ყველაზე მნიშვნელოვანმა სამომხმარებლო პროდუქტმა - პურმა - გაძვირება დაიწყო. კომუნალური გადასახადების ზრდისა და ლარის დევალვაციის გამო მწარმოებლებს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, რამაც პურპროდუქტების თვითღირებულება გაზარდა. შესაბამისად, რამდენიმე საცხობმა პური უკვე გააძვირა. პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ზოგიერთმა მწარმოებელმა ფასი 5-10 თეთრით გაზარდა.
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება. ორივე ფქვილის ფასზე მოქმედებს და წინასწარი გაანგარიშებით 1 ტომარაზე დაახლოებით 50-თეთრიანი მატება იქნება.
„ტარიფები მატულობს და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. თუკი მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს“, - აღნიშნა დოლიძემ.
მწარმოებელთა ინფორმაციით, ფასების ზრდის მიზეზი არა მხოლოდ ენერგომატარებლებზე ფასის მატება, არამედ ნედლეულის გაძვირებაც გახდა. პურის ფასთწარმოქმნაში ყველაზე დიდი წილი, 60-65% სწორედ ნედლეულს უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია, მწარმოებლებს უცხოურ ვალუტებთან ლარის გაუფასურების გამო ხარჯი გაეზარდა.
„ფასის მატება კომპანიაში მოხდა დეკემბრის დასაწყისიდან. ეს ძირითადად, განაპირობა დოლარის კურსის მატებამ. როცა კურსი ავიდა 2.7 ნიშნულზე, შეუძლებელი იყო შეგვენაჩუნებინა ძველი ფასი. ენერგომატარებლების ტარიფებს პროდუქციის ფასზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა 2018 წელი ახლა დაიწყო და იმის პროგნოზირება, რამდენად აისახება ეს ფასზე, არ შეგვიძლია“, - აცხადებს „ლიტვური საცხობის“ კომერციული მენეჯერი, ლიკა ავალიანი.
ხარჯები გაეზარდა „იფქლის“ საწარმოსაც, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე უცვლელ ფასს ინარჩუნებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფასთწარმოქმნაში ენერგომატარებლების წილი 20-25%-ია, თუმცა ამ ეტაპისთვის ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამის გამო პური არ გაუძვირებიათ.
„ფასწარმოქმნაში 60-65% უჭირავს ნედლეულს, 20-25% ენერგომატარებლებს, დანარჩენი ადმინისტრაციული ხარჯებია, რაც ასევე მოქმედებს პურის ფასზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ლარის კურსი. ნედლეული დამოკიდებულია სწორედ ლარის კურსზე. ფასები მოგების ხარჯზე შევინარჩუნეთ“ - განუცხადა „საქმის კურსს“ „იფქლის“ დირექტორმა არისი ბოჭოიძემ.
როგორც ნედლეულზე, ისე ენერგომატარებლებზე ფასის მატება ყველაზე საგრძნობი მცირე მწარმოებლებისთვის იქნება. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი პურის აღნიშნავს, რომ ტარიფების გაძვირება აუცილებლად იქონიებს გავლენას გარკვეული ჯგუფის პროდუქტების ფასების ზრდაზე. შესაძლოა, პირველ რიგში, ეს საკონდიტრო ნაწარმი იყოს.
„ტარიფების გაძვირებას აუცილებლად ექნება გავლენა გარკვეული ჯგუფის პროდუქტების ფასების ზრდაზე და შესაძლოა, ეს საკონდიტრო ნაწარმი იყოს. განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის კომპანიების შემთხვევაში. ფასების წარმოქმნაში გაცილებით დიდ როლს ითამაშებს გაზრდილი ტარიფები, რადგან მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია უფრო მეტად არის ასახული იმ ფასში, რომლითაც ხდება ამ პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება“, - განაცხადა ყიფიანმა.
ერთადერთი, რაც გაძვირების ტალღას შეაჩერებს ეროვნული ვალუტის გამყარებაა, რომელიც უკვე 1 კვირაა თანდათან მიიწევს 2,50-ის ნიშნულისკენ. ფინანსისტების აზრით, ლარმა კრიზისული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა სტაბილურობის პერიოდი უდგას.