„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცეს, მანამდე კი დებატები უმრავლესობის შიგნითაც შედგა - უმრავლესობის დეპუტატების ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მხარდაჭერა არ გააჩნია, თუმცა ხმათა უმრავლესობით მაინც გავიდა.
ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).
ასევე, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის.
დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.
ოპოზიცია ეწინააღმდეგება იმ პრივილეგიებს, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უკანონდება. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, პრობლემა არის მენეჯმენტში და არა ფინანსებში.
გოცირიძის თქმით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს 2%-მდე დავიდა რეიტინგი და გაუთანაბრდა გასართობი არხის „მარაოს“ რეიტინგს - 1.7%-ს.
რაც შეეხება რეკლამას, გოცირიძის შეფასებით, ეს არის პირდაპირი დაკნინება საქართველოში დამოუკიდებელი მედია სივრცის.
„უამრავი პატარა ტელევიზიაა პარლამენტის კორიდორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტში 15-20 კამერა აშუქებს. ეს არის საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარი. თუ საქართველოში რაიმე იყო პირველ რიგში დემოკრატიის კუთხით გამოსაყოფი, ეს იყო მედიაპლურალიზმი. დღეს უამრავ ტელევიზიას ჯიბეში უყოფენ ხელს. ნუ გვგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რეკლამა, მშვენიერი რეკლამა აქვს, უბრალოდ, შეზღუდულია რაღაც დროის ჩარჩოებში. ასევე, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება იმ გადაცემებში, რომლებიც კანონის მიხედვით ნებადართულია. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოსდა რეკლამა არ ჰქონდეთ. ისინი ითხოვენ ამ სარეკლამო სივრცეში კიდევ უფრო მეტი როლის დაკავებას. პრობლემა არის არა ფინანსებში, არამედ მენეჯმენტის ფორმირებაში. ერთი თვის წინ კიდევ ერთი წევრი ავირჩიეთ სამეურვეო საბჭოში, ფეისბუქ პოსტები მაინც წაიკითხეთ. ელემენტარულად, საბჭოს წევრი ღიად მაინც არ უნდა გამოხატავდეს საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს, ეს პირდაპირ ლუსტრირებაა მათი და ამათ უნდა მივცეთ 50 მილიონი ლარი იმისთვის, რომ დამოუკიდებლები იყვნენ? რამდენი ფულიც არ უნდა მივცეთ, მათ მუშაობის ხარისხზე არ აისახება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
როგორც გოცირიძე აცხადებს, GDS-ს რეიტინგი 3% იყო, გახდა 3.5%. ნახევარი პროცენტით მოიმატა GDS-მა, ნახევარი პროცენტით მოიკლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგმა. ალბათ იმიტომ, რომ GDS-ში იყო 20/30, გაქრა 20/30, წამოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაიქცა 21/30-ად და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნახევარი პროცენტი დააკლდა.
„ვამბობთ, რომ „ჯიდიესირებული“ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი?“ - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ამ კანონს ვიღაცა ისეთი უჭერს მხარს, რომელიც ანგარიშგასაწევია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ებღაუჭება სტარტაპების შექმნის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის ჩავარდება, ანუ ცდილობს შექმნას რაღაც ნულიდან საკუთარი ბიუჯეტიდან იურიდიული პირი, რომელსაც მისცემს ფულს, რომელიც აწარმოებს რაღაც მედიაპროდუქტს.
„მიაჩნია, რომ თუ ეს არ დაინერგა მაუწყებლის სისტემაში, ისეთ რამეს კარგავს, უღირთ გადამტერება საპარლამენტო უმრავლესობის, რა არის ასეთი ინტერესი ამაში?“, - განაცხადა გოცირიძემ.
როგორც უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს აუცილებლად წაართმევს.
როგორც კობერიძემ განაცხადა, ასეთი კანონი თანხმობის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.
„გაუგაბარია კომერციული რეკლამის დამატების თემა. თუკი ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების დამატება, კანონში არის მითითებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეიძლება იყოს მშპ-ს არანაკლებ 0.14%, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთების შემთხვევაში, უფრო მეტი თანხა გამოვყოთ, ვიდრე არის 0.14%. იმის დაფიქსირება, რომ საზოგადოერბივი მაუწყებლის მხრიდან მოხდება ჟურნალისტების სტიმულირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია კომერციული რეკლამიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
რაც შეეხება სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხს, კობერიძის თქმით, საზოგადოერივი მაუწყებლისთვის მსგავსი ფუნქციის დამატება აზრს მოკლებულია, როცა სახელმწიფოს ასეთი პროგრამა აქვს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სწორი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი.
„იყო ძალიან ბევრი სადავო საკითხი, მათ შორის, საკამათოდ დარჩენილია მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკაკშირებით გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთი რამ მინდა ვთხოვო ყველას - კამათი, დისკუსია, განსჯა არ უნდა მივიღოთ რაიმე სხვა მოცემულობად გარდა იმისა, რომ ეს არის დემოკრატიის და კანონშემოქმედების უპირობო ნიშანი. ჩვენ გვახსოვს, უკამათო გადაწყვეტილებებს რა შედეგი მოყვებოდა და ამიტომ საკითხებს, რომლებზეც იქნება დისკუსია, გაცილებით სწორი გადაწყვეტილებები მოჰყვება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძეს სჯერა, რომ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და შეუწყობს ხელს მის განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და რეიტინგულობას.