გია გაჩეჩილაძის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს უკვე მისი სიძე, გიორგი შარაშიძე უპირისპირდება, რომლიც კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორია. გაჩეჩილაძის სიძე გიორგი კვირიკაშვილს იმ ორგანოზე ზეწოლაში ადანაშაულებს, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს. მიუხედავად ყველაფრისა, შარაშიძე ამბობს, რომ ელოდება გამოძიების დასრულებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
გაჩეჩილაძე-შარაშიძის ბრალდების იზიარებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა ტენდერი, დაწყებული გზებით, დამთავრებული მანქანებით, ეს არის გათვლილი მთავრობასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანებისთვის.
„სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებებს არ ღებულობს უმრავლესობა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრემიერის განცხადებით დასაბუთდა ტენდერის სამართლიანად ჩატარება.
გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს ის დოკუმენტაცია დაუტოვა, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია და სასამართლოშია წარდგენილი. როგორც შარაშინიძე აცხადებს, მათი სურვილია პრემიერი გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას.
შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს „კია მოტორს ჯორჯიას“, სს „ფრანს ავტოს“, შპს „იბერია ავტოს“, შპს „ჯი-თი მოტორსის“, შპს „სტრადა მოტორსის“, სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ წინააღმდეგ.
შარაშიძე ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადება როგორც გამოძიების, ასევე დავების განმხილველ ორგანოებზე ზეგავლენას მოახდენს. მისივე თქმით, კომპანიას საჩივრები როგორც კონკურენციის სააგენტოში, ასევე სასამართლოში აქვს შეტანილი და მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ.
„პრემიერმა განაცხადა ის, რომ გადადგება, თუ კარტელური შეთანხმებები აღმოჩნდება მართალი. ასევე განაცხადა, რომ გაეცნო გუშინდელ განცხადებას და ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ ჩვენი განცხადებები არის უსაფუძვლო. ეს ძალიან საწყენი ფაქტია, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია სასამართლოში უკვე შეტანილი გვაქვს სარჩელი, ასევე შეტანილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოში და არ გვინდა პირდაპირ დირექტივებად მიიღოს ეს ან კონკურენციის სააგენტომ ან სასამართლომ.
დღესდღეობით ხადურის უწყებას უკვე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, არა იმაზე, თუ ვინ არის კარტელურ გარიგებაში და ვინ არა, არამედ გადადგეს თუ არა პრემიერი. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ პრემიერის განცხადება არ იქნება აღქმული დირექტივად, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაწყვეტილების გამოტანა, იმაზე უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
როგორც „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი აცხადებს, 6 კომპანია მონაწილეობს 135-ვე ტენდერში და 6-დან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში. პრემიერთან ერთად შარაშენიძეს კრიტიკის ობიექტი გახდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
„როგორ შეიძლება ორგანო, რომელმაც 9 საჩივრიდან, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, 8 დაგვიკმაყოფილა და არანაირი ქმედება შემსყიდველებს ამ 8 გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენიათ, ამბობდეს - სრული უფლება გვქონდა დისკვალიფიკაცია მიგვენიჭებინა „სიტროენ ჯორჯიასთვისო“. სამწუხაროა, რომ ამ ვრცელ განცხადებაში სააგენტო არ იძახის, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მისცეს სწორედ მაშინ, როცა ის 8 მილიონიანი ტენდერი ტარდებოდა და შეიყვანეს შავ სიაში.
ეს დისკვალიფიკაცია ჩვენ გავასაჩივრეთ შესყიდვების სააგენტოში და მოვიგეთ. ამის მერე ამოგვიღეს შავი სიიდან. ჩვენი მომწოდებელი არის საფრანგეთი. უმსხვილესმა კორპორაციამ, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, როდესაც უყურეს ამ უმსგავსობას, რაც ხდებოდა რეალურად, გადაწყვიტა კონტრაქტის შეჩერება. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, ვეღარ შევძელით ჩვენ იმ სამ ხელშეკრულების მომსახურება.
ჩვენ პირველივე ტენდერით, რომელიც მოვიგეთ, მივაწოდეთ 10 მანქანა, იმის მიუხედავად, რომ თურქეთში მაშინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და ის ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა. 3 - დღიანი დაგვიანებით 10 მანქანა მივაწოდეთ 19%-იანი ფასის კლებით. ამ ყველაფრის ფონზე მაინც ამბობენ, რომ ოთხივე ტენდერი არაჯეროვნადაა შესრულებულიო“, - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
„სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორი დეტალურად არ საუბრობს რატომ და როგორ გადაეცა მის კომპანიას ლილოში მიწის ნაკვეთი უკონკურსოდ. ამბობს, რომ ეს მოხდა კონკრეტული შეთავაზების საფუძველზე, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, სახელმწიფოსთვის იყო მისაღები.
„ეს და ყველა სხვა პროექტი შეჩერდა იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ განხორციელდა არაერთი უკანონო ქმედება და ვცდილობთ ახლა ზუსტად ეს დავამტკიცოთ. რაც შეეხება კარტელურ გარიგებებს, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია, თუმცა ეს არის შეთანხმებული ფასები, კონკურენციის არგაწევა ერთმანეთთან, 57 ტენდერის უკონკურენციოდ ჩატარება. მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ კონკურენციის სააგენტო შეინარჩუნებს ობიექტურობას და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი გაჩეჩილაძის სკანდალურ ბრალდებებზე, რომელიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის“ მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. განცხადებაში აღნიშნულია: „2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი. ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი – 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ (ს/კ: 402033839).
შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიამ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მისცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც კომპანიამ გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა.
სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო“.