მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა - ფეხბურთის მსაჯის ილია ტუღუშის ოჯახი ამ კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდება. მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი, ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ ის მოკლეს და მკვლელობა სავარაუდოდ, თანხას უკავშირდება.
გარდაცვლილის მეუღლე, ეკა მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ ილია ტუღუშის გარდაცვალება ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება. კერძოდ, ოჯახის ინფორმაციით, „გურია“ -„ლანჩხუთის“ თამაშზე „ლანჩხუთს“ უნდა მოეგო, თუმცა ეს ასე არ მოხდა და ილია ტუღუშს თანხის დაბრუნება მოსთხოვეს. გარდაცვლილის მეუღლე იმ კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, რომლებიც მსაჯის გარდაცვალებამდე მასთან იყვნენ მისული და ტუღუშთან დაძაბული საუბარი სწორედ საფეხბურთო თამაშების გამო ჰქონდათ.
„გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეული. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ. 5000 ლარის გულისთვის გაიმეტეს ჩემი მეუღლე“, - აცხადებს ეკა მოისწრაფიშვილი.
მისი თქმით, სამი პირი, რომელმაც მის მეუღლეს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხა, მასაც დაემუქრა.
„დამემუქრნენ, მე ხვალ მივფრინავო, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ბათუმლები იყვნენ შავი „მერსედესით“, ჯემალი ჩხაიძე ლანჩხუთელია, ირაკლი ბახტაძე უბრალოდ ახლდა მათ. მოვიდნენ და ფულს ითხოვდნენ ილოსგან, რომელიც სავარაუდოდ, მას უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა ვერ შეძლო“, - აცხადებს ეკა მოისწრაფიშვილი.
ბოლო მატჩი ტუღუშმა ლანჩხუთის „გურიისა“ და თელავის კლუბის შეხვედრისას იმსაჯა. „გურიამ“ ბოლო წუთზე მის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პირველი ლიგიდან გავარდა. გარდაცვლილის დედა მარინა ტუღუში ვარაუდობს, რომ სწორედ ეს თამაში გხდა მკვლელობის მიზეზი.
„თამაში მოგებული უნდა ყოფილიყო, ეს ფული ამაზე გაიცა, მერე კი ჩემს შვილს ფულის დაბრუნება მოსთხოვეს. აქ იყვნენ მოსული, ჩემი შვილი იკითხეს, ტელეფონს არ პასუხობდა. მოსული იყვნენ, ფედერაციიდან ვართო. ორი ბათუმიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არ ვიცი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა ტუღუშმა.
ეროვნული ჩემპიონატების მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის „გურიის“ დირექტორი ნუგზარ ჩხაიძე, რომელიც ასევე გამორიცხავს ჩაწყობილ თამაშებს. რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახმა მომხდართან კავშირში დაასახელა, ამბობს, რომ მათგან ორი - ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი კლუბის სტრუქტურაში ნამდვილად მუშაობენ.
ჩაწყობილ თამაშთან ტუღუშის თვითმკვლელობას ვერ აკავშირებს ლანჩხუთის „გურიის“ მწვრთნელი დავით მახარაძე, რომლის განცხადებით, ტუღუში არ მსაჯობდა.
„ვინ გაყიდა, რა გაყიდა? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცუდ დღეში არის ახლა ლანჩხუთის „გურია“. გამოვვარდით ეროვნული ლიგიდან. არ ვიცი ვინ გაყიდა, გუნდმა თუ მსაჯმა. ვერანაირად ვერ ვუკავშირებ ამ თამაშს. ილო რა შუაშია, ილო არ მსაჯობდა და როგორ შეეძლო თამაშის რაღაც მანიპულირება? გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ თამაშზე გამორიცხულია“, - აცხადებს ლანჩხუთის „გურიის“ მწვრთნელი დავით მახარაძე.
მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საჭიროების შემთხვევაში, ფედერაცია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.
„ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ ლიგებში. გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“, - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.