ევროპაში კრიპტოვალუტებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. ბიტკოინის ციებ-ცხელებამ, ბებერი კონტინენტის ფინანსურ წრეებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ციფრული ვალუტის წარმოება, ძირითადად, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მათ შორის, ერთ-ერთი მოწინავე საქართველოა, სადაც ბიტკოინის მოპოვების ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ოპერირებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები მკაცრ ზომებს მიიღებენ ბიტკოინთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ინიციატივის მიზეზია ის, რომ ევროკავშირმა თავიდან აიცილოს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
“როიტერის” ინფორმაციით, ეს შეთანხმება არის გეგმის ნაწილი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფინანსური დანაშაულებისა და გადასახადების თავიდან არიდების მინიმუმამდე დაყვანას. ამავე მიზნისთვის მათ უკვე დაუჭირეს მხარი წინასწარ გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების აკრძალვას.
ახალი კანონის მიხედვით, კრიპტოვალუტით მოვაჭრე ვირტუალური პლატფორმები იძულებული იქნებიან მომხმარებლის იდენტიფიცირება მოახდინონ.
როგორც ირკვევა, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ბიტკოინის კურსის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. 2017 წლის დასაწყისიდან ციფრული ფულის, ბიტკოინის ფასი 1700%-ით გაიზარდა. დღეისთვის ბიტკოინის ღირებულება 19 000 დოლარს შეადგენს.
კანონის საკუთარი ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ევროკავშირის ქვეყნებს 18-თვიანი პერიოდი მიეცათ.
„ჩვენი გადაწყვეტილება მოიტანს მეტ გამჭვირვალობას ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“ - განაცხადა ევროკავშირის ისუტიციის კომისარმა, ვერა ჟუროვამ.
პარალელურად საფრანგეთი მომავალი წლის დიდი ოცეულის სამიტზე ვირტუალურ ვალუტა ბიტკოინთან მიმართებაში, რეგულაციების განხილვის ინიციატივით გამოდის.
„არსებობს სპეკულაციების რისკი. ჩვენ უნდა განხვიხილოთ და შევისწავლოთ ეს საკითხი და დიდი ოცეულის სხვა წევრებთან ერთად ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავარეგულიროთ ბიტკოინი”, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მარი.
ფრანგი მინისტრის განცხადებით, ის აპირებს შესთავაზოს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, რომ ვირტუალური ვალუტის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
იმ დროს, როდესაც ევროპა ბიტკოინს უპირისპირდება, საქართველო ლამისაა ციფრული ვალუტის წარმოების ფლაგმანად იქცეს. საქმე ისაა, რომ კომპანია “ბიტფური” კრიპტოვალუტის წარმოებას საქართველოში ახორციელებს და მას ბიტკოინის მაინინგის სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ მოიხსენიებენ. 2016 წლის მონაცემებით, “ბიტფური” არსებული ბიტკოინების 15%-ს მოპოვებას ახორციელებდა.
ბიტკოინის მოპოვების პროცესს მაინინგი ეწოდება, რომლის განმავლობაშიც, ურთულესი მათემატიკური ალგორითმების შედეგად, კომპიუტერი სისტემაში ახალ ბიტკოინებს უშვებს. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. მეტი ენერგორესურსი გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია გონივრული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ღირებულება აქვს.
“კომერსანტის” ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ბიტკოინი ჩინეთში მოიპოვება - ამისი მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის დაბალი გადასახადია.
საქართველოში დაფუძნებული “ბიტფური” ბიტკოინის მაინინგის ბიზნეს სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის სისტემაში.