რატომ ქრება სატრანზიტო ტვირთები?

რატომ ქრება სატრანზიტო ტვირთები?

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთის შემცირებამ უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. არასასურველი ტენდენციის შეჩერება წლიდან წლამდე ვერ ხერხდება. 2017 წლის მესამე კვარტალში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალთან შედარებით კი, 21%-ით გაიზარდა. წლის პირველ 9 თვეში სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები წლიურად 6%-ით შემცირდა.

მესამე კვარტალში რკინიგზის შემოსავლებმა 108 მილიონი ლარი შეადგინა, წლის პირველ 9 თვეში კი - 303 მილიონი. შედარებისთვის, გასული წლის 9 თვეში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 323 მილიონს შეადგენდა.

რკინიგზაში ამბობენ, რომ შემოსავლების შემცირებაზე ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებამაც იქონია გავლენა. სატრანსპორტო შემოსავალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გაცვლით კურსზე, რადგან ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული.

2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14 ცვლილება/დამატება, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ცალკეული ტვირთებისათვის დამატებითი პრეფერენციების მინიჭება, რითაც მიღწეული უნდა ყოფილიყო ბოლო წლებში დაკარგული ტვირთნაკადების ნაწილობრივი ან სრული კომპენსაცია.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს რკინიგზის მცდელობა დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებები, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება.

„2017 წელს, სატარიფო პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, ვერ უზრუნველყო, 2012 წელს დაწყებული გადაზიდული ტვირთების შემცირების ტენდენციის შეჩერება, მაგალითად, სატრანზიტო გადაზიდვების მიმართულებით კლება თვალშისაცემია. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4.9 მლნ ტონას მიაღწვვს, რაც 2012 წელთან შედარებით (12.1 მლნ ტონა) კლება 59%-იან კლებას ნიშნავს“, - აცხადებენ სატრანსპორტო კვლევის ცენტრში.

ამასთან, რკინიგზაზე 2017 წელს განხორციელებული სატარიფო შეღავათები მიმართული იქნა, ძირითადად, ქიმიური ტვირთების მოსაზიდად, რაც მაღალრისკიანი ტვირთებია. „ასეთი სახის ტვირთების გადაზიდვა მოითხოვს სპეციალური ინფრასტრუქტურას ნავსადგურებში და მოძრავ შემადგენლობას რამდენად გამართლებულია, „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან, მაღალრისკიანი, ტვირთების მიმართ პრეფერენციების მინიჭების ხარჯზე დამატებითი ტვირთების მოზიდვა?“, - კითხულობენ ორგანიზაციაში.

ფინანსთა ახალი მინისტრის მამუკა ბახტაძსთვის, რომელიც ბოლო წლებში სწორედ „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა, გაუგებარია რომელი ტრანზიტული პოტენციალის დაკარგვაზეა საუბარი, როდესაც ირგვლივ, რაც კი რკინიგზებია და ქვეყნებია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს აქვს.

„ეს ძალიან გაუგებარია ჩემთვის. კომპანიის მოგებას რაც შეეხება, ეს არის „საქართველოს რკინიგზის“ მარჟები და როცა ჩვენ ვსაუბრობთ 2014-15 წლები იყო საქართველოს რკინიგზისთვის საუკეთესო. „საქართველოს რკინიგზა“ არის სატრანზიტო პოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგრამ არის თუ არა მილსადენები, რომელიც ასევე საქართველოზე გადის სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი? - რასაკვირველია არის. ვნახოთ მილსადენების მონაცემები. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. როცა ნავთობი 100 დოლარი ღირდა, პრემიალური გაყიდვის მიზნით მას რკინიგზაზე გადაადგილება ერჩივნა და როცა ჩამოვიდა 50 დოლარზე, მან აირჩია მისთვის უფრო ოპტიმალური ტრანსპორტი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველომ დაკარგა ეს ტვირთი, უბრალოდ, მილსადენებში გადავიდა და მისი მეშვეობით ისეთივე სატრანზიტო ნაწილია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში იყო“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.