თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს. გამოცემა „მილიეტი“ წერს, რომ დაკავებულების საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.
„ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრები - საქართველო ამ თვალსაზრისით აქტუალური 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შემდეგ გახდა, როდესაც ლიკვიდირებული იქნა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ახმედ ჩატარევი და მისი ჯგუფის წევრები. სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა, უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.
წაყენებულ ბრალს არ აღებს 4 დაკავებული. რაც შეეხება მეხუთე ბრალდებულს, თემირლან მაჩალიკაშვილს ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ოფიციალური ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.
სუს-ის მიერ ჩატარებულმა ანტიტერორისტულმა სპეცოპერაციამ ვითარება დაძაბა პანკისის ხეობაში. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ დაკავებულებს კავშირი არ აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან და ხელისუფლებისგან მოითხოვენ იმ სამართალდამცავის დასჯას, რომელმაც მაჩალიკაშვილის თავის არეში ესროლა.
მთავარმა პროკურატურამ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარებს, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტს გულისხმობს.
თერმილან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს საწოლში დამიზნებით ესროლეს. „ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, მძინარეს ესროლეს და ახლა კიდევ ამბობენ ტერორისტიაო. სირცხვილია ასეთი განცხადება ხელისუფლების მხრიდან. როგორ ამბობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწია, როცა ბავშვი საწოლიდან წამომჯდარიც არ არის, ისე აქვს ნასროლი.
ხელისუფლება თვითონ ქმნის ტერორისტებს, მე ახლა ქვეყანაც მძულს, ჩემი თავიც და ყველა. თუ ჩემი შვილი ტერორისტია, მაშინ მეც ტერორისტი ვარ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. სტრასბურგამდე მივალ და სიმართლეს დავადგენ, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი გაიმეტს“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
პანკისელებმა დუისის პოლიციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს შეწყდეს მსგავსი მოქმედებები ქისტების წინააღმდეგ. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი სოსო ქავთარაშვილის თქმით ეს სპეცოპერაცია იყო ხეობის აუტანელი შეურაცხყოფა, რითაც ფეხქვეშ გათელეს პანკისის სახელი.
„მე ყველას ვიცნობ, ვიცი ვინ რას აკეთებს, ის დაკავებული ბიჭები უდანაშაულოები არიან. 19 წლის ახალგაზრდა, უწესიერესი, უდანაშაულო ბიჭი გვეცლება ხელიდან. დღეს იმიტომ არის ამდენი ხალხი შეკრებილი, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ კანონს ვემორჩილებით და არა ძალის გადამეტებას. ეს არის დაუშვებელი. მსგავსი ქმედება არ მოგვითმენია და არც მოვითმენთ“, - განაცხადა სოსო ქავთარაშვილმა საპროტესტო აქციაზე.
საპროტესტო აქციაზე გაჩნდა ფრაზა - „განა მართლა დაჩაგრულები ვართ. ჩვენ მივმართავთ ჩეჩენ, ინგუშ პრეზიდენტს, მოგვხედონ, მოგვაქციონ ყურადღება“. საპროტესტო აქციამდე, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, უხუცესთა საბჭო შეიკრიბა. მათი შეფასებით, ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
„პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ძალის გადამეტებით მოხდა. ამიტომ, მოვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას და თუ შევნიშნეთ, რომ გამოძიება სიმართლისკენ არ მიდის, მაშინ ჩვენ სხვა გზას მივმართავთ. გამოძიების და დამნაშავის დასჯის წინააღმდეგნი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით თვითნებურ სასჯელს. ეს იყო თვითნებური სასჯელი, როდესაც მძინარე ახალგაზრდას შუბლში ესვრიან. ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს იყო ძალის გადამეტება. ალბათ, სპეცრაზმელი შეშინდა და წარმოიდგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა, ასეთები არ უნდა მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურაში, ვინც ვერ არჩევს რეალობას“, - განაცხადა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.
პარალელურად, საგანგებო ბრიფინგი გამართა საქართველოს მუფტმა ბელგარ ქამუშიძემ და მუსლიმთა სამმართველოს სახელით განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, ბოლო პერიოდში შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს. აცნობიერებენ, რომ შესაძლოა, ეს ცეცხლი უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას და დაზღვეული არც ჩვენი სამშობლო - საქართველოა. შესაბამისად, ქამუშიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ზომები მიიღოს.
„ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეები, მივმართავთ ქვეყნის ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მიიღოს ყველა ზომა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რომ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება. კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი აქვს საერთო ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს“, - განაცხადა ბეგლარ ქამუშიძემ.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან და სუს-თან კომუნიკაცია აქვს სახალხო დამცველის ოფისს. როგორც ნინო ლომჯარიამ ღნიშნა, ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც დაჭრილის ოჯახის წევრები და სუს-ის წარმომადგენლები საუბრობენ, ურთიერთგამომრიცხავია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში უკვე გამოძიების როლი. მთავარი ტვირთი ეკისრება პროკურატურას. ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ პროკურატურამ ობიექტურად და დროულად შეისწავლოს გარემოებები, ხომ არ ჰქონდა ადგილი სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს და რამდენად იყო პროპორციული, ამ შემთხვევაში, ძალის გამოყენება. ეს უკვე უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ჩვენ მივადევნებთ თვალყურს აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობას“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, მან ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტი გარდა ოჯახის წუხილისა, თუ რატომ არ შეიძლება სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანის მცდელობა ჰქონოდა. კილაძე ამბობს, რომ მას კითხვის ნიშნები უჩნდება რატომ არის საუბარი იმაზე, რომ მაინცდამაინც მაჩალიკაშვილთან მიმართებაში გადაამეტა უფლებამოსილება სუს-მა და დანარჩენი ოთხი დაკავებულის მიმართ არა.
„ჩვენ სამართლიანად უნდა მივუდგეთ საკითხს. თუ ვინმემ დააშავა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული, მაგრამ აქაც მე პირადად კითხვის ნიშნები მიჩნდება - რატომ, მაგალითად, ამ კონკრეტულ ერთი ადამიანის მიმართ გადაამეტა უფლებამოსილებას სუს-მა და არა დანარჩენი ოთხი ადამიანის მიმართ, რომლებიც იმავდროულად იყვნენ აყვანილები?
ხომ არ იყო ეს იმის ბრალი, რომ ამ ადამიანს მართალა უნდოდა ხელყუმბარის აფეთქება, რომელიც იმ წუთში საფრთხეს უქმნიდა სპეცრაზმელებსაც და ადამიანებსაც, რომლებიც იმ პერიმეტრში იმყოფებოდნენ? ეს რატომღაც არავის ჰქონდა წინ წამოწეული და ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა არის ნამდვილად უსამართლო“, - ამბობს სოფო კილაძე.
პანკისის ხეობის მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვენ ანალიტიკოსები და სახელმწიფოს მოუწოდებენ დეტალურად შეისწვალონ ეს თემა. იმ შემთხვევაში, თუკი ხეობა და არსებული პრობლემები ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლებელია, პროცესები იმ სცენარით განვითარდეს, რაც რუსეთის ხელში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარი ბერკეტი გახდება.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ თემა რთულია და წინა ხელისუფლების მსგავსად, ამ ხელისუფლებასაც პანკისის მოსახლეობის დიდი ვალი აქვს. ვალი კი, მისი თქმით იმ სიმართლის დამალვაა, თუ რა მოხდა 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის ხეობაში.
„როდესაც არ ეუბნები სიმართლეს, რა ხდებოდა მის თავს, როცა ცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი ბრალი ნაკლებად დაუცველებს მიანიჭო, ცხადია ეს ამძიმებს ვითარებას. უპირველეს ყოვლისა უნდა გაიხსნას ლაფანყურის უბედურების ავტორები და მომქედებები. სხვა მხრივ, ჩვენ დავკარგავთ ქისტებს, რომლებიც არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ლეკიანობასო - ეს იყო შეურაცხყოფა ქისტებისთვის, რადგან სწორედ, მათი მარიფათით და პატრიოტიზმით მოხდა მე-19 საუკუნეში ლეკიანობის შეჩერება. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, რასაკვირველია აღსრულდება არა ქართული, არამედ კრემლის რუსული ოცნება, რომ პანკისი გახდეს მისი ნაწილი. 2013 წლის აპრილიში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ბატონი ბიძინა ბრძანებდა, რომ მომავალ კვირას განვასაჯაროვებთ პროკურატურის მასალებს რა მოხდა პანკისის ხეობაშიო, მაგრამ დღემდე ეს მასალა არავის უნახავს. მე დარწუმენული ვარ, რომ ამ საქმის გასაჯაროვება შოკის მომგვრელი ინფრომაცია იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსული თემა რომ გვერდზე გადავდოთ, თავისთავად თემა არის რთული, ისევე როგორც ოპერაცია. მისი თქმით, აღნიშნული საქმე, რომ ქირურგიულ ოპერაციას შევადაროთ, რაც უფრო რთულია ოპერაცია, მით უფრო მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება ოპერაციას და მით უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს შეცდომის შედეგი.
„ერთი არის ანტიტერორისტული ოპერაცია და მეორეა მისი შესრულების ხარისხი. ის, რომ ექიმის შეცდომის გამო შეიძლება უბედურება მოხდეს, არ აყენებს საკითხს იმის თობაზე, რომ მედიცინაში მოისპოს ოპერაციები.
ანალოგიური მოვლენა არის ამ შემთხვევაშიც, საზოგადოების ქირურგია არის ძალოვანი სტრუქტურის ყველა ოპერაცია, რომელიც სპეცოპერაციის სახელით არის ცნობილი და მაგ ლოგიკით მიმდინარეობს - რაც უფრო რთულია ოპერაცია, უფრო მეტია პროფესიონალზიმის მოთხოვნა. რაც არ უნდა დამნაშავე ყოფილიყო ის ახალგაზრდა, ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ უვნებლად აიეყვანათ.
ამ პროცესით აღელვებული პანკისელები მუქარასაც კი არ მიანიშნებენ, უბრალოდ, გამოთქვამენ თავიანთ მოთხოვნას. თავისთავად ჯანსაღი მოვლენაა, რაც მიუღებლად მიაჩნიათ იმას აპროტესტებენ, დემოკრატია მეტი არაფერია. ასე რომ, პანკისური ამბები პანკისიდან არ იმართება. ამოტივტივდა მოსაგვარებელი პრობლემები, რაც აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლების ყურადღებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.