„მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დილიდან მიმდინარებს.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა ამბიონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიწვია, რომელმაც პატრიარქს აღსაყდრების 40 წლისთავი მიულოცა და მის მოღვაწეობაზე ისაუბრა.
„თქვენო უწმინდესობავ, 40 წლის იუბილე, ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი. აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული ქადაგება, თქვენი შეგონება ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს სათნოების, მიმტევებლობის. ეს ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პატრიარქს.
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათიდან დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარულია. ასევე, გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მღვდელმთავრებთან, ტაძრის მღვდელმსახურებთან და ჩამოსულ სასულიერო სტუმრებთან ერთად აღავლინა. სვეტიცხოველში ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეკლესია-მონასტრის ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები. სტუმრები კი ძირითადად რუსეთის ეკლესიიდან იყვნენ ჩამოსული.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. ილია მეორემ მისი პატრიარქობის 40 წელზე ისაუბრა და ბრძანა, რომ შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.
„კიდევ ერთხელ მადლობას გიძღვნით ყველას თქვენი სიყვარულისთვის, თქვენი ყურადღებისთვის. მე მახსენდება ერთი შემთხვევა - გერმანიაში რომ ვიყავი, სტუდენტები მოვიდნენ ჩემთან და ერთმა სტუდენტმა მითხრა, უწმინდესო, მე ისე მიყვარხართ, როგორც საქართველოო. გმადლობთ, გაიხარეთ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, განსაცდელი გამოვლილი გვაქვს. შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს“, - ბრძანა უწმინდესმა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ამ წლების გავლას ვერ მოახერხებდა, რომ არა მრევლისა და ხალხის სიყვარული. ამასთან უწმინდესმა მრევლს მისთვის ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. მე ყველას დიდ მადლობას ვუძღვნი. მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით, ღვთის ლოცვა-კურთხევით და დახმარებით, ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე. მე მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია“, - ბრძანა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს წმინდა სინოდის სახელით ჯერ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპილიტმა დანიელმა, შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიმართეს და უწმინდესის 40-წლიან ღვაწლზე ისაუბრეს. ხოლო პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ამბიონიდან საზოგადოებას პატრიარქისადმი მილოცვის წერილები წაიკითხა, კერძოდ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, რომის პაპის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის მილოცვები.
„ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და ყოველგვარი სიკეთით სავსე“, - ამ სიტყვებით იწყება მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მილოცვა, რომელიც აღნიშნავს, რომ მის მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო პირადად ულოცავს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეთმპყრობლად არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს.
„დღემდე სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურება თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და ყოველგვარი სიკეთით სავსე. ამ განწყობითა და წმინდა ამბორით გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტესმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით. მრავალსა წელსა მეუფეო. თქვენი უნეტარესობის საყვარელი ქრისტესმიერი ძმა, ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი“, - ნათქვამია პატრიარქ ბართლომეოსის მისალოცვაში.
კათოლიკოს-პატრიარქს ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს ულოცავს რომის პაპი ფრანსისკესი, რომელიც მილოცვის ტექტსში მადლობას უძღვნის უფალს, რომ პირადად გაიცნო და წმინდა ძმური ამბორით გადაეხვია ილია მეორეს.
„მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს. ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, რჩეული ერი, ღმერთმა უდაბნოში ატარა, აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა რწმენა უფლისა, საქართველოს ოდითგანვე ღვთისკურთხეულ და ურიცხვწამებულთა სისხლით გაჯერებულ, ათას ჭირვარამ გამოვლილ, ჯვრის ნიშნით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.
ძვირფასო ძმაო! გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის.
ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს, აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა, მოციქულთა სიტყვის მეშვეობით, რათა ყოველი ერთ იყვნენ“, - აღნიშნულია რომის პაპის მილოცვაში.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მილოცვის ტექსტი კი ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა წაიკითხა. მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ მისი უწმინდესობის სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც იცნობს და უყვარს, ვინც პატრიარქისთვის ლოცულობს და ვინც მისგან კურთხევას ითხოვს. როგორც რუსეთის პატრიარქის მილოცვაშია ნათქვამი, ილია მეორე მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ეკლესიის ყველაზე ხანგრძლივი მეთაურია.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ, როგორც თქვენ, ისე საქართველოს, ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს. 4 ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა, კათოლიკოს პატრიარქთა ტახტზე.
როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი. თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს.
წმინდა პავლე მოციქული მოწმობს, შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა, შეჭმარიტად თქვენ ბრძანდებით სულიერი მამა მრავალთა და საქართველოს ეკლესიის მრავალი სულიერი შვილისა, იერარქებისა, სამღვდელოთა და საეროთა, თქვენ დაუღალავად ზრუნავთ სამწყსოს დასაპურებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ იცხოვრონ სახარებისეული ცნებებით. მართლმადიდებელ საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო თქვენ წმინდა ნათლობით გახდით ნათლია მრავალშვილიანი ოჯახების ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი გაუმზადეთ ქართველი ერის ბედნიერ მომავალს“, - ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვის ტექსტში.
კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც თავად პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
„ბედნიერ თარიღებს ვზეიმობთ - პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს. ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის და სიხარულის გრძნობას გვანიჭებს ყველას. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი და გვყავდა მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გვყავდა და გვპატრონობდა, დღესაც გვყავს, გვპატრონობს და გვაძლევს ძალას. მე ვულოცავ მას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ სასიხარულო და საბედნიერო თარიღს. ვიხაროთ ამ მადლით, რომელიც ჩვენში არის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, რომელმაც პატრიარქს ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომლის განცხადებით. მისი უწმინდესობა ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიისა და მთელი ქვეყნის სულიერი წინამძღვარია.
„ეს ის უნიკალური მაგალითია, რომელმაც დროს გაუძლო. საეკლესიო სწავლებისა და ერის მომავლის დაცვაზე საუბრისას პატრიარქს არაერთხელ ღიად უსაუბრია ქართველი ხალხის ევროპული გზით სვლისა და ამ გზის მხარდაჭერაზე. ვამაყობ, რომ მან რამდენჯერმე მიმიღო და თავისი მოსაზრებები გამიზიარა. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა, ილია მეორეს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. ჩემთვის დიდი პატივია, ქართველ ხალხთან ერთად მთელი გულით მივულოცო მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, აღსაყდრების 40 წლის იუბილე“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სრულიად საქართველოს - კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.
„დიდი სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას გულითად მოლოცვას. თბილად ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ლონდონში 2011 წელს. მიხარია, რომ მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ხალხს შორის იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, - ნათქვამია ელისაბედ მეორის მოლოცვაში.
დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.