„დიდი ალბათობით, კახა კალაძე დედაქალაქის მართვიდან სახელმწიფოს მართვის სადავეებთან გადაინაცვლებს“

„დიდი ალბათობით, კახა კალაძე დედაქალაქის მართვიდან სახელმწიფოს მართვის სადავეებთან გადაინაცვლებს“

ეკლექტური უმრავლესობის შიგნით ძალთა გადაჯგუფებასა და ახალი ფრაქციების შექმნას ანალიტიკოსთა ნაწილი კარგა ხანია, ვარაუდობდა. თუმცა სულ ახლახანს „ქართულმა ოცნებამ“ სპონტანურად მიიღო ეს გადაწყვეტილება და წინასაახალწლოდ პარლამენტისთვის კიდევ ორი ახალი ფრაქციის შემატება გადაწყვიტა.

უმრავლესობის შემადგენლობაში ახალი ფრაქციების-„ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება-ეკონომიკის“ შექმნას ხელისუფლება მართვის სისტემის გაუმჯობესებით ხსნის და მმართველ პარტიაში ყოველგვარ დაპირისპირებას გამორიცხავს. რეალურად, რაში წაადგება მმართველ გუნდს ახალი ფრაქციების შექმნა, ამის შესახებ For.ge ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გამორიცხავს, რომ ახალი ფრაქციების შექმნის მიზანი ეფექტური მენეჯმენტის განსაზღვრა იყოს. მისი აზრით, ეს ყველაზე არადამაჯერებელი სიცრუე და ჩვეულებრივი ბლეფია.

რაც შეეხება განხეთქილებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ოცნებაში“ განხეთქილება მუდამ იყო. დაძაბულობა ნელ-ნელა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან მმართველ გუნდს სურს, მომავალ პოლიტიკურ ეპოქაში საკუთარი ადგილი იპოვოს. თუმცა რაზე დგას დღეს წონასწორობის სივრცე, გაუგებარია, რადგან ვექტორი არსად არ არის გადახრილი. შესაბამისად, უმრავლესობის წევრებს რთული დილემა აქვთ, როგორ გამოხატონ საკუთარი თავი, მაგრამ ამის წინაპირობების შექმნა, მინიმუმ, ფრაქციების დონეზეც შეიძლება. ეს გულისხმობს იმას, რომ შედარებითი ავტონომიური სივრცეები იქმნება და, თუ საჭიროდ ჩათვლიან, მომავალში ერთმანეთთან გამართავენ სპეკულირებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ სპეკულაციის ფარგლებში გარკვეულ ჯგუფთა ინტერესები შეიძლება უფრო განხორციელებადი გახდეს.

„თუკი ოპოზიციური ფლანგი უფრო მომგებიანი გახდება, შესაბამისად, ეს ავტონომიურობაც მეტად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც პოლიტიკური ლავირებისთვის გარკვეულ პირობებს შექმნის. ეს პროცესი კიდევ შეიძლება გაგრძელდეს და ფრაქციებს შორის შიდა გადალაგება-გადმოლაგებაც დასაშვებია. გარდა ამისა, აქ გასათვალისწინებელია კიდევ მოქნილი ფინანსური სისტემაც. მოგეხსენებათ, ფრაქციას სჭირდება დამატებითი ხარჯები, დამატებითი პოლიტიკური ტრიბუნა, დამატებითი დაფინანსება. ფრაქციის ხელმძღვანელს სულ სხვა დაფინანსება აქვს, მას ემსახურება მანქანა, ანუ ბევრად უფრო გაიუმჯობესებენ საკუთარ მდგომარეობას. ამდენად, მათი პირადი ინტერესებისთვის რაც უფრო ეფექტური იქნება, ამ ფრაქციების ფარგლებშიც იმას გადაწყვეტენ“, - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ For.ge-სთან საუბარში.

ფრაქციების სიმრავლე შეიძლება იყოს თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესში?! ანალიტიკოსს უჭირს იმის თქმა, უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს რაიმე პროცესი, რადგან ამჟამად არც მისი პოზიციები ჩანს, არც მოსაზრებები და არც ის ვიცით, დღევანდელი მმართველი ძალის წევრები რამდენად არიან ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციაში ჩართულნი. თუმცა ეკლექტურ გაერთიანებას რომ დამატებითი ფუფუნების, პრივილეგიების წყარო დასჭირდებოდა, ეს ისედაც ნათელი იყო.

მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, პრინციპული განსხვავება რომ არის, ეს იურისტ ლევან ალაფიშვილისთვის უცხო არ არის. ის დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროცესი მხოლოდ ორი ფრაქციის შექმნით არ დასრულდება და გაზაფხულზე კიდევ ვიხილავთ ამის გაგრძელებას.

„ორი ფრაქციის შექმნა და ახალი პოლიტიკური პროცესის დაანონსება მხოლოდ დღევანდელი ქმედება არ არის. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად შეირჩა. მან მოიპოვა ხალხის ნდობა, იგი ყველაზე მაღალი პერსონალური საარჩევნო ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსად იქცა დედაქალაქში. მისი წონის საარჩევნო ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა არავინაა მმართველ პოლიტიკურ პარტიაში. ზუსტად აქედან გამომდინარე დაიწყო ზემოხსენებული პროცესები უმრავლესობის შემადგენლობაში. აზრთა სხვადასხვაობისა და სიჭრელის კვალობაზე ეს კვლავაც გაგრძელდება, მომავალი წელიც ამ მიმართულებით იქნება გამორჩეული.

მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია. იქაც კალაძის ხაზით გაგრძელდება ეს ყველაფერი, 2020 წელსაც ანალოგიური სიტუაცია გვექნება, ოღონდ ერთი განსხვავებით, კალაძისთვის პრინციპული სწორედ 2020 წელი შეიძლება იყოს“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, 2020 წელს მიღწეული წარმატების შემდეგ, დიდი ალბათობით, კახა კალაძე დედაქალაქის მართვიდან სახელმწიფოს მართვის სადავეებთან გადაინაცვლებს. საუბარია პრემიერის პოსტზე. სხვათა შორის, როცა ფრაქციების შექმნის შესახებ თავდაპირველად გაკეთდა განცხადება, მმართველ გუნდში თავად წევრების ვინაობაც არ იცოდნენ. წამოსცდათ კიდეც, პრემიერმაც არ იცისო. ასე რომ, საამისოდ მოუმზადებელნი იყვნენ და ეს ყველაფერი დასწრებაზე თამაშს უფრო ჰგავდა, ვინაიდან მმართველი ძალის შიგნით გარკვეული პროცესები საკმაოდ დაჩქარებულია.