ბიტკოინს ორჯერ მეტი დენი სჭირდება, ვიდრე მთელი ქვეყნის რკინიგზას

ბიტკოინს ორჯერ მეტი დენი სჭირდება, ვიდრე მთელი ქვეყნის რკინიგზას

ბიტკოინის წარმოება საქართველოს ენერგოსისტემას დიდ პრობლემას უქმნის. როგორც ირკვევა, „ბიტფური ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული გლდანისა და გორის ორი დატა ცენტრი იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოხმარს, ვიდრე მთელი კახეთი. მთელი ქვეყნის რკინიგზა კი ორჯერ ნაკლებ დენს ხარჯავს.

„ბიტფური ჯგუფმა“ 2017 წლის ნოემბერში 28 516 620 კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, დეკემბერში კი 27 017 100 კვტ/სთ. ეს თითქმის ორჯერ მეტია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ თვეში საშუალოდ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან შედარებით. „საქართველოს რკინიგზას“ თვეში 13-15 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია სჭირდება. ამ დროს რკინიგზაში რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული „ბიტფურში“ კი - მხოლოდ 180.

საბოლოოდ დადასტურდა ისიც, რომ კომპანია დენს გარკვეული შეღავათით მოიხმარს, რადგან არ იხდის ტარიფის შემადგენელ დამატებული ღირებულების გადასახადს, რაც 1 კილოვატზე 2.46 თეთრს შეადგენს. „კომერსანტის“ ცნობით, ასეთი უპირატესობა მას „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ სტატუსის გამო მიენიჭა.

კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში „ბიტფური“ 13.65 თეთრს იხდის, ტარიფის გაზრდამდე კი ის კილოვატზე 12.3 თეთრს იხდიდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი განმარტავს, რომ ტარიფებს ადგენს ძაბვის საფეხურების (მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვა) მიხედვით და იგი ძაბვის შესაბამისი საფეხურის ყველა მომხმარებლისათვის, მიუხედავად მათი საქმიანობის შინაარსისა, ერთიანია.

რაც შეეხება მოხმარების ზრდას და მის გავლენას ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასზე, როგორც სემეკში განმარტავენ, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ჯამური მოხმარება გაზრდილია, საშუალოდ, წლიურად 6,3%-ით, მათ შორის მაღალ ძაბვაზე - 12,6%-ით, საშუალო ძაბვაზე - 9,1%-ით, ხოლო დაბალ ძაბვაზე (კომერციული სექტორი) - 8,3%-ით.

აქვს თუ არა გავლენა მაღალ ძაბვაზე გაზრდილ მოხმარებას სამომხმარებლო ტარიფებზე? კომისია განმარტავს, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 30 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან მოხდება მაღალი ძაბვის მომხმარებლების სატარიფო რეგულირებიდან გაყვანა, შესაბამისად, ამ კატეგორიის მომხმარებლები ელექტროენერგიას შეისყიდიან არა განაწილების ლიცენზიატებისაგან (სს „თელასი“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“), არამედ თავისუფალ ბაზარზე, დერეგულირებულ ფასად.

შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილ გრძელვადიან სამომხმარებლო ტარიფებში ამ საწარმოების მომხმარება და, შესაბამისად, მათთვის ელექტროენერგიის შესყიდვის დანახარჯები 2018 წლის 1-ლი მაისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გათვალისწინებული არ არის.

საპარლამენტო ოპოზიცია „ბიტფურის“ დენის მოხმარებას მწვავედ გამოეხმაურა. დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ მხოლოდ დეკემბერში დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა არის იმაზე მეტი, რაც ანალოგიურ პერიოდში დახარჯა მთელა კახეთის რეგიონმა.

„კომპანია „ბიტფურმა“ გამოაქვეყნა დენის ტარიფები, რომლითაც ის სარგებლობდა წლების განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ დენის გადასახადი 2016 წელს შეადგენდა 16,8 თეთრს, 2017 წელს - 12.3 თეთრს, ხოლო 2018 წლიდან ტარიფი იქნება 13.6 თეთრი. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ანალოგიურ პერიოდში, თუ რას იხდიდა საქართველოს მოსახლეობა დენში. ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში რომელიც არ ხარჯავს 100 კილოვატზე მეტს, ანუ ერთი ნათურის მეტი არ აქვს ჩართული, იხდის 14.5 თეთრს, მოსახლეობა რომელიც ხარჯავს 100-დან 300 კილოვატამდე იხდის 18,5 თეთრს, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა, ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს იხდის 23 თეთრს.

„ბიტფურის“ მიერ გადახდილი თანხა ელექტროენერგიის მხრივ არის გაცილებით ნაკლები. მან გამოაქვეყნა მხოლოდ დეკემბრის პერიოდში დახარჯული ენერგიის რაოდენობა, რამაც შეადგინა 27 მლნ კვტ/სთ, ანუ „ბიტფურმა“ დახარჯა მეტი, ვიდრე კახეთის რეგიონმა.

რა განსაკუთრებული საჭიროება დაინახა ხელისუფლებამ, რომ კომპანიას მიანიჭა განსაკუთრებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და რატომ არ აკეთებს იგივეს უფრო სტრატეგიული, მსხვილი და ქვეყნისთვის უფრო საჭირო ობიექტების მიმართ? რატომ არის, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ათავისუფლებს გადასახადებიდან ქართულ ბიზნეს, არამედ დაბლაც არ უწევს გადასახადს?“ - კითხვას სვამს ბობოხიძე.

როგორც ცნობილია, „ბიტფური ჯგუფს“ საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული „ბლოკჩეინ დატა ცენტრი“, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.

სხვათა შორის, ბიტკოინების მწარმოებლებს უცხოეთში უფრო მკვეთრად უპირისპირდებიან. ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დახურულ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება ბიტკოინის „მაინინგის ფერმებს“. ჩინეთის ხელისუფლებაში კარგა ხანია იციან, რომ მათი ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მაინერები ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით ბოროტად მანიპულირებენ. ამ ქვეყანაში თავმოყრილია მსოფლიოს უმსხვილესი ფერმები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც ძალიან მძლავრ გამოთვლით პროცესებს აწარმოებენ. გაზრდილ მოთხოვნას ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა ვერ ართმევს თავს და მწყობრიდან გამოდის.

როგორც ცნობილია, ბიტკოინების გამომუშავებისთვის ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიაა საჭირო. ამ დროისთვის გლობალური მაინინგის პროცესისთვის მოხმარებული ელექტროენერგია უტოლდება ამერიკის 3,4 მილიონი სახლის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას.