„სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა შეიძლება დასრულდეს“

„სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა შეიძლება დასრულდეს“

მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ვინაიდან თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას პუტინის არ შეშინებია და მით უფრო უკრაინის ქურდბაცაცა ხელისუფლების არ შეეშინდება. პატიმარი წერს, რომ მისი ცხოვრება უკრაინისა და საქართველოს ხალხს და კორუფციასთან ბრძოლას ეკუთვნის. სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ახლა ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით შინაპატიმრობის შესახებ სასამართლოსადმი შუამდგომლობას ამზადებს. როგორ განვითარდება პროცესები, პროგნოზირება რთულია.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილისთვის პოლიტიკური კარიერის დასასრული, გაიგივებულია მის ფიზიკურ, ბილოგიურ სიკვდილთან.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ჯერ დააკავეს, შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა გაანთავისუფლეს, გამოცხადდა ძებნა, მაშინ, როდესაც პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ცხოვრობდა. გასაგებია, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ეს პროცესები შეიძლება განვიხილოთ როგორც დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა?

ვალერიან გორგილაძე: თამაში შეიძლება ყველაფერს დაარქვას ადამიანმა, მაგრამ გააჩნია რას გულისხმობს - დააპატიმრეს, მერე შეგნებულად გამოუშვეს, რადგან ეს იყო ინსცენირება, მსგავს ვარაუდს, ამ შემთხვევაში, მე უარვყოფ. უბრალოდ, პროცესი, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, არის დიდი პროექტის გაგრძელება, რომელიც დაიწყო პოლონეთის საზღვრის დარღვევით, როდესაც სააკაშვილი, თავის მხარდამჭერებთან ერთად შემოიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. მაშინაც იყო საუბარი ინსცენირებაზე. ორივე ეს ეპიზოდი და ასევე სხვა ეპიზოდები, მეტყველებენ იმაზე, რომ პოროშენკოს ხელისუფლებას ძალიან ცუდად აქვს საქმე.

როდესაც ხელისუფლება ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ უფლებას ძალადობაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხი ძალზედ დაბალია. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ადასტურებს სოციოლოგიური კვლევები. პოროშენკოს ნდობის რეიტინგი 10% პროცენტს არ აღემატება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რად გვინდა სოციოლოგია, როდესაც არის ორი შემთხვევა, პირველი - საზღვრის გარღვევა, ამ ნაწილში ვერაფერი ვერ შეძლო ხელისუფლებამ და არის მეორე უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც აპატიმრებენ სახელმწიფო დანაშაულში ეჭვმიტანილ სუბიექტს და მხარდამჭერთა მეშვეობით ხდება მისი განთავისუფლება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ ახორციელებს მონოპოლიურ, ლეგიტიმურ უფლებას ძალადობაზე და მეტიც, თვითონ ხდება ძალადობის ობიექტი. ეს ყველაფერი, ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენს ქვეყანაში 2003 წლის დატრიალებული მოვლენებიდან და ისიც გვახსოვს, თუ რითი დასრულდა მსგავსი კრიზისი შევარდნაძის ხელისუფლებისთვის.

როგორ ფიქრობთ, პოროშენკოს დაბალი რეიტინგით აიხსნება ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ ახდენს ძალადობის აღკვეთას?

- ვერ ახორციელებს იმიტომ, რომ არ არის პოპულარული, ხალხის პროტესტის ეშინია. პოროშენკომ ორივე შემთხვევაში დაინახა, რომ სააკაშვილი ახდენს საპროტესტო განწყობების მობილიზაციას. ანუ, მანამდე, თუ პირობითად 1000 კაცს აგროვებდა, განთავისუფლების შემდეგ მოახერხა 3 000 კაცის მოგროვება. სააკაშვილის დაპატიმრების პირობებში კი, ვხედავთ, რომ მისი მხარდამჭერი ძალების მიერ მოწყობილი დემონსტრაცია, რომელიც კვირას ჩატარდა, უკვე 10 ათას მომიტინგეს ითვლის.

პოროშენკოს არაპოპულარულობის ფონზე, უშვებთ სააკაშვილის პოპულარულობის გაზრდას?

- დღეს, სააკაშვილის რეიტინგი არ აღემატება 2%-ს. სულ რაღაცა 2-3 თვის წინა მას ჰქონდა 1%-აინი მაჩვენებელი. თუ სოცილოგიას დავუჯერებთ, მცირედით, მაგრამ იზრდება. სააკაშვილი ნოემბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, არ შედიოდა საპრეზიდენტო რეიტინგის ათეულშიც კი. მას უსწრებდნენ იულია ტიმოშენკო, „სამაპომოშის“ ლიდერი სადოვი, ბოიკო, გრიცენკო, ცნობილი როკ-მომღერალი ვაკარჩუკი და ა.შ. თუმცა, სააკაშვილმა შეიძლება ითამაშოს კატალიზატორის, ვითარების დესტაბილიზატორის ფუნქცია და ამ შემთხვევაში, სააკაშვილი სათავისოდ შეეცდება ვითარების შემოტრიალებას. თუმცა უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ალბათ, სხვაგვარად ფიქრობენ და პირიქით, შეეცდებიან სააკაშვილისთვის „ტორპედოს“ ფუნქციის მინიჭებას და სათავისოდ გამოყენებას. სხვათა შორის იგივეს, თავის დროზე, ფიქრობდა პოროშენკო, როდესაც ნიშნავდა სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკრაინის ელიტაში არის განხეთქილება, უკრაინის მმართველ პოლიტიკურ გუნდში არის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ჯგუფი მხარს უჭერდეს, ან ირიბად ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ეხმარებოდეს სააკაშვილს.

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილი ისეთ ვითარებაშია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან წავა ტაქტიკურ შეთანხმებაზე, როგორც უკრაინის შიგნით, ასევე გარეთაც.

ამდენად, თქვენ უშვებთ, რომ პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, შეუძლია ფულის აღება ნებისმიერი ძალისგან, ეს იქნება რუსეთი, თუ ყოფილი ოლიგარქი?

- არ არის გამორიცხული, რომ მას თანხა აღებული ჰქონდეს იანუკოვიჩის ოლიგარქების წარმომადგენლებისგან. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ „ვარდების რევოლუციამდე“, სააკაშვილს არ ეთაკილებოდა ფულის აღება კანონიერი ქურდებისაგან. პოლიტიკოსებისთვის და განსაკუთრებით სააკაშვილისთვის, ფულს სუნი არ გააჩნია. სააკაშვილისთვის დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინული სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, ვინაიდან სააკაშვილის გადარჩენა არის მხოლოდ დესტრუქციაში, მხოლოდ ქაოსი აძლევს მას ძალაუფლების მოპოვების შანსს.

სააკაშვილის ამ დესტრუქციამ შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია აღმოსავლეთში. შეიძლება ამ ვითარებით ისარგებლოს რუსეთმა დონბასში სიტუაციის ესკალაციისთვის. შეიძლება პირიქითაც იყოს, რუსეთი ეძებს გარკვეულ კომპრომისს, რათა რუსეთსაც ძალიან ასუსტებს ეს კონფლიქტი. რუსეთში ეკონომიკური ვითარება აღდგენის პროცესშია, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ თუ ეს სანქციები გაგრძელდა, რუსეთი ძალიან დასუსტდება.

სააკაშვილის ამ ტიპის პროვოცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთის მხრიდან გაიზარდოს სამხედრო აქტივობა დონბასში. ამის საპასუხოდ, ევროპელებმა ამერიკელებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო გაამკაცრონ სანქციები და ამის შედეგად, რუსეთი შეიძლება გადავიდეს ბრუტალურ, დაუფარავ აგრესიაზე უკრაინაში და მართლაც, ამ შემთხვევაში, არ უნდა გაგვიკვირდეს რუსული ტანკების გამოჩენა კრეშატიკზე.

საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ანტირუსული პროპაგანდის მიღმა, სააკაშვილი რეალურად, პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ვიცით, საქართველოში არის უამრავი კორუმპირებული პოლიტიკოსი, რომელსაც ფორმალურად უკავია ოპოზიციური ნიშა, მაგრამ თავის დროზე თანამშრომლობდა შევარდნაძის ხელისუფლებასთანაც, სააკაშვილის ხელისუფლებასთან და ა.შ. ვინც კი, ფულს გადაუხდიდა იმასთან იყო და მის ინტერესებს ატარებდა.

სააკაშვილიც დაახლოებით ამ მოდელს ანვითარებს, ოღონდ საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც თავისი ინტერესების განსახორციელებლად, ნებისმიერ ინტერესთა ჯგუფს მოემსახურება. თუკი სააკაშვილი უკრაინაში დამარცხდა, ჩათვალეთ, რომ მისი პოლიტიკური კარიერა სრულდება, სწორად ამას ვერ ეგუება. მისთვის პოლიტიკური სიკვდილი, შეიძლება გაიგივებული იყოს ფიზიკურ, ბილოგიურ სიკვდილთან. ამდენად, არ არის არანიარი წითელი ხაზი, რომელსაც ის არ გადალახავდა.

სააკაშვილის დაკავებისა და პოროშენკოს დაბალი რეიტინგის ფონზე, რა არჩევანის წინაშე დგას უკრაინის ხელისუფლება. იმისათვის, რომ პროცესები არ განვითარდეს რევოლუციური სცენარით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას?

- აბსოლუტურად ცხადია, რომ უკრაინას ამ ვითარების გამოსასწორებლად სჭირდება არჩევნები - არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ან შენარჩუნება. ეს უკვე არჩევნების შედეგებზე არის დამოკიდებული. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად, გაყალბების გარეშე. ამდენად, ეს არის დღეს პირველი ამოცანა. თუკი, პოროშენკო არ გამოიჩენს გონივრულობას, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკრაინაში, მესამე მაედნით დასრულდეს. ეს მესამე მაედანი კი, შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინული სახელმწიფოსთვის ფატალური,

განსაკუთრებით კი, თუკი ეს პროცესი გაგრძელდა და ამ პროცესს სათავეში ჩაუდგა სააკაშვილი... ვიმეორებ, იქ შეიძლება ტიმოშენკოს ჰქონდეს იმედი, ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს, ან ოლიგარქთა ჯგუფს, რომელიც კულუარებიდან მართავს ამ პროცესს იმედით, რომ სააკაშვილი დაექვემდებარება კონტროლს. მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ სააკაშვილი ყოველთვის გადის კონტროლიდან. პირიქით, თავად ცდილობს კონტროლის დამყარებას ვითარებაზე. ტაქტიკურად კი, შეიძლება დათმოს გარკვეული პოზიციები, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების შანსს ბოლომდე გამოიყენებს.

ამ პროცესებმა შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე? არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სააკაშვილის მცირედი წარმატება აისახება საქართველოზეც...

- ვერანაირად ვერ განხორციელდება უკრაინის პროექტი საქართველოში. სააკაშვილის მოსვლა ხელისუფლებაში, ნიშნავს ინტერვენციას, უკრაინის დეფრაგმენტაციას და არა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთში. შეიძლება უკრაინის დასავლეთშიც მოხდეს გარკვეული პროცესები, იქ არის როგორც პოლონური, ასევე უნგრული უმცირესობები. ასევე არის ისტორიული მეხსირება, რომ ეს ტერიტორიები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ავსტროუნგრეთს ეკუთვნოდა. ამდენად, ეს დაშლა შეიძლება სხვადასხვა ვექტორების მიხედვით განხორციელდეს. სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს უკრაინის დასასრულს. ამდენად, ვერანაირ გავლენას, პოზიტიურს თუ ნეგატიურს საქართველოზე ვერ იქონიებს. შეიძლება მცირე ტონუსი მისცეს, როგორც ყოველთვის ხდება, „ნაციონალურ მოძრაობას“.

ყველას გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების წინ მიშას შეძახილების შედეგად, 100 ათასმა ადამიანმა, რომელიც მანამდე არ აძლევდა ხმას „ნაცმოძარაობას“, დაიჯერა, რომ არჩევნების მეორე დღეს ჩამოვიდოდა გამარჯვებული სააკაშვილი, მაგრამ ვხედავთ, რომ ამის შემდეგ დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“. მას შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დამარცხდა დამოუკიდებელ კანდიდატთან თბილისის მერის არჩევნებზე და ასე გრძელდება 2012 წლის არჩევნებიდან წლიდან წლამდე. ამდენად, მე რაიმე დრამატულ შედეგს ამ თვალსაზრისით არ ველოდები. უკრაინელებისგან განსხვავებით ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

სოციოლოგია ამბობს, რომ მისი რეიტინგი არის 1,6%, მაგრამ რას ამბობს სოციოლოგია, როგორია სააკაშვილის მომავალი, ელოდებით პატიმარი სააკაშვილის ექსტრადირებას?

- ფაქტია, რომ ექსტრადიცია გამორიცხულია, ვინაიდან მას უფრო მძიმე ბრალი აქვს წაყენებული უკრაინული სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ექსტრადაციის შესაბამის მოთხოვნაშია აღნიშნული, თუმცა სააკაშვილს დღემდე აქვს დასავლეთის გარკვეულ ჯგუფებში საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული შეთანხმება შედგეს უკრაინის სახელმწიფოსთან და მოხდეს მისი დეპორტირება პოლონეთის ან სხვა ევროპული ქვეყნის ტერიტორიაზე. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იქნება, სააკაშვილის პოლიტიკური დასამარება.