სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე 2018 წელს ცვლილებებს აანონსებს. ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, ისევ ოცნების წიაღში შეიქმნება და ინტრიგების გარეშე ვერ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები. სოცილოგი თვლის, რომ კვირიკაშვილი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და ასევე გამოყოფს კვირიკაშვილის მთავრობის წარმატებულ მინისტრებს.
როგორ იყო კვირიკაშვილის მთავრობის 2017 წელი და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი შს მინისტრი? ამ საკიხებთან დაკავშირებით for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.
ვალერიან გორგილაძე: პირველი რაც მოხდა ამ წელს და ეს არის შარშანდელი ტენდენციის გაგრძელება, ეს არის ძალაუფლების კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“ ხელში. ეს შეიძლება შეაფასო, როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ მოვლენად, მაგრამ ფაქტია, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ პოლიტიკურ ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაცია. ის არის სხვადასხვა ინტერესთა თუ გავლენათა ჯგუფების გამაერთიანებელი პოლიტიკური სტრუქტურა. ეს ნათლად დავინახეთ ფრაქციების დაყოფის თვალსაზრისითაც, როდესაც უმრავლესობის შიგნით შეიქმნა დამატებითი ფრაქციები. ესეც ლოგიკური პროცესია, რადგან ბიზნესთემების ლობისტებს გააჩნიათ სხვა ინტერესები, მაჟორიტარებს, სოციალისტებს, ლიბერალურ ფრთას, ყველას თავისი ინტერესი აქვს.
ამდენად, ჩვენ ვხედვათ, რომ კონსტიტუციის და სხვა პროცესებიც მიღებაც ხდება კონსოლიდირებული კონსენსუსის საფუძველზე. ანუ, „ოცნება“ შიგნით ახდენს მოლაპარაკებას და ეძებს კომპრომისებს. „ოცნებას“ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას უწევს თავად „ოცნება“. იგივე მაჟორიტარული წესის გაუქმება და 2020 წლისთვის გადატანა, მიწის გასხვისების საკითხი, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ა.შ და ა.შ.
ყველა ეს საკითხი მიიღება თუ არა, მხოლოდ „ოცნებაში“ გაჩაღებული მწვავე შიდა დისკუსიების შედეგად. დანარჩენი ოპოზიცია თამაშობს აქსესუარის, პოლიტიკური დეკორაციის ფუქნქციას. აქედან გამომდინარე შეიძლება დავსვათ პროგნოზი - „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, ისევ „ოცნების“ წიაღში შეიქმნება. ამ რღვევის დასაწყისს და „ოცნების“ წიაღში სხვა ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბების პროცესს თვალყური უნდა ვადევნოთ მომავალ წელს.
პრინციპში ეს პროცესი უკვე დაიწყო. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენთან ინტერვიუში დააანონსეთ უმრავლესობის შიგნით სამი ახალი ფრაქციის შექმნა, რაც ჩემმა კოლეგებმა და ოპოზიციამ პრემიერსა და უცნობს შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირეს...
- რღვევის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელება, რაც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა. გვახსოვს „მრგვალი მაგიდა“ - თენგიზ სიგუა და თენგიზ კიტოვანი „მრგვალი მაგიდის“ წარმოადგენდნენ, როდესაც დაუპირისპირდნენ ზვიად გამსახურდიას. იგივე პროცესს ვადევნებდით თვალს „მოქალაქეთა კავშირში“, როდესაც ე.წ. ახალგზრდა რეფორმატორთა ბირთვი შეიქმნა, გაიყო ჟვანია-სააკაშილის ფრაქციებით, მერე ეს ფრაქციები გაერთიანდნენ და მოხდა ე.წ. ვარდების რევოლუცია.
როდესაც წინა გამოცდილებას აკვირდები, მეთოდოლოგიურად, ეს ინდუქციური დაკვირვება გაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი ტენდენცია ამ შემთხვევაშიც განხორციელდება. ერთადერთი, ჩვენ დღეს ვერ ვხედვათ ლიდერებს. ჯერ ინსტიტუციურად მოხდა ინტერესების გამიჯვნა და ფრაქციის სტატუსის ჩამოყალიბება. მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიხილოთ კონკრეტული ლიდერები, კონკრეტული განაცხადები, თავისი პოლიტიკურ-იდეოლოგიური პოზიციებით.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან პროცესებს, ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ სოციალურ ფონზე, რომელიც არ არის სახარბიელო, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ყველაზე მზარდი ეკონომიკური ტემპების დემონსტრირებას ახდებს რეგიონში. ჩვენ ვხედავთ ტურისტების მომატებულ ნაკადს. მიმდინარეობს მშენებლობები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
2017 წელს საინტერესო მოვლენა იყო დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც პარტიის გაყოფის საფუძველი გახდა...
- გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ მწვავე დაპირისპირებას ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის. ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ შეტევებს და უკრაინაში სააკაშვილის აქტიურობას, რაც გარკვეულ სტიმულს აძლევს მათ. შემთხვევითობად არ მიმაჩნია მელიას თავდასხმა კვირიკაშვილზე. რამდენად ადეკვატური იყო კვირიკაშვილის პასუხი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ვითარება რომელსაც სააკაშვილი ქმნის უკრაინაში, რაღაცნაიარად ეხება საქართველოს, რაც იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ უფრო მეტ გაღიზიანებას და აგრესიას მმართველი პარტიის მიმართ.
რაც შეეხება წლის მოვლენებს, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები იყო ძალიან საინტერესო მოვლენა, როდესაც ამომრჩეველმა პოლიტიკური ველიდან გაიყვანა რამდენიმე პარტია, დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა მეორე ადგილზე, დამარცხდა მთავარი ოპოზიციური ძალა...
- გეთანხმები და მადლობა, რომ შემახსენე. შეიძლება ეს არ იყოს გლობალური შეშფოთების საგანი, მაგრამ ეს არის გარკვეული სიგნალი „ოცნებისთვის“, როდესაც დამოუკიდებელი კანდიდატი, პარტიული მხარდაჭერისა და პარტიული ინფრასტრუქტურის გარეშე გადის მეორე ადგილზე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ელისაშვილი, სოციოლოგიის მიხედვით, მცირედით უსწრებდა ზაალ უდუმაშვილს, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ „ნაციონალურ მოძარაობას“ გააჩნდა თავისი მხარდაჭერები, კოორდინატორები და ა.შ. მეგონა, რომ ამ საორგანიზაციო რესურსის შედეგად ის მოახერხებდა და გაიმარჯვებდა ელისაშვილზე. უნდა ვაღიარო, რომ შევცდი. ელისაშვილმა აჩვენა მეორე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერთა ინფრასტრუქტურა ძალზედ შესუსტებულია.
ასევე, ელისაშვილის წარმატება ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველთა ის სეგმენტი, რომლისთვისაც მიუღებელია „ოცნებაც“ და მეტად „ნაცმოძრაობა“, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელიც უახლოვდება 20%-ს. შესაბამისი უნარების მქონე ლიდერით და პარტიული სტრუქტურის მხარდაჭერის პირობებში, ამ ძალამ შეიძლება გარკვეული განაცხადი გააკეთოს და როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდეს „ქართულ ოცნებას“.
თუმცა, მოსალოდნელია „ოცნების“ გახლეჩვა და მეორე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელმაც შესაძლებელია, რომ მოახერხოს ამ საპროტესტო ნიშის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუფლება. ანუ, „ოცნების“ წიაღში შექმნილი მეორე პოლიტიკური ძალა შეეცდება ზომიერად პროტესტულად განწყობილი და ნეიტრალური ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას.
ზუსტად ერთი წლის წინ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, ახალი მთავრობით და ახალი გამოწვებებით შეხვდა ქვეყანა ახალ წელს. ანალოგიური ვითარება გვაქვს დღესაც, იმ განსხვავებით, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ისევ გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები. კვირკაშვილის მთავრობის ახალი სახე არის გიორგი გახარია იმ თვალსაზრისით, რომ მან ჩაიბარა შს სამინისტრო. როგორც ეკონომიკის მინისტრი გახარია არ იყო აქტუალური ფიგურა, რასაც ვერ ვიტყვით ამ შემთხვევაში. დაანონსებული რეფორმების ფონზე, რამდენად დიდი გამოწვევევის წინაშე დგას გიორგი გახარია?
- თავად მინისტრი აღიარებს ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება ტოტალური რეფორმირების გატარების შესახებ. რეფორმები გაგრძელდება საპატრულო პოლიციაში, რეფორმები შეეხება კრიმინალურ პოლიციას და აქ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს საგამოძიებო და დეტექტიური ფუნქციის გაყოფა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები ასევე ხორციედლება სასამართლოში და პროკურატურაში. ის, რომ ბრალდების საფუძვლიანი წარდგენის აუცილებლობა დგას კრიმინალური პოლიციის წინაშე, ეს ფაქტია.
სასამართლოში საქმეები ვერ გადაწყდება ისე, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. შევარდნაძის პერიოდში კორუფცია მძლავრობდა, სააკაშვილის პერიოდში ჩინოსნების სატელეფონო ზარით იღებდა მოსამართლე გადაწყვეტილებას. იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს პოლიცია, დადოს დასაბუთებული დასკვნა და დაამტკიცოს ბრალდებულის საფუძვლიანი ბრალდება, აუციელებლია გაიზარდოს კვალიფიკაცია, ასევე უნდა გაიზარდოს მოსამართლეების კვალიფიკაცია. რეფორმა, რაზეც საუბრობს შს მინისტრი, არის დროული.
გარდა ამისა, მინისტრი საუბრობს ნდობის მოპოვების აუცილებლობაზე. ამბობს, რომ არის გარკვეული პრობლემები. შეუძლებელია წარმატებული რეფორმის განხორციელება, წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუკი პოლიციას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. მინისტრმა თავად თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია, მას არ სიამოვნებს ასეთი ტიპის საპოლიციო კონტროლის ჩატარება.
უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრი არის გულწრფელი, არ მალავს პრობლემებს და ჩვენ პირველად ვნახეთ მინისტრი, რომელიც საზოგადოებას აქტიურად აცნობს თავის ხედვებს, კონცეფციას და მოსაზრებებს რეფორმებთან დაკავშირებით. ამდენად, ეს იწვევს გარკვეულ სიმპათიას და მხარდაჭერას მოსახლეობის მხრიდან, რომ ის აქტიურად ხსნის სამინისტროს პოზიციას და ამასთან ერთად არის თვითკრიტიკულიც და საღად და რაციონალურად ახდენს არსებული ვითარების ანალიზს.
როგორი იყო გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა თავისი წარმატებებით და წარუმატებლობით?
- მე დადებითად ვაფასებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას. უზარმაზარი რუტინული საქმიანობა არის განხორციელებული და მათ შორის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. 2 წელია რაც პრემიერ-მინისტრია კვირიკაშვილი და ჩვენ ვხედვათ პოზიტიურ ძვრებს. ვხედავთ, რომ ეკონომიკური გარემო უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, ვხედავთ ინვესტიციების ზრდას, ვხედვათ უპრეცედენტო მასშტაბების მქონე პროექტს, რომელიც ხორციელდება ანაკლიაში. ასევე - ქუთაისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროექტი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გააძლიერებს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით მისიას რეგიონში.
რა თქმა უნდა, აღვნიშნავდი გიორგი გახარიას, რომელიც ლოგიკურად გააზრებულ კონცეფციებს აცნობს მოსახლეობას, რაც ამ მთავრობას ნაკლებად ახასიათებს და განსაკუთრებით ცალკეულ მინისტრებს. გიორგი გახარიას კარგად ესმის საზოგადოებასთან კომუნიკაციის აუცილებლობის და თვლის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას სისტემა. შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვს მოსახლეობისგან გააზრებულ მხარდაჭერას რეფორმისტული პოლიტიკის განხორციელებაში, რომელსაც ასე აქტიურად აანონსებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ლიდერებს გააჩნია. ამ მთავრობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ლიდერების ნაკლებობაა. გიორგი გახარია, კი ავლენს შესაბამის თვისებებს.
რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ძალიან ეფექტურია კახი კახიშვილი. ძალიან ეფექტურად ატარებს რეფორმებს პენიტენციურ სისტემაში. ამასთან ერთად, კახი არის ძალიან ტექნოლოგიური იმ საკითხებთან მიმართებაშიც, რომელიც ეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას. კახიშვილი კარგი მენეჯერია, მაგრამ ამასთან ერთად, მან მოახერხა პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული საკუთარი ხედვის, კონცეფციის განხორციელება და მნიშვნელოვნად მოაწესრიგა სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პრობლემური იყო. მას შემდეგ, რაც კახი ხელმძღვანელობს ამ სისტემას, არ გვესმის ინფორმაცია პატიმრის წამებასა და არადამიანურ მომპყრობასთან დაკავშირებით. პირიქით, მესმის სისტემის ჰუმანიზაციის და პოზიტიური ძვრების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალმა კადრმა ჩაიბარა განათლების სამინისტრო, გახარიას მსგავსად, ამ მიმართულებითაც დაანონსდა მნიშვნელოვანი რეფორმები. შეიძლება ითქვას, რომ ამ უწყებას ჰქონდა ჩავარდნა?
- სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. ნაკლებად ვიცნობ განათლების მინისტრს. ვფიქრობ, რომ ჯერ ნაადრევია შეფასება, სულ რამდენიმე თვეა, რაც ახალი მინისტრი შეუდგა საქმიანობას.
ელოდებით ცვლილებებს 2018 წელს?
- კი. მე ველოდები ცვლილებებს.
2018 წელს საქართველოში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდი კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ცნობილია, რომ ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილი. თავის მხრივ საპრეზიდენტო კამპანია უკვე დაიწყო შალვა ნათელაშვილმა. რა მოლოდინი გაქვთ კანდიდატებთან დაკავშირებით?
- რაც შეეხეება საპრეზიდენტო კამპანიას, მე მგონია, რომ ის იქნება საკმაოდ დაძაბული, ვინაიდან იმის მიუხედავად, რომ მარგველაშვილი არის კრიტიკის ობიექტი მთავრობის მხრიდან, სხვადასხვა ექსპერტების და მათ შორის ჩემი მხრიდანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მარგველაშვილს აქვს საკმაოდ მაღალი ნდობის და მხარდაჭერის რეიტინგი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მისი შანსები მეორედ არჩევაზე არის დაბალი.
„ქართული ოცნება“ შეეცდება რეიტინგული კანდიდატის წარდგენას - რეტინგებისა და ნდობის მხარდაჭერის მიხედვით, მარგველაშვილის დამარცება ელექტორაული რესურსის თვალსაზრისით შეუძლია თბილისის მერს კახა კალაძეს, გიორგი კვირიკაშვილს და დავით სერგეენკოს, ესენი არიან რეიტინგული ფიგურები. თუმცა, არ გამოვრიცხავ გამოჩნდეს სხვა კანდიდატი, ეს უფრო ტექნოლოგიის საკითხია და სასაურველია, რომ მაღალი ცნობადობის იყოს.
ამ თვალსაზრით, ალბათ, აქაც მოხდება ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია, როდესაც „ქართული ოცნება“ მმართველობის ყველა ბერკეტს დაეუფლება, ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას. თუმცა, აქაც მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები და ელისაშვილის ქეისმა გვანახა, რომ საზოგადოებაში არის დამოუკიდებელ ლიდერზე მოთხოვნა. არ არის გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვიხილოთ ელისაშვილი. შეიძლება ვიხილოთ დავით უსუფაშვილიც. ამდენად, ეს არჩევნები ინტრიგის გარეშე ვერ ჩაივლის. ეს იქნება დაძაბული და საინტერესო ბრძოლა.