დენის ტარიფი მცირედით გაიზრდება ან საერთოდ იგივე დარჩება

დენის ტარიფი მცირედით გაიზრდება ან საერთოდ იგივე დარჩება

შეიცვლება თუ არა გადასახადი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. საბოლოო გადაწყვეტილება 1 კვირაში იქნება ცნობილი. თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონერეგია არ გაძვირდება ანდა მატება უმნიშვნელო იქნება. ასეთი პოზიცია სემეკის წევრებსა და საქმეში ჩახედული ენერგეტიკოსების განცხადებებში უკვე იკვეთება.

მარეგულირებელი კომისია დენის ტარიფზე 25 დეკემბრიდან მოყოლებული იმსჯელებს და მაქსიმუმ 28 დეკემბრისთვის ყველაფერი ნათელი იქნება. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რომ წინასწარ იმის თქმა, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის სამომხმარებლო ტარიფი, ნაადრევია და საჭიროა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას.

ამჯერად სემეკის სხდომაზე თბოსადგურების წარმომადგენლებმა წამოაყენეს პრეტენზია. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე ითხოვს, რომ გადაიხედოს ის მეთოდოლოგია, რათა ვალუტის კურსთა სხვაობის ასახვა სწარფადვე მოხდეს წარმოების ტარიფში, რაც დაეხმარება კომპანიებს საკუთარი საქმიანობის წარმოებაში.

„ჩვენ შევთავაზეთ სემეკს, რომ მყისიერად მოხდეს ასახვა კურსთა ცვლილებისა ცვლად ოპერატიულ ხარჯებთან მიმართებაში იმიტომ, რომ თბოსადგურები ვყიდულობთ იმპორტირებულ გაზს დოლარში. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, რომ კომისიამ მეთოდოლოგიასგადახედოს და ყოველთვიური სქემით ხდებოდეს ტარიფის კორექტირება და არა ექვსთვიანი ან ერთწლიანი ინტერვალით“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

სემეკში ამასთან დაკავშირებით განსახვავებული მოსაზრება აქვთ. გიორგი ფანგანის განცხადებით, მოქმედი მეთოდოლოგია დარგში არსებულ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

„შეუძლებელია ყოველთვიურად მოხდეს დათვლა რომელიმე ტარიფის. დღევანდელი მეთოდოლოგია რაც არის, სრულად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც დარგშია. შესაბამისად, კომპანიების ინტერესი წინასწარ არის გათვალისწინებული. თუ კომპანიებს რამე ზარალი აქვთ, სემეკი იმსჯელებს, რომ ეს დაკომპენსირდეს“, - აცხადებს ფანგანი.

დღეს-ხვალ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენას ეცდება. წინასწარი მოლოდინით ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არ უნდა გაიზარდოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი წინასწარი მოლოდინით არ უნდა გაიზარდოს. დღეს რაც ვნახეთ, შეიძლება გაიზარდოს თბოსადგურების გარანტირებული სიმძლავრის საფასური, მხოლოდ - არა ყველა კომპანიისთვის. ამ ეტაპზე სხვადასხვა მოცემულობა გვაქვს“, - განაცხადა ფანგანმა.

თუკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არ გაიზარდა, ეს დადებითი სიგნალი იქნება ელექტროენერგიის ფასის შენარჩუნებისთვის. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ღირებულებაც შემცირდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდას არ გამორიცხავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ფასნამატი დიდი არ იქნება და ამას მოსახლეობა უმტკივნეულოდ გადაიტანს. ლარი, როგორც იქნა, გამყარდა, შესაბამისად, ეს კომპონენტი ვეღარ იქონიებს გავლენას ტარიფზე. რჩება ინვესტიციები, თუმცა ამ კომპონენტში მდგომარეობა არ გართულდება.

„ვფიქრობ, რაღაც ცვლილება ტარიფში იქნება, თუმცა არა ისეთი, რომ მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ენგურჰესის გენერაციის ტარიფი უნდა გაზარდონ. უნდა აღინიშნოს, რომ ლარის კურსი მოწესრიგდა, შესაბამისად, ეს კომპონენტი ვეღარ იქონიებს გავლენას დენის გადასახადზე.

ამ ეტაპზე რჩება ინვესტიციების კომპონენტი. ამ კუთხით მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ რიგ ენერგოკომპანიებს განუცხადეს, თანხები ინვესტიციიდან ამოეღოთ და გადაეტანათ მიმდინარე, საოპერაციო და სხვა ხარჯებში. ასე რომ, რამე კატასტროფული ზრდა ტარიფზე არ იქნება“, - აღნიშნა გია არაბიძემ.