ჩატაევის თანამზრახველებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ჩატაევის თანამზრახველებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი - პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ტერორისტებთან კავშირი და დახმარების გაწევა, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცისას მოკლულ ახმედ ჩატაევს და მისი თანამზრახველებს კავშირი ჰქონდათ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირებთან, რომლებმაც ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოიყვანეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან ცნობილი გახდა, რომ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია ჩატაევის დაჯგუფებასთან კავშირში. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. შვილის ტერორისტებთან კავშირს უარყოფს დაჭრილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც სუს-ი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მის სახლში იარაღი არ უპოვიათ და გავრცელებული ინფორმაცია, ხელყუმბარის გახსნასთან დაკავშირებით ტყუილია.

„ჩემს შვილის არანაირი კავშირი არ აქვს არა მხოლოდ აჰმედ ჩატაევთან, არამედ ზოგადად, ტერორისტებთანაც. აკავშირებენ იმიტომ, რომ სად რა ხდება, მაგის შნო, მაგის ძალა, მაგის ენერგია მთავრობას არ გააჩნია. უნდათ ვიღაცა გაწირონ, აი რა ხდება. ჯერ ამ ჩემ შვილს მივხედავ, რა მდგომარეობა იქნება, ველოდები, რომ გამოჯანმრთელდება, ან მივაბარებ ალაჰს და აი, მერე გავაკეთბ იმას, რაც საჭიროა“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის განცხადებით, მის შვილს მძინარეს შუბლში და მხარში ესროლეს.

ჩხრეკის დროს იარაღის ამოღებას უარყოფს, სპეცოპერაციის დროს სოფელ ომალოში დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ოჯახი. დაკავებულის დედის განმარტებით, მათ ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომ ჩხრეკის შედეგად სახლიდან იარაღი არ იქნა ამოღებული.

„დაახლოებით 04:00 საათი იქნებოდა, კარის გაღებაც არ აცალეს ჩემს ბიჭს, ისე შემოვარდნენ. გაჩხრიკეს ყველაფერი, იარაღი ვერ ნახეს, ან სად უნდა ენახათ, ჩემი შვილს რად უნდა იარაღი, შრომობს, სოციალურად დაუცველია. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ყავს. ხელიც მოვაწერეთ, რომ არავითარი იარაღი არ ყოფილა, მხოლოდ საძილე ტომარა, ტელეფონი, ბავშვის ლეპტოპი და რაღაც დისკები წაიღეს. რა უნდათ, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ასმათ მუთოშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულის ოჯახი უარყოფს კავშირს ახმედ ჩატაევთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამთავრობო უწყებებსა და რიგით მოქალაქეებს სუს-ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, სწორედ სუს-ი არის ის უწყება, რომელზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება.

„სამთავრობო უწყებებმა და თითოეულმა მოქალაქემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, რადგან როგორც ადრეც ვამბობდით, ახლა უკვე ეს გახდა თვალხილული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ის სამსახური, რომელიც დღე და ღამე შრომობს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში, ამიტომაც, რა თქმა უნდა, მათ აქვთ მხარდაჭერა და უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძეს ინფორმაციით, იმ წუთში სამართალდამცავი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა, რადგან დაჭრილი პირი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა. მისი თქმით, დროულად მოხდა კიდევ ერთი დანაშაულის აღკვეთა.

„როგორც სუს-ში განაცხადეს, ეს ადამიანები საქართველოში მწვანე საზღვრის გავლით შემოვიდნენ და მათ საქართველოში ჰყავდათ დამხმარეები. სამწუხაროდ, ტერორისტები ყველა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. საქმე მწვანე საზღვარს ეხება, რომელიც ჩვენი მესაზღვრეების მიერ მაქსიმალურად კონტროლდება, თუმცა მწვანე საზღვარს აქვს თავისი სპეციფიკა, კერძოდ, ყველა მონაკვეთზე მილიონობით პოლიციელი ვერ დგას, რადგან სახელმწიფოსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი.

რაც შეეხება სპეცოპარაციის დროს ადამიანის დაჭრის ფაქტს, იმის მიუხედავად, რომ ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ თითოეულ ადამიანს, მათ შორის დამნაშავესაც კი, არსებობს მეორე მნიშვნელოვანი სიკეთე, რასაც საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი ჰქვია. თუ ეს ადამიანი საფრთხეს უქმნიდა სამართალდამცველებს თუ სხვა ადამიანებს, სამართალდამცავმა ამ შემთხვევაში სწორად იმოქმედა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ სხვა ადამიანების გადარჩენა მომხდარიყო“, - აცხადებს სოფო კილაძე.

ოპოზიციას კითხვა აქვს ხელისუფლებასთან - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი ციხიდან გაათავისუფლეს, საქართველოდან გაუშვეს და შემდეგ ისე გადმოიყვანეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო? როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს? გარდა ამისა, კაპანაძის თვლის, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ყველა დეტალი მაქსიმალურად უნდა იყოს გასაჯაროებული.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სპეცოპერაციები მსხვერპლისა და დანაკარგის გარეშე ტარდებოდეს. ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, ის პასუხგაუცემელი რჩება - ვისი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩატაევი საქართველოდან გაუშვეს, მანამდე ციხიდან გაათავისუფლეს და შემდეგ საქართველოში ისე გადმოიყვანეს, რომ ამაზე ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო?“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას ეხმაურება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ხაზგასმით აღნიშნავს სპეცოპეარციის დროს დაჭრილის ოჯახის წევრებისა და სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებების ურთიერთ გამომრიცხაობას.

„ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოჯახის წევრების განცხადება და სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში მოხდა პირის დაჭრა, ურთიერთგამომრიცხავია. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავერთვებით საკითხის შესწავლაში. ველოდებით გარკვეულ ინფორმაციებს და გვექნება შესაბამისი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.