახდა დააკისრა. იმის გათვალისწინებით, რომ ის მის ქმედებას აღიარებს, სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლებს და გამოძიებას არ დაემალება, სასამართლომ ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ქვლივიძის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა.

მისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, მას სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია. გამოძიება მიმდინარეობს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. თანხა, რაც ქვლივიძის ოჯახმა გადაიხადა, ის ოდენობაა, რომ ის გამოძიებას არ დაემალოს და ითანამშრომლოს ჭეშმარიტების დასადგენად. სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევაა.

დაზიანებები ნაკლებად მძიმეა, როგორც ნცობილია, ეს დაზიანებები გაშველების დროს, ხელის ქნევაზეა მიღებული. როცა ვინმეს ადამიანის მოკვლა აქვს განზრახული, ყველა ჭრილობა შემავალია. ამ ჭრილობებიდან კი არცერთია შემავალი, მას არავისთვის დაურტყამს დანა, რომ რაიმე სახის დაზიანება მიეყენებინა, ან მოეკლა. მას ასეთი განზრახვა არ ჰქონია. ის აღიარებს, ოდნავ ნასვამი იყო, რადგან ძველით ახალი წლის ღამე იყო და ბარში შესვლა უნდოდა“, - აცხადებს ზაზა მესხი.

ბრალდებულის მამამ პაატა ქვლივიძე არ ადასტურებს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მოსამართლის გადაწყვეტილებაში რაიმე ფორმით ჩაერია. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი არ არის და ამჟამად უმუშევარია.

„თვითონ შეუვარდნენ და ამ ჭიდაობაში იქნევდა თავდაცვის მიზნით ალბათ, მე მას არ ვამართლებ. თვითმხილველები მოვიდნენ ჩემთან, მათ მითხრეს, რომ მას მაგრად სცემდნენო, ძირს ეგდოთ და ურტყამდნენო... რაც მქონდა სამსახური 2009-დან ისიც გამიუქმეს და რანაირად ვარ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული?! მეღვინე ვარ სპეციალობით, მაქვს ღვინის ქარხანა, რომელიც დაკეტილია და არ მუშაობს. მაქვს „თოლიას“ რაღაც წილი, „თოლია“ იყო „ქართუსი“, გაიყიდა და ვიყიდეთ ჩვენ. ასე ამბობენ, რომ ოლიგარქი ვარ და „ზარალაა“ ჩემი პატრონი. ჩემი და მუშაობს „ზარალასთან“ ჩვეულებრივ რიგითად და ეგ რა შუაშია, „ზარალა“ როგორაა ჩემი პატრონი?!“, - აცხადებს პაატა ქვლივიძე.

საკუთარი ინიციატივით, თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსი ზვიად მესხი, რომლის განცხადებით, სამართალდამცავებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ, ამბობს, რომ საქმის მასალებს გაეცნო. მესხის თქმით, რაიმე შეუსაბამობები საქმეში არ უნახავს, მაგრამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც ზვიად მესხი ამბობს, ბრალდებულ ახალგაზრდას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც, მან დაცვის სამსახურის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მოვიდა ორი პირი, რომელთაც კლუბში შესვლა უნდოდათ. მათ უარი ვუთხარით და განვუმარტეთ, რომ იყვნენ აგრესიულები და ნასვამები. გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე და გინებაზე, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, რომ არ მოეყენებინათ შეურაცხყოფა. გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ვერ დავინახე როგორ მომიახლოვდა დანით შეიარაღებული პირი. გაცილებით მძიმეა მეორე დაჭრილის მდგომარეობა. გულთან აცდენილია თითქმის, არტერიები ჰქონდა გადაჭრილი. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ 24 წლის ბიჭი ხელებში ჩაგვკვდომოდა. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე თამაზ საველიევს ვესაუბრებოდი ამ შექმნილ სიტუაციაზე. დავინახე ბატონი თამაზის ხელის მოძრაობა - ის ხელში დაიჭრა, მე თავში, - ამბობს ზვიად მესხი.

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და წერს, რომ მთავარი ამ საქმეში სხვა რამეა, კატასტროფული ამ ქვეყნისთვის, ტერმინი რომელიც დიდი ხანია აღარ გვსმენია - პრივილეგირებული ოჯახის შვილი.

„სამი ადამიანი დაჭრაში ეჭვმიტანილი არის თამაზ ქვლივიძე, მამამისი არის პაატა ქვლივიძე, „საქგვირაბმშენის“ ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი, „ქართუ უნივერსალის“ მოწილე 1996 წლიდან და ცნობილი „ზარალას“ ძალიან ახლობელი. არის თუ არა პრივილეგირებული? - არის. რეკავდა თუ არა პირადად „ზარალა“ და მამის სამეგობრო ყველგან რომ საქმე ჩაეფარცხათ? - რეკავდა.

მინიმუმ ერთ-ერთი დაზარალებული რომ ვერ გააჩუმეს მოაყომარეს თუ არა სასამართლო? - მოაყომარეს. ეს არის ფაქტები რომლებიც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ყველამ იცის ვისაც აინტერესებს. შს მინისტრი მედალს კი აძლევს დაჭრილ პოლიციელს, მაგრამ იქნებ ისიც კითხოს ვინ რეკავდა და რა გზებით ცდილობდა საქმის ჩაფარცხვას? ეს არის ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გარეთ არ დადიოდეს თავისუფლად, არამედ ისიც, თუ ვინ არიან და რა გზებს მიმართავენ შინაურების დასაცავად ე.წ. „პრივილეგირებულები“. სანამ ეს ყველაფერი ყველამ ვიცით და ვდუმვართ, შიშის გამო თუ „ჩერეზ-ჩერეზ ახლობლობის“ გამო, მანამდე ამ ქვეყნისგან არაფერი გამოვა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის შემდეგ მომხდარით მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული რეპუტაციული ზიანი ადგება. მისი თქმით, დაკავებულის გირაოთი გამოშვება კითხვებს აჩენს.

„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც მართლმსაჯულებას სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ანუ, მსგავსი შემთხვევა, როდესაც პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ასეთი სერიოზული დაზიანებები მიაყენა ადამიანებს და ის თავისუფლდება გირაოთი, მე ვფიქრობ, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ჩემთვისაც და მგონია, რომ მართლმსაჯულების სისტემას ამით სერიოზული ზიანი ადგება. ასე რომ, მათ ადგილზე, უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მსგავს შემთხვევებზე სასჯელის გამოყენებას თუ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.