გამოცდების ეროვნულ ცენტრს მისაღებ გამოცდებზე ძალზე მინიმალური ბარიერი აქვს დაწესებული, რის გამოც უცოდინარი აბიტურიენტი შეიძლება სტუდენტად მოგვევლინოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. ამის გამო განათლების სფეროს ექსპერტები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და For.ge-სთან საუბარში მინიმალური ბარიერის აწევას მოითხოვენ.
ექსპერტს განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს აინტერესებს, რატომ უნდა გახდეს სტუდენტი ის აბიტურიენტი, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების ტესტში მხოლოდ 19 ქულას დააგროვებს?!
ჩვენთან საუბრისას მანანა ნიკოლაიშვილი არ მალავს, რომ მაია მიმინოშვილის უწყებას, ანუ გამოცდების ეროვნულ ცენტრს მისაღებ გამოცდებზე ძალიან მინიმალური ბარიერი აქვს დაწესებული.
„საბუნებისმეტყველო საგნების ტესტში 75-ქულიანი ტესტიდან 19 ქულას რომ აიღებს, იმ ბავშვმა ის საგანი (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) იცის?! რასაკვირველია, არ იცის და ეს ბავშვი უნივერსიტეტში ლექციაზე რომ იჯდება, არაფერი ეცოდინება. უცოდინრობის გამო ასეთი „სტუდენტი“ სასწავლო პროცესიდან განითესება, თავისი ცოდნით ვერ მოერევა უმაღლეს ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. სხვათა შორის, სანამ წაბრძანდებოდა ჯეჯელავა, ერთი კარგი აზრი ჰქონდა. ყველაფერი დასაწუნი არ ჰქონდა იმ კაცს. იგი მიიჩნევდა, თუ ჩვენ გვინდა გავხდეთ კონკურენტუნარიანი, მაშინ მისაღები გამოცდების ბარიერი უნდა აიწიოს. ჩვენს დროს ხუთებსა და ოთხებს თუ არ მიიღებდი, უმაღლესში ვერ ჩაირიცხებოდი. ეს ფაკულტეტებზე იყო დამოკიდებული. ერთი სამიანიც რომ მიგეღო, უკვე სათუო იყო, რადგან უნივერსიტეტში ვერ მოხვდებოდი. ამიტომ უნდა მიგეღო ან სულ ხუთები, ან ხუთები და ოთხი“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი და იმასაც იხსენებს, რომ თავის დროზე ძალიან მაღალი ქულები იყო ჯავახიშვილში, ზემაღალი ქულები იყო სამედიცინოზე, ასევე, მაღალ ქულებზე ჩაბარებას მოითხოვდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, რა განხრით აბარებდი-ქიმიურზე, სამშენებლოზე, არქიტექტურულზე, ენერგეტიკაზე, სატრანსპორტოზე თუ სასურსათო ტექნოლოგიებზე. ამ ფაკულტეტებზე ჩასაბარებლად დაგროვილი მაღალი ქულები შემდგომში უკვე სტუდენტის პროფესიონალიზმს განაპირობებდა.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგადი უნარების ტესტი, რომელიც ჩვენთან უცხოეთიდან გადმოიღეს, თავისთავად, კარგი სიახლე იყო, მაგრამ იმ ტესტს თავისი ინსტრუქცია ჰქონდა, რის გარეშეც ტესტი ვერ იმუშავებდა. კერძოდ, ბარიერი 45-50% უნდა ყოფილიყო, 40%-ზე ნაკლები კი, უბრალოდ, წარმოუდგენელი გახლდათ. ამ დროს კი ჩვენთან ბარიერი 18-20-22%-მდეა დაყვანილი, ანუ ტესტი ვერ მუშაობს.
ზურაბ ვახანიას თქმით, იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებლებს არ დაეკარგათ სტუდენტები, საქართველოში ბარიერი თითქმის გაუქმებული იყო. თუნდაც პირველკლასელს ალალბედზე რომ შემოეხაზა ამ ტესტის პასუხები, საშუალო ქულად 22%-ს მიიღებდა. ეს ნიშნავდა, რომ ბარიერი არ არსებობდა. ცხადია, აბიტურიენტი, რომელიც ტესტში ვერ აიღებდა 40%-ს, უბრალოდ, ვერ ისწავლიდა.