„ტრამპს არ უთქვამს, იერუსალიმის რომელ ნაწილზეა საუბარი, მან უკან დასახევი გზა დაიტოვა“

„ტრამპს არ უთქვამს, იერუსალიმის რომელ ნაწილზეა საუბარი, მან უკან დასახევი გზა დაიტოვა“

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციას მხარი 21 დეკემბერს დაუჭირა, რაშიც მონაწილეობა 128 სახელმწიფომ მიიღო. ქართულმა დელეგაციამ იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენი დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა. ხოლო იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხმა არ მისცეს, ან არ გამოცხადდნენ დარბაზში, ან თავი შეიკავეს. ამის მიუხედავად, აშშ იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამო 65-მდე ქვეყნის მადლიერია და ამ 65 ქვეყანას შორისაა საქართველოც.

პარალელურად, უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო აშშ-ს ემუქრება. დასავლურ მედიაში შიშობენ, რომ აშშ-სა და ევროპის მსხვილ ქალაქებში ხიფათია მოსალოდნელი. ამიტომ სადღესასწაულო ღონისძიებები განსაკუთრებული უსაფრთხოების დაცვით ჩატარდება.

რამდენად გართულდება ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა და ხომ არ შეარბილებს დონალდ ტრამპი თავის პოზიციას, თუკი მისი გარემოცვა ბევრად უფრო რეალისტურ განწყობაზე გადაიყვანს მას?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე ესაუბრა.

თამარ კიკნაძე: ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ ტრამპის განცხადებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა დასავლელ პარტნიორებს შორის და თავად ტრამპის ადმინისტრაციაში. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგნი იყვნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი და სხვები. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიღებულ იყო ამერიკის მხრიდან ჯერ კიდევ 1995 წელს, ბილ კლინტონის დროს. თანაც, მაშინ ასეთი დათქმა არსებობდა, რომ 1999 წლის 31 მაისამდე იერუსალიმში აუცილებლად უნდა გახსნილიყო ამერიკის საელჩო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სანქციები უნდა მიეღოთ და ბიუჯეტი ჩამოეჭრათ. თუმცა პერიოდულად ეს გადაწყვეტილება მორატორიუმით ჩერდებოდა. მოგეხსენებათ, იერუსალიმი გაყოფილია და საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს იმას, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილი მოიაზრება პალესტინის ტერიტორიად, ხოლო დასავლეთ ნაწილი - ისრაელის ტერიტორიად. კლინტონის შემდგომ არც ერთ პრეზიდენტს, თუნდაც იმავე ჯორჯ ბუშს, ან ბარაკ ობამას, ეს საკითხი წინ არ წაუწევია. წინამორბედებისგან განსხვავებით, ტრამპი აცხადებს, რომ ის განწყობილია იმისკენ, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება.

საინტერესოა, ტრამპი მთლიან იერუსალიმს აცხადებს ისრაელის დედაქალაქად?

- მას საერთოდ არ უთქვამს, იერუსალიმის რომელ ნაწილზეა საუბარი. ჩემი აზრით, ვინც აღნიშნული განცხადების ტექსტს უმზადებდა ამერიკის ახლანდელ პრეზიდენტს, ზუსტად ამ კონტექსტში დაუტოვა უკან დასახევი გზა. პრეამბულაში ტრამპმა ასეთი რამ თქვა, დასავლეთ იერუსალიმში განლაგებულია პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, მაგრამ ტრამპს არ უხსენებია იუსტიციის სამინისტრო და პოლიცია, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმშია განლაგებული. ანუ ეს არის პიარსვლა, რათა რამე რომ იყოს, უკან დასახევი გზა დაიტოვოს. სხვათა შორის, 6 აპრილს რუსეთმაც განაცხადა იერუსალიმის შესახებ, რომ დასავლეთ იერუსალიმს ისრაელის შემადგენლობაში მოიაზრებს, მაგრამ არავითარი დიდი აჟიოტაჟი ამ განცხადებას არ მოჰყოლია. ტრამპის განცხადებას კი განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა. მოგეხსენებათ, როგორი ძლიერი ლობი ჰყავს ისრაელს.

მით უმეტეს, ისრაელის ლობი განსაკუთრებით ძლიერია ამერიკაში.

- ცხადია, ამერიკაში ძლიერია და ამერიკაში არის ასეთი მილიარდერი - შელდონ ადელსონი. იგი დაახლოებით 37 მილიარდის მფლობელია და, როგორც ირკვევა, ტრამპის საარჩევნო კამპანიაში მას 25 მილიონი დოლარი ჩაუდია.

ამას ემატება ისიც, რომ ტრამპის სიძე- ჯარედ კუშნერიც ებრაელია. შესაძლოა, ტრამპზე არა მხოლოდ შელდონ ადელსონის მილიონები, არამედ ოჯახური განწყობაც მოქმედებს ისრაელის სასარგებლოდ?

- მისი სიძეც ებრაელია და მისმა ქალიშვილმაც მიიღო იუდაიზმი. ასე რომ, ებრაელების ლობის გავლენა ტრამპზე ძალიან ძლიერია და, როგორც ჩანს, პრეზიდენტად მის მოსვლას ძალზე შეუწყო ხელი ებრაულმა ლობმა. ამიტომაც ტრამპმა შეასრულა საარჩევნო დანაპირები.

მაგრამ საქართველოსთან მიმართებით რა ხდება? აქ ხომ ხელისუფლებაში არ მოდიან ისრაელის ლობიზმით? მოგეხსენებათ, ჩვენმა პარლამენტარმა მოითხოვა, საქართველომ უპირობოდ დაუჭიროს მხარი ტრამპის გადაწყვეტილებას და ცნოს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად.

- ებრაელმა დეპუტატმა, შალელაშვილმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი გუნდი. მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლად იგი ასეთი ინიაციატივით არ უნდა გამოსულიყო. პირველ რიგში, მას, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი ქვეყანა თავის გადაწყვეტილებებში არ არის დამოუკიდებელი. ჩვენ ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ, ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებთ მათთან შეთანხმებით. ამავე დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორებად ვითვლებით და ორივე მხარესთან კონსულტაციებით ინტერესთა შეჯერება მოხდება. საქართველო საკუთარი ინტერესიდან უნდა გამოვიდეს. ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე როცა გავიდა, სწორედ ამერიკა იყო იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებდა აშშ-ს, უკან წაეღო თავისი განცხადება. ეს განცხადება არღვევდა ყველა იმ რეზოლუციას და მოლაპარაკების შედეგს, რაც იქამდე იყო გამართული და ახლო აღმოსავლეთში პროცესთა განმუხტვას უწყობდა ხელს. სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა გაეროში ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი პროცესის კოორდინატორმა ნიკოლაი მლადენოვმა. თუმცა საპასუხოდ გამოვიდა ნიკი ჰეილი და აღნიშნა, რომ ეს არა მარტო ისრაელის, არამედ ამერიკის საშინაო საქმეში ჩარევაცაა, რადგან ამერიკა სუვერენული ქვეყანაა და უფლება აქვს, ისე აღიაროს იერუსალიმი, როგორც მას სურს. გარდა ებრაული ლობისა, ამერიკაში ძალზე ძლიერია, აგრეთვე, ევანგელისტურ-ქრისტიანული კავშირი. ისინიც მომხრეები არიან, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარონ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაბული სამყარო გაერთიანებულია ტრამპის ამ განცხადების წინააღმდეგ, შეიძლება, მაინც ისე განვითარდეს მოვლენები, რომ არაბული სამყარო ისევ ისრაელის მხარეს დადგეს, რადგან მათ ჰყავთ საერთო მოწინააღმდეგე - ირანი.

ეს რთული რეგიონია, სადაც უამრავი პოლიტიკური და რელიგიური ინტერესი იკვეთება. თუმცა ისტორიული სამართლიანობა ვისკენაა?

-ბიბლიურად ეს ტერიტორია ებრაელებისაა, თუმცა პალესტინელებიც და ებრაელებიც ერთი და იგივე სემიტური ჯგუფის ხალხია. ამიტომ საკითხის მშვიდობიანად გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. როდესაც დაარსდა ებრაელების სახელმწიფო, 1947-48 წლის სტატუსის თანახმად, იერუსალიმი გაყოფილი იყო ორ ტერიტორიად. 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს ებრაელებმა მოიპოვეს კონტროლი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 1980 წელს ქნესეთმა მიიღო გადაწყვეტილება მთლიანად იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილების უკან წაღება ებრაელებისთვის საკმაოდ რთულია, რადგან მის გადასახედად საჭიროა, რომ ქნესეთმა აბსოლუტური უმრავლესობით თავიდან უყაროს კენჭი ამ საკითხს და შემდეგ რეფერენდუმზე გაიტანოს, რაც პროცედურულად საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, თითოეული ებრაელი მიიჩნევს, რომ იერუსალიმი ისტორიულად მათი ტერიტორიაა. თუმცა ამ ექვსდღიანი ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის, რომ იერუსალიმის სტატუსი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. თავის განცხადებაში ტრამპმაც იგივე თქვა, რომ შემდგომში მოლაპარაკების გზით დადგინდება საზღვრები პალესტინელებსა და ებრაელებს შორის. უბრალოდ, თავისი არაორდინარულობის გამო ტრამპის ყოველ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვება ხოლმე. რისთვის იყო ტრამპის განცხადებები გათვლილი, ამას შემდგომში ვნახავთ. მსოფლიოში დღეს არ არის მშვიდი სიტუაცია და ისრაელის სასარგებლოდ ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი სიტუაციის დამძიმებას. ტრამპის საქციელი მუსლიმანურმა ქვეყნებმა არა მარტო დაგმეს, არამედ მრისხანების დღეც დააანონსეს.

- მათ შორის, ერდოღანმა, ამ პოპულისტმა ლიდერმა, ტრამპის განცხადება ძალიან კარგად გამოიყენა. მაშინვე შეკრიბა ისლამის თანამშრომლობის ორგანიზაცია სტამბოლში, პათეტიკურად გამოვიდა და პალესტინის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება მოითხოვა. ბუნებრივია, ერდოღანის ტიპის ლიდერი დასავლეთთან ნაკლებ საერთო ენას გამონახავს იმ ავტორიტარული რეჟიმის გამო, რაც მან ჩამოაყალიბა თურქეთში. ამიტომაც ერდოღანის განცხადებები გამოირჩევა ანტიამერიკული რიტორიკით. პროცესი გართულდა, მაგრამ, ალბათ, მოლაპარაკების გზით გაგრძელდება. პოლიტიკა მაინც ვაჭრობის თემაა და ვნახოთ, რა მოხდება.