ქველმოქმედება, რომელსაც ბანს კორუფცია აძლევს?

ქველმოქმედება, რომელსაც ბანს კორუფცია აძლევს?

მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას ახსენებს. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, ფულის გაფლანგვის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, ის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და მის მიმართ არსებობს კითხვები. რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართველ საოპერო ბანს, ვასაძე ამბობს, რომ კომენტარი და პროგნოზი ამ ეტაპზე არ იქნება სერიოზული.

„ბურჭულაძე საჯარო განცხადებებში უარს აცხადებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებაზე. კანონმდებლობის სრული დაცვით განხორცილდება მისი სასამართლში გამოკითხვა. სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება აქვს და ეს ნებაყოფლობითი არ არის. საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება კი ნებაყოფლობითია, ამიტომ იგი ვალდებულია სასამართლოში გამოცხადდეს.

გამოძიება ფულის გაფლანგვის მუხლით მიმდინარეობს და არ არის აუცილებელი კერძო პირის მომართვა ან რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულებები პირის მოწმის სახით გამოკითხვასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პაატა ბურჭლაძე ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია და არსებობს კითხვები ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით და თავად მოწმის სახით არის დაბარებული“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

ირაკლი შოთაძის უწყებამ ბურჭულაძე გამოკითხვაზე 13 დეკემბერს დაიბარა. გამომდინარე იქიდან, რომ საოპერო ბანი საქართველოში არ იმყოფება, დაკითხვას დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის დასაწყისში, სასამართლოში ითხოვს. ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე საქართველოში 8 იანვარს ჩამოვა და სასამართლოში მისცემს ჩვენებას იმ შემთხვევაში, თუ მანამდე გამომძიებელი სასამართლოში მოაგვარებს პროცედურებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბურჭულაძემ თავად აირჩია სასამართლოზე დაკითხვის ფორმა, რადგან მიიჩნევს, რომ უფრო გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება დაკითხვის ის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას.

რაც შეეხება ბრალდებას, for.ge-სთან საუბრისას ბარათაშვილი ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და თუ ვინმე ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არის, მაშინ უნდა მიუთითონ რომელი კონკრეტული კანონი და მუხლი იქნა დარღვეული, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საფუძვლიანი საუბარი.

„მოცემულ შემთხვევაში არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, იმ კონკრეტული მიზეზის გამო, რომ ფაქტობრივად ამ ფონდის საქმიანობა არანაირ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებოდა. რა არის კორუფცია და როგორ უყურებენ ამას საჩივრის ავტორები - ისენი თვლიან, რომ საჭირო არ იყო საერთოდ თანხის ხარჯვა ამ კულტურის მოღვაწეებზე, რადგან მათი არგუმენტია, რომ მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული როგორც მათ ჩამოყვანაზე, ასევე კონცერტებისთვის და ამიტომ კარგი იქნებოდა პირდაპირ გადაერიცხათ ეს თანხები გაჭირვებული ოჯახებისთვის.

ასეთი მსჯელობა სრულიად არასწორია. არავითარი თანხა არ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო საქველმოქმედო საღამოები, ანუ ეს ადამიანები, რომ არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და პოპულარიზაცია არ გაეწიათ ამ იდეისთვის. ამ ადამიანებს უთხრა, რომ შენი თანხით ჩამოდი, შენ დაჯავშნე სასტუმრო და შენ თავად გადაადგილდი თბილისშიო, ეს არასწორია. ამაზეა აქ საუბარი. ცხადია, რომ არავითარი კორუფციის ნიშნები აქ არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილი.

ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება ა-ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა, მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

„აფბა“- ს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი for.ge-სთან საუბრისას პროკურატურაში განცხადების შეტანის მიზეზს განმარტავს.

„მე, როგორც ეკონომისტს, რასაკვირველია არ მაქვს სამართლებრივი შეფასების მიცემის საშუალება. სწორედ, იმ გარემოებამ, რომ ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი შეფასების საშუალება, გვიბიძგა მიგვემართა პროკურატურისთვის. შესაბამისმა ორგანომ გამოიძიოს და დადოს დასკვნა შეესაბამება თუ არა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულებებს.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ პაატა ბურჭულაძე შესაბამისი მუხლით არის გასასამართლებელი. ჩვენ პროკურატურისგან მოვითხოვეთ კვალიფიციური დასაბუთების და დასკვნის დადება, იმაზე ბევრად უფრო მეტის, ვიდრე ეს გააკეთა ჟურნალისტურმა გამოძიებამ.

აქვე გეუბნებით, რომ არსებობს ძალიან დიდი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ არაავტორიტეტული და აბსოლუტურად უისტორიო კომპანიების მიერ იყო ჩატარებული ფონდის საქმიანობის შესწვალა და რასაკვირველია, ესეც დამატებითი შეკითხვა და ბუნდოვანი გარემოება არის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამ კითხვებზე პროკურატურა გასცემს პასუხს და ასევე, ძალიან მოხარული ვარ, თუ ფონდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ და დასაბუთებული პასუხი აქვთ იმ კითხვებზე რაც არსებობს“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

მისივე თქმით, მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ვერ იტყვიან რამდენად დამნაშვეა, ან უდანაშაულო პაატა ბურჭულაძე. საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე „აფბა“- ს ეკონომისტი ფიქრობს, რომ საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძოს.

„მიმდინარეობს ეს პროცესი და იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება ყველა იმ გარემოებას, რომელიც არსეობს ამ საკითხის ირგვლივ. თუ არანაირი პრობლემა და არანაიარი გადაცდომა არ არის, ნამდვილად არ მესმის რა გახდა მათი ნერვიულობის საფუძველი. მე თუ დანაშაული არ მაქვს ჩადენილი, პროკურატურა ან ფინანსური პოლიცია ჩემს სიმშვიდეს ვერ დაარღვევს. ჩემთვის გაუგებარია რატომ ღელავენ ეს ადამიანები ასე. თუ ყველაფერი წესრიგშია, მე ეს ძალიან გამიხარდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ანდრია გვიდიანმა.