„ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის, კამეჩის, ზაქის ხორცი შედის“

„ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის, კამეჩის, ზაქის ხორცი შედის“

რითი იკვებებიან ბაგა-ბაღებში ჩვენი პატარები?! ამ შეკითხვამ არა მარტო მერიის მაღალჩინოსნები, არამედ არასამთავრობოებიც დააფიქრა. „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ახალი წლიდან ბაღების კვების მონიტორინგს იწყებს.

For.ge-სთან საუბრისას გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღების კვების ბლოკთან დაკავშირებით ყოველწლიურად ვითარება უარესდება.

„შარშან გვქონდა არაჩვეულებრივად რეალიზებადი პროექტი, რომლმაც მხოლოდ 2-3 თვით იმუშავა და შემდეგ პროექტი ჩავარდა, რადგან ბაღების საქმეში ჩართულ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს ამით თანხები მოაკლდებოდათ. იმ პერიოდში ვამტკიცებდი და დღესაც ვამტკიცებ, რომ ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად შედის ცხენის, კამეჩის, ზაქის ხორცი. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ოთარ დანელიას მაშინდელი მოადგილის დავით გალეგაშვილის დახმარებით განვახორციელეთ ჩვენი პროექტი, რამაც კარგი შედეგი გამოიღო, მშობლები მადლობას გვიხდიდნენ, მაგრამ ამ პროექტს ცუდი გამოხმაურება მოჰყვა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან ფული ვეღარ „გააკეთეს“.

პროექტი ითვალისწინებდა ბაგა-ბაღში შესული საქონლის ხორცის დასურათებას ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობის მხრიდან, შემდეგ ეს სურათი იტვირთებოდა ფეისბუკგვერდზე, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტი სწავლობდა ამ სურათებს. მოგეხსენებათ, სპეციალისტმა ვიზუალურად უკეთესად იცის ხორცის წარმომავლობა. ჩვენი ექსპერტი ფოტოთი ხვდებოდა ხორცი ძროხის იყო, ცხენის თუ კამეჩის, საეჭვო ხორცი პირდაპირ მოწმდებოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში. ორი თვის განმავლობაში 32 წუნი გამოვლინდა, ანუ ხდებოდა ხორცის დაბრუნება, რამაც ცალკეულ პირებს დისკომფორტი შეუქმნა“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ და განმარტა, რომ ცხენის ხორცის საბაზრო ღირებულება დღეს 5 ლარია, ამ დროს კი სახელმწიფო 16 ლარს იხდის საქონლის ხორცში და ტენდერს აცხადებს არა ცხენის ან კამეჩის  ხორცზე, არამედ საქონლის რბილზე.  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლიურად 66 მილიონი ლარი ეძლევა სწორედ კვების ბლოკისთვის. ამ დროს კი ამ 66 მილიონიდან 16 ლარის ხორცის ნაცვლად 4-ლარიან ხორცს რომ შეიტან ბაღებში, რამდენი მოგება დარჩება?

გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ახალი წლიდან ბაღების კვების მონიტორინგს იწყებს და პატარების ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონების გაკეთების უფლებას არავის მისცემს. ამ მშიერ-მწყურვალ ქვეყანაში ბავშვები ნორმალურად უნდა იკვებებოდნენ, რადგან სწორი კვება ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ  ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ასევე, დაუშვებელია ფალსიფიცირებული, ცელოფნისგან დამზადებული ბრინჯი შეიტანონ ბაღებში. ფაქტობრივად, ეს არის ჩინეთში  დამზადებული ცელოფანი, რომელსაც ბრინჯის იერი აქვს და საქართველოში 50% სწორედ ფალსიფიცირებული ბრინჯია შემოტანილი, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის.  

„ეს ბრინჯი შეიტანეს ბაღებში. ვითომ იმის საშუალება არ აქვთ,  გაარკვიონ, ეს მართლაც ბრინჯია, თუ ცელოფანი. ამას ლაბორატორიაში წაღებაც არ სჭირდება, „ზაჟიგალკა“ გაკრან, ბოლი თუ აუვიდა და გაშავდა, ე.ი. ფალსიფიცირებულია. რატომღაც არავის უნდა, სიმართლე გაარკვიოს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყველას თავისი ბიზნესი აქვს. ამ ყველაფერში ბაგა-ბაღების ხელმძღვანელობას ვადანაშაულებ. მათ შეუძლიათ, გააკონტროლონ სიტუაცია, რასაც არ აკეთებენ, რადგან ბავშვების ხარჯზე 20-30% პირდაპირ მიემართება სააგენტოს ხელმძღვანელობის, მერიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოსნების ჯიბეებში.

ნურავის ჰგონია, მარტო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოა ჩართული ამ კორუფციაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღაჩინოსნებიც არიან ჩარეულნი ამ საქმეში. ასე თუ არ არის, მაშინ რატომ ხდება, რომ გალეგაშვილისნაირ პატიოსან ადამიანებს თანამდებობებს ატოვებინებენ. დარწმუნებული ვარ, ვერც კახა კალაძე ვერ გამოასწორებს ბაგა-ბაღების კვების საკითხს, რადგან, მართალია, იგი არ აიღებს ამაში ფულს, მაგრამ კორუმპირებული ქვედა რგოლები უსახსროდ არ დარჩებიან“.

თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში ნამდვილი კარაქი არ შედიოდა. სინამდვილეში, კარაქის ნაცვლად შეჰქონდათ დანამატები. თუ ე.წ. კარაქის ცხიმად იყენებენ მარგარინით გამყარებულ ზეთს, ეს უკვე არის ტრანსცხიმები რომელიც ბავშვისთვის არ შეიძლება. მით უმეტეს, დაუშვებელია ტრანსცხიმები ყოველდღიურ მენიუში გვხვდებოდეს.

„როგორც ამბობენ, კვების მხრივ ბაგა-ბაღეში სერიოზული დარღვევები იყო, მაგრამ, რაც დადასტურებულად არ არის ნათქვამი, ამის შესახებ საუბარი რთულია. პირადად მე ასეთი კვლევა არ ჩამიტარებია. რძის პროდუქტებთან მიმართებითაც იყო შეკითხვები. თუ რომელიმე კომპანია ბავშვების კვებით უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას იღებს, მაშინ ეს კეთილსინდისიერად უნდა შეასრულოს. ბავშვს სუფთა პროდუქტი უნდა მიაწოდონ, რაც ფიზიოლოგიურად დაბალანსებულ პროდუქტს ნიშნავს. ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია. სურსათის უვნებლობა ნიშნავს, რომ სურსათმა ადამიანს არ უნდა მიაყენოს არც მყისიერი, არც დაგროვებითი ზიანი“, - აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

მისი თქმით, მყისიერი ზიანია, როცა ადამიანი უცებ იწამლება, ხოლო დაგროვებითი ზიანია, როცა თუნდაც ხორცეულში ხორცის ნაკლებობის დროს ხორცის ფერის მისაღებ საღებავებს უმატებენ.  დროთა განმავლობაში ეს სისხლის გათეთრებას იწვევს. საღებავი კანცეროგენურია და სისხლის წითელი ბურთულაკების დაშლას განაპირობებს. ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ სპეციალურად არ ასახელებს ამ ნივთიერებებს, რათა არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა არ გამოიყენონ.