ვინ არის პუტინის „მეთევზე“ და „ტროას ცხენი“?

ვინ არის პუტინის „მეთევზე“ და „ტროას ცხენი“?

კიევში განვითარებულ მოვლენებს თუ მთლიანობაში შევხედავთ, ჩნდება განცდა, რომ ამ ყველაფერს სადღაც, გარეთ ჰყავს სცენარისტი, რეჟისურა კი ადგილზე, სიტუაციის მიხედვით იცვლება - მიხეილ სააკაშვილის დაკავების და გათავისუფლების საოცრებით სავსე ოპერაციების კომიკურობის მიღმა კი იკითხება, რომ სერიოზული დაპირისპირება ორ ბანაკად გაყოფილ უკრაინაში შესაძლოა რაღაც დიდი თამაშის ნაწილი იყოს. ვინ ვის თამაშს თამაშობს და რა შეიძლება იყოს საბოლოო მიზანი, როგორ აისახება რეგიონალური რყევები საქართველოზე ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ვახტანგ მაისაია: ყველაფერი მიუთითებს გეოპოლიტიკურ თამაშზე, დღეს უკრაინა გადაიქცა დიდი გადათამაშების ბრძოლის არეალად, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ამერიკასა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომი მიდის, რამაც უკვე ჰპოვა ასახვა იმაში, რომ რუსთის ოლიმპიური ფონდი არ დაუშვეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - ეს არის ცივი ომის კლასიკური ეპოპეა, როდესაც სპორტიც კი გადადის გეოპოლიტიკური თამაშების არეალში. ეს იმის მაგალითად მოვიყვანე, უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, რა დონის დაძაბულობაზეა საუბარი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო-პოლიტიკურ და საინფორმაციო ჰიბრიდულ ომზე.

დღეს მიდის ბრძოლა უკრაინაზე გავლენის გასაძლიერებლად - ფაქტობრივად, ახალი შეტევა დაიწყო უკრაინაზე.

მაიდნის რევოლუციის შემდეგ რუსეთის გავლენა უკრაინაში ფაქტობრივად, მინიმუმამდე იყო დასული. დღეს უკვე, რუსეთს ეძლევა შანსი, დაიბრუნოს თავისი პოზიციები და უკრაინა შემოატრიალოს თავისი გეოპოლიტიკური ორბიტისკენ.

შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მხოლოდ ქვეყნის შიდა პერიპეტიებია, ამისი ნიუანსები ცხადია არის, რადგან შეინიშნება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირება და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც - უკრაინის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო კორუფციის დამარცხება და ოლიგარქების შეზღუდვა, უკრაინის მთლიანობის შენარჩუნება, გარდა ამისა, შეიქმნა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები.

საქართველოშიც არის დაახლოებით მგავსი პრობლემები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია ფეთქებადსაშიშია - უკრაინაში სწორედ ეს იგრძნობა...

- სიტუაცია უკრაინაში უფრო მეტად რთული და განსხვავებულია, ვიდრე საქართველოში. საქართველოში არის ფედერალიზმის ნიშნები და მართვა უფრო ეფექტურია, უკრაინაში უნიტარული სისტემაა და სინამდვილეში ქვეყანა იმართება ფედერალური მოწყობის პრინციპებით - ეს არასწორი კონსტრუქცია ბალანსდებოდა რეგიონალური კონსენსუსის წყალობით.

როგორც კი იანუკოვიჩმა ეს კავშირი დაარღვია, მოხდა მისი ჩამოგდება ქვეყნის სადავეებიდან და შემდეგ პოროშენკომაც ვერ შეძლო აღედგინა ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა იუშენკოს პერიოდში - ვგულისხმობ რეგიონალურ ბალანსს.

მოგეხსენებათ, ოთხი რეგიონია უკრაინაში, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ცენტრალური და სამხრეთ უკრაინა, რომელშიც შედიოდა ყირიმი, როგორც განსაკუთრებული ინტერესების მატარებელი ნაწილი. ამ ოთხ რეგიონს შორის იყო კონსენსუსი და ისინი არ ერეოდნენ ერთმანეთის შიდა საქმეებში, რითაც ქვეყანა იმართებოდა საკმაოდ სტაბილურად.

უკრაინას ჰქონდა ზომიერი ნეიტრალიტეტის საგარეო კურსი და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური ინტერესები კარგად ბასლანსდებოდა.

სხვათა შორის, უკრაინის მმართველი პოლიტიკური სპექტრი ყალიბდებოდა სწორედ ამ ოთხი რეგიონის შეთანხმებული პოლიტიკის საფუძველზე. როდესაც ეს სიტუაცია მოიშალა, უკრაინაზე უკვე ზემოქმედებს საგარეო გლობალური პოლიტიკური თამაშები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს რუსეთი ცდილობს, მღვრიე წყალში რაც შეიძლება კარგად აფათუროს ხელები, რომ ეგებ თავისი თევზი დაიჭიროს.

ამ შემთხვევაში ვინ არის პუტინის მეთევზე? დღევანდელი სიტუაციის მთავარი აქტორები -პოროშენკო და სააკაშვილი ერთმანეთისკენ იშვერენ თითს. ვინ ვის თამაშს თამაშობს შეიძლება ამისი გარკვევა?

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, უკრაინაშიც მრავალი პოლიტიკური პარტიაა, რეალურად მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია. დღეს ხელისუფლების სათავეშია პოროშენკო-ავაკოვის პოლიტიკური გუნდი, მეორე ფლანგზეა ტიმოშენკოს ეგიდით გაერთიანებული პოლიტიკური ძალები. სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციონერის როლი მოირგოს.

როდესაც სააკაშვილ-ტიმოშენკოს პოლიტიკურ დუეტზე იყო ლაპარაკი - ფერადი რევოლუციების შემდეგ, ისინი მოიაზრებოდნენ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსებად. დღეს შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, რომელ ორბიტაზე მოძრაობენ?

- ტიმოშენკო პირობითად კი ითვლებოდა პროდასავლელ პოლიტიკოსად, მაგრამ იგივე ტიმოშენკო იყო, რომელმაც „გაზპრომი“ შეიყვანა უკრაინაში და „გაზპრომთან“ ისეთი ხელშეკრულება გააფორმა, რომ პრორუსულმა იანუკოვიჩმა ეს კარგად გამოიყენა და ციხეში ჩასვა ტიმოშენკო. იმ ხელშეკრულებთ ტიმოშენკომ კარტ-ბლანში მისცა „გაზპრომს“, რომელმაც იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე შეიძლებოდა, დასიზმრებოდა.

ტიმოშენკო ყოველთვის ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას და ეს საქართველოსთვისაც გასათვალისწინებელია - მაშინ, როდესაც იუშენკომ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა, ტიმოშენკო მოსკოვში ჩავიდა და საკმაოდ უცნაური განცხადებაც გააკეთა, რომელიც მოსკოვის ინტერესებზე უფრო ასხამდა წყალს.

შეიძლება ითქვას, ტიმოშენკო მოსკოვისთვის იყო ერთგვარი „ტროას ცხენი“ - ტიმოშენკო ის პოლიტიკოსია, რომელიც კუჩმას პოლიტიკური გუნდიდან მოდის, ერთი პერიოდი, იანუკოვიჩთანაც საკმაოდ ახლოს იყო. ტიმოშნკოსთან უფრო მეტად ადვილი იქნება რუსეთისთვის ურთიერთობა, ვიდრე პოროშენკო-ავაკოვთან და კლიჩკოებთან.

როგორც ჩანს, დასავლეთიც უკვე აღარ დებს ფსონს სააკაშვილზე და ეს საქართველოშიც გამოიკვეთა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ორად გაიყო - შესაძლოა, ეს იყო ამერიკელების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ სააკაშვილსგან დისტანცირება მომხდარიყო. დღეს ბოკერია-უგულავას დაჯგუფება გაცილებით უფრო ახლოს არის ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან, ვიდრე „ნაცმოძრაობა“.

მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, სააკაშვილი ევროპისკენ დაიძრა, თუმცა შემდეგ ისევ უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა...

- ევროპამაც ზურგი აქცია - გერმანია იყო ერთ-ერთი, რომელიც აფრთხილებდა პოროშენკოს, რომ სააკაშვილი მას პრობლემებს შეუქმნიდა - როდესაც სააკაშვილმა ნახა, რომ ამ ფლანგზე ვეღარაფერს „მოძოვდა“, გადავიდა ე.წ. რუსულ ორბიტაზე, რისი კავშირებიც მას ჰქონდა - იგივე, ვიქტორ ურბანის სახით ევროპაში, ვიქტორ იანუკოვიჩის სახით უკრაინაში, რომელთანაც საკმაოდ მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა.

სხვათა შორის, სწორედ იანუკოვიჩმა გადასცა სააკაშვილის ხელისუფლებას ჩატაევი, რომელმაც იგი საკუთარი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის გამოიყენა - სააკაშვილი შეეცადა მისი მეშვეობით გასულიყო იმ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც „კავკასიური ემირატის“ დასახმარებლად მოდიოდა სხვადასხვა ისლამური სახელმწიფოებისაგან. სწორედ ამიტომ შეიფარა ჩატაევი და ლაფანყურის ოპერაციაც ამ თამაშის შედეგი იყო. ოღონდ ეს იყო მისი პირადი ინტერესი, როდესაც ტეროტიზმის სახელმწიფო სპონსორობის პოლიტიკას ატარებდა - ეს ხომ ფაქტია და ვერსად გავექცევით.

ამის გარდა კიდევ რა ურთიერთობები არსებობდა სააკაშვილსა და იანუკოვიჩს შორის, ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით, ცაკლე საუბრის თემაა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. საქართველოში იყო ფაქტები, რაც ამ განცხადებას ეჭვქვეშ აყენებდა. უკრაინაშიც არსებობს მსგავსი არგუმენტები?

- გახსოვთ, ალბათ, ერთ-ერთმა იტალიურმა ტელეარხმა ეთერში გაუშვა ჟურნალისტ ჯან მიკალესინის დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ქართველი სნაიპერები აღიარებენ, რომ 2014 წელს კიევში, ე.წ. ევრომაიდნის მიმდინარეობისას ადამიანებს კლავდნენ, რათა გამოეწვიათ ქაოსი და დაემხოთ კანონიერი ხელისუფლება. იტალიურ ტელევიზიაში ამ ფილმის გასვლა იყო მცდელობა, ევროპას დაენახა, როგორ იმართებოდა ევრომაიდანი, ამიტომ, საკითხავია, სააკაშვილი ევრომაიდნის ლიდერი იყო, თუ ევრომაიდნის „ტროას ცხენი“, რომელიც რუსეთმა საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა?!

გარწმუნებთ, იტალიის ტელევიზიაში ასეთი ფილმის გამოჩენა უფრო სასიშია ევრომაიდნის რევოლუციური მონაპოვრისათვის, ვიდრე ის პერიპეტიები, რაც თუნდაც დღეს ხდება უკრაინაში. ევრომაიდნის ნიველირების საფუძველზე კრემლს უჩნდება იდეალური ვარიანტი, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს საკუთარი რაკურსით.

ბუნებრივია, კრემლს არ ექნება იმის ილუზია, რომ უკრაინას ისე შემოაბრუნებს როგორც ბელორუსს ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომელსაც დაემუქრება, მაგრამ თუ უკრაინა დაუბრუნდება ნეიტრალურ საგარეო პოლიტიკის ნიშას, ეს უკვე საკმარისი იქნება.

აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სააკაშვილმა მუშაობა დაიწყო ურთიერთობების განახლებაზე - მას სჭირდება ფული, მას შემდეგ, რაც კეზერაშვილი გაექცა, ოფშორული რესურსები აშკარად შემოელია, დასავლელი სპონსორებიც აღარ სწყალობენ ამერიკა-ევროკავშირის სივრციდან.

მას კი ფინანსები სჭირდება პოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად - როგორც ჩანს, მანიაკალური მიდრეკილება აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად და ამაში ახლა მას იანუკოვიჩის ფული ეხმარება.

საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას სააკაშვილის, ერთ-ერთიგატაცებაიყო დოკუმენტური ფილმები ფარული ჩანაწერებით, რომლითაც რუსეთის ჯაშუშებს ამხელდა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ირონიულად აღიქვამდა. დღეს უკრაინაში სააკაშვილზე უჩვენებენ ფილმებს და საინტერესოა, იქაური საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას?

- თავის დროზე, როდესაც სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის რუსული გეგმის შესახებ დადო ფილმი, ფაქტობრივად, ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომ პატარკაციშვილი მოსკოვიდან იმართებოდა. სამაგიეროდ, უკრაინის პრეზიდენტმა დადო კონკრეტული მტკიცებულებები და ამიტომაც არის ასე გამწარებული რომ იბრძვის სააკაშვილი.

როგორც ჩანს, პუტინმა აამოქმედა თავისი შიდა აგენტურული ქსელი. სხვათა შორის, სწორედ კურჩენკო იყო იანუკოვიჩის შავი ბანკირი, სააკაშვილი რომ ამბობს, საერთოდ არ ვიცნობო. ის აფინანსებდა ყველაზე საშიშ გაერთიანება „ბერკუტს“ და ის იყო მაიდანის რეტროგრადული ძალების მთავარი სპონსორი, რომელიც მერე მოსკოვში გაიქცა - შემდეგ უკვე დონბას-ლუგანსკის სეპარატისტებს აფინანსებდა.

ფაქტობრივად, რუსეთმა პოროშენკო შებოჭა დონბასის საბრძოლო ოპერაციების მეშვეობით და კიევში გააქტიურდნენ სააკაშვილის მომხრეები, რომლის უკანაც ცხადია, დგას ტიმოშენკო. კრემლისთვის უფრო მოსახერხებელია ტიმოშენკო გახდეს ქვეყნის მომავალი ლიდერი და მასთან ჰქონდეს ურთიერთობა, ვიდრე პოროშენკოსა და მის გუნდთან.

თუ ეს გეგმა იმუშავებს უკრაინაში, საქართველოში უფრო ადვილი არ იქნება, მეხუთე კოლონის ამოქმედება, თუკი ასეთი არსებობს?

- კრემლის იდეა არ არის, უკრაინამ მთლიანად შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, არამედ აღადგინოს ის სიტუაცია, რაც იყო იანუკოვიჩის დროს. დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტის მიხედვით, გეოპოლიტიკური მოდელირების თვალსაზრისით, მოსკოვს უკრაინაში გაცილებით ძლიერი პოზიციები აქვს.

უკრაინა თუ დაუბრუნდება 2010-2014 წლების სტატუს-კვოს, რუსეთისთვის გაცილებით გაადვილდება მანევრირება - ყირიმი უკვე არის რუსული ანკლავი - ის ანექსირეებულია. უკრაინა ამოვარდება პროდასავლური პოლიტიკური სივრციდან და რუსული ინტერესები უფრო მეტად გაიზრდება უკრაინული ოლიგარქიული ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მათთვის რუსული ბაზარი უფრო მიმზიდველია, ვიდრე დასავლური.

თუ უკრაინაში დაიწყო სისხლიანი დაპირისპირება, დასავლეთი მაშინვე შეაჩერებს იმ ორ პროგრამას, რომელიც დღის წესრიგშია. ერთი მათგანი ამერიკული იარაღის გადაცემას ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. გარდა ამისა, მოხდება იმ პროექტის შეჩერებაც, რომლის ფარგლებშიც, უკრაინისთვის უნდა გამოიყოს 600 მლნ აშშ დოლარი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკშვილის უკან შეინიშნებიან ულტრანაციონალისტური ძალების წარმომადგენლები, ანუ ადგილობრივი მხედრიონელები, რომლებიც უკრაინელებს უკვე ყელში ჰყავთ ამოსული, დასკვნების გამოტანა კიდევ უფრო გამარტივდება.

პოროშენკოს „სისუსტე“ ის არის, რომ აშკარად ერიდება სისხლისღვრას, რომელიც აუცილებლად ჩამოშლის იმ შანსებს, რომელიც ქვეყანას პროდასავლური მიმართულებით გამოუჩნდა ამ რთული კრიზისიდან გამოსასვლელად.

კიდევ ერთი საინტერეო მომენტი - პოროშენკოს დარტყმები ოლიგარქების მიმართულებით, ისევ სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან იანუკოვიჩის ფინანსების გარდა დამატებითი წყაროებიც უჩნდება პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქების სახით.

სამწუხაროდ, ეს არის ის ნიუანსები, რაც ქართული საზოგადოებისათვის შეუმნეველი რჩება.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ცდილობდა უკრაინაში შესვლას - ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს - ლუგანსკში სამხედრო გადატრიალება და „ვაგნერის ჯგუფის“ გამოჩენა - ეს ის „ვაგნერის ჯგუფია“, რომელიც კრემლის მთავარი დამრტყმელი ძალაა და მოქმედებს სირიაშიც უკრაინაშიც და ყველგან, სადაც რუსეთის ინტერესია. არ გამიკვირდება, ისინი სააკაშვილის უკანაც თუ აღმოჩნდებიან.

სხვათა შორის, იანუკოვიჩის პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა ოლეინიკმა პირდაპირ განაცხადა რამენიმე დღის წინ, რომ ის აფინანსებდა კარვების აქციას - ანუ სააკაშვილი რომ იანუკოვიჩის მომხრე ძალებისგან ფინანსდება, ეს უკვე საიდუმლო აღარ არის.

მათ ძველი ეკონომიკური კავშირებიც საკმაოდ მყარი ჰქონდათ - იანუკოვიჩის მმართველობის დროს ქართული ციხეები უკრაინული საკვებით მარაგდებოდა და ეს ხაზი გივი თარგამაძეს ჰქონდა ჩაბარებული. თუმცა ის საკვები, რაც შემოდიოდა, როგორც ჩანს, იყო ვადაგასული, რადგან ხშირად, პატიმრები იწამლებოდნენ და ლეტალური შედეგიც კი დგებოდა.

თარგამაძე რომ ჩადიოდა დონეცკში და იანუკოვიჩს ეხმარებოდა არჩევნებში, ესეც ხომ გვახსოვს?! - როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილი თავის ძველ მეგობარს დაუბრუნდა და თუ სიტუაცია ისე შემობრუნდება, რომ ტიმოშენკო აღმოჩნდება სახელისუფლებო სადავეებთან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ კრემლის პარტია წარმატებით გათამაშდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ის ოლიგარქებს და კორუფციას ებრძვის უკრაინაში, საქართველოს კი მისი პარტია მიხედავს - ეს როგორ გავიგოთ?

- „ნაცმოძრაობა“ რევოლუციას აანონსებს, ანუ უნდა ვივარაუდოთ, აქაც აამოქმედებენ მექანიზმს. უკრაინაში სააკაშვილის, საქართველოში კი „ნაცმოძრაობის“ მუშაობა სინქრონულად მიმდინარეობს. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს ვა-ბანკის პოზიციები გააძლიერის როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და სწორედ ეს არის მისი გეგმაც.