„თავი რომ არ მოვიტყუოთ, სააკაშვილი ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს“

„თავი რომ არ მოვიტყუოთ, სააკაშვილი ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს“

უკრაინულმა მოვლენებმა აქტუალური გახადა შეკითხვა, იქაური სპეცსამსახურები და უკრაინის ხელისუფლება მზად არიან, პასუხი აგებინონ ამ ადამიანს, თუ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და ქვედადინებში კვლავაც მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს?!

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

- ჩემი აზრით, ბევრი ფაქტორი და ბევრი ღია თუ ფარული დინებაა ამ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით კიევში გადაკვეთილი. აქ ყველა ფაქტორი ერთად მუშაობს. უკრაინის ხელისუფლება სუსტი ხელისუფლებაა, რომელიც ვითარებას ჯეროვნად ვერ აკონტროლებს. საერთოდ, როდესაც ქვეყნის სათავეში ოლიგარქია, მას მტკიცე, პრინციპული, თანმიმდევრული ხელისუფლების ფორმირება უჭირს. მოგეხსენებათ, ოლიგარქს თანამდებობასა და პოლიტიკურ კარიერასთან ერთად კიდევ უფრო ბევრი აქვს დასაკარგი, ვგულისხმობ ბიზნესაქტივებს დასავლეთის ფონდებში. ხოლო, თუ ოლიგარქს ბიზნესი რუსეთშიც აქვს, უკვე ორმაგი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს და ფიქრობს, არც ერთ მხარეს არ აწყენინოს. ამიტომაც გაბედული და თანმიმდევრული არ არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. სწორედ ასე ხდება უკრაინაში.

მთელ ამ პროცესებში სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას როლი როგორია? მოგეხსენებათ, ის საშველად იყო გამზადებული, მთელი თავისი კავშირებით, დასავლურ თუ რუსულ სამყაროსთან. ამ დღეებში იგი ამერიკიდან უკრაინაშიც ჩავიდა დის შვილის დასახმარებლად. სააკაშვილი ამაყობდა, რომ ბიძამისი მაღალი რანგის დიპლომატი იყო, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში.

- სააკაშვილი სერიოზული პოლიტიკური აქტორი, ნიჭიერი მოთამაშე, პოპულისტია. მას საქართველო 9 წლის განმავლობაში ეჭირა და მის მფლობელობაში იყო ჩვენი ქვეყანა. შედეგად მივიღეთ რეფორმები, ავტორიტარული რეჟიმით, მოწესრიგებული ფასადი, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით. ეს გამოცდილება მას აქვს და კარგად იცის, როგორ უნდა შეუტიოს ტრანსფორმაციული პერიოდის სისტემას, როგორიც უკრაინაშია. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში უკრაინა სამრეწველო ქვეყანად ითვლებოდა. უკრაინის მრეწველობა იყო ფართო და ამ ქვეყნისთვის საბჭოთა ეპოქიდან გამოსვლა ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე საქართველოში, რადგან ჩვენს ქვეყანაში დიდი სამრეწველო სიმძლავრეები არ ყოფილა, თუ არ ჩავთლით ჭიათურმანგანუმს, ფეროს, რუსთვის მეტალურგიულ კომბინატსა და ქუთაისის საავტომობილო ქარხანას.

ამდენად, ჩვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლებასდ მძიმე, მაგრამ ასატანი იყო ეს ტრანსფორმაციული პერიოდი, რომელიც დღესაც გრძელდება. უკრაინაში კი უფრო მძიმე იყო ეს პერიოდი და იქ მოიძებნა უმარტივესი, ნაცადი დასავლური მიდგომა - ქვეყნის ოლიგარქიზაცია, რამაც თავდაპირველად სასურველი შედეგი მოუტანა დასავლეთს რუსეთში. ვგულისხმობ ელცინის მმართველობას, როდესაც, ფაქტობრივად, ოლიგარქები მართავდნენ ქვეყანას. შემდეგ რუსეთში ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, რაც გარდუვალი იყო, მაგრამ ცოტა დახვეწილი ფორმით ეს პროცესები მიმდინარეობს უკრაინაში, რადგან უკრაინას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა დემოკრატიული, დასავლური გზით განვითარებისა. უკრაინელი ოლიგარქები პროდასავლურები არიან. ასეთ ვითარებაში რეფორმების გატარება ძნელია, საზოგადოებრივი დოვლათის გადანაწილება კიდევ უფრო არათანაბარია, ვიდრე საქართველოში და პერმანენტული კრიზისი, კორუფციის მაღალი დონე მოწყვლადს ხდის ქვეყანას ნებისმიერი პოლიტიკური ავანტიურისტისა და დემაგოგის წინაშე. სააკაშვილიც ასეთი ყაიდის პოლიტიკოსია. თავი რომ არ მოვიტყუოთ, სააკაშვილი ვირტუოზულად თამაშობს ორმაგ თამაშს.

ფიქრობთ, სააკაშვილი ამერიკული და რუსული სპეცსამსახურების მიერ თანაბრად მართულია?

- რამდენად არის ის ამერიკული ან რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული, ამის თაობაზე კონკრეტულად არაფერი შემიძლია ვთქვა. თუმცა უკრაინაში მისი საქმიანობისა და მოღვაწეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი ორივე მხარეს ხელს აძლევს. უკრაინაზე ზეგავლენა, ზეწოლა, რეფორმები, ტრანსფორმაცია დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა წინა რეფორმატორმა (ეს იყო იუშჩენკო, ტიმოშენკო თუ პოროშენკოსთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები) სერიოზული ცვლილებები და პროგრესი ვერ მოიტანა. არც შეეძლოთ, მოეტანათ ისეთ ვითარებაში, როცა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები გადაიკვეთა ამ ქვეყანასთან მიმართებით. ამიტომ დასავლეთი თავის ნაცად ემისარს ამ შემთხვევაშიც ერთგულებს, რომელიც მათი ოფიციალური მოთამაშეა უკრაინაში.

ფსბ- ინტერესები არის გამოსარიცხი?

- ვერაფერს გეტყვით სააკაშვილის ფსბ-სა და რუსეთის სხვა კონტრდაზვერვასთან კავშირების შესახებ, მაგრამ ის უფრო გავლენის აგენტს ჰგავს და ეს თვალსაჩინოა. რასაც სააკაშვილი გააკეთებს უკრაინაში, უაღრესად ხელსაყრელია რუსეთისთვის. ის ამ ქვეყნაში დაიწყებს მტკივნეულ რეფორმებს, რაც, საბოოლოო ჯამში, მას ისევ დააკარგვინებს ხელისუფლებას, თუ მანამდე რომელიმე მხარემ სხვა მეთოდები არ აირჩია მასთან ანგარიშსწორებისთვის. ვითარების დაძაბვა რუსეთს მეტ შანსს აძლევს, რათა მან შემოიმტკიცოს ყირიმი. ჩემი აზრით, სააკაშვილი დათმობს ყირიმს, შესაძლოა, სიტყვით იძახოს, არ დავთმობო, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ძალაუფლების ხარჯზე დაუთმოს რუსეთს ყირიმი სააკაშვილმა, როგორც უკრაინის მომავალმა მმართველმა. დონბასშიც, მინსკის შეთანხმებების რეალიზებით, ფაქტობრივად, ავტონომიური გახდება დონბასი და დარჩება უკრაინის შემადგენლობაში. ეს ხელს აძლევს რუსეთს, რომელსაც აღარ შეუძლია პერმანენტული სანქციების ატანა, რაც მას აზარალებს.

რუსეთი აშკარად გარიყულია ევროპისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ამიტომ, ბუნებრივია, მოვლენათა ასეთი განვითარება - უკრაინაში სიტუაციის დაძაბვა, ჰიპოთეტურად არც სამოქალაქო ომია გამოსარიცხი, რა თქმა უნდა, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, მისი საქმიანობის რეალური შედეგი იყო ფორმალურად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოცილება საქართველოსგან და რუსეთის მიერ ახალი პოზიციის დაკავება - ოკუპაცია და ანექსია ამ ტერიტორიების, რასაც 2008 წლის აგვისტოს ავანტიურა დაედო საფუძვლად. სააკაშვილს სურდა, დიდებით შესულიყო ისტორიის ანალებში და მატიანეში, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი დავით აღმაშენებელი და გიორგი ბრწინვალე, ამიტომაც წავიდა ავანტიურაზე. თუმცა გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარე, გამოუვიდა, რომ დაუფიქრებლობით, გაუაზრელობით, პოლიტიკური რეალობისთვის ანგარიშგაუწევლობით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაულოცა რუსეთს. ასე რომ, სააკაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობს, ის კარგი ანალიტიკოსი, პრაგმატული, მოქნილი პოლიტიკოსია, კარგად იცის სიძნელეების გამოყენება თავის სასარგებლოდ. ის თამაშობს გლობალურ, საერთაშორისო თამაშს იმდენად, რომ მე იოსებ სტალინისა და ედუარდ შევარდნაძის შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით მოთამაშე ფიგურა, სააკაშვილის გარდა, არ მეგულება. ის არ გახლავთ მარტივი ფიგურა, მაგრამ მის უკან, ბუნებრივია, დგას დასავლეთი და შესაძლოა, რუსეთიც. ისიც თამაშობს ამ რთულ თამაშს.

რუსული პრესა ეხმაურება სააკაშვილის დაკავების ფაქტს შემდეგი სიტყვებით - „ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე სირბილით“. ფაქტია, სახურავზე სირბილმა იგი დროებით გადაარჩინა, დრო მოაგებინა, მომხრეები მიაყვანინა და გაითავისუფლა თავი. რეალურად, სააკაშვილის დროს საქართველოში სხვაგვარად ხდებოდა დაკავებები, მოულოდნელობის ეფექტით. ამდენად, გაუგებარია დაკავების ასეთი ფორმა, რადგან მას ძალიან ბევრი დრო და სარბენი არეალი მისცეს. საინტერესოა, პოლიტიკური თვალსაზრისით, სააკაშვილისთვის მომგებიანი გახდება დაკავება?

- არ მგონია, თავდაპირველად დადგმული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა მოქმედები. უბრალოდ, დაკავების ასეთი ფორმა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების სისუსტისა და უნიათობის კიდევ ერთი გამოვლინება მგონია. შესაძლოა, ამას ერთვოდა ზარი ვაშინგტონიდან და უსტარი ვაშინგტონიდან, რადგან სააკაშვილის აქტიურობა და საქმიანობა უკრაინაში ვაშინგტონის თანხმობის გარეშე წარმოუდგენელი და აბსურდი იქნებოდა. მას აქვს დასავლეთის მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში, სპეცწარმომადგენელი უოკერი და ამერიკის საელჩო მას გაჩერებისკენ თუ მოუწოდებდა, სააკაშვილი შეერთებული შტატების ნების წინააღმდეგ არ წავიდოდა. მეორე მხრივ, საიდან არის მისი სავარაუდო დაფინანსების კვალი, რომელიც შესაძლოა, ფალსიფიცირებულიც იყოს? ეს კვალი რუსეთიდან მოდის, რადგან რუსეთში კარგად იგრძნეს, რომ მათ სასიკეთოდ მიმდინარეობს პროცესები უკრაინაში და, თუ სააკაშვილი მორიგ გადატრიალებას მოახდენს, ამით რუსეთი იხეირებს.

500 ათას დოლარს გულისხმობთ, რომელიც ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსგან მიიღეს საკაშვილის მომხრეებმა?

- დიახ, ამას ვამბობ ჰიპოთეტურად, რადგან შესაძლოა, ეს იყოს ტყუილი, ინკრიმინირებული, უსაფუძვლო დანაშაული. უკრაინაში ყველა მხარე ახლა სასტარტო რეჟიმის პირობებშია, ანუ გაყინულია ადგილზე. აქ სასწორზე დევს უკრაინის სტაბილურობა, რადგან სააკაშვილის არენაზე გამოსვლა ასე ნარნარად და მშვიდად ვერ შეცვლის პოროშენკოს რეჟიმს. მართალია, პოროშენკო პოპულარული არ არის, მაგრამ ოლიგარქები არც ისე ხელწამოსაკრავნი არიან, რომ იოლად დათმონ ძალაუფლება. არც პოლიტიკური სპექტრია ცალსახა და ერთგვაროვანი უკრაინაში. ამდენად, ახლა სასწორზე დევს დესტაბილიზაცია. სავარაუდოდ, დასავლეთი აწონის, რამდენად შესაძლებელია ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში. ცალსახაა, სააკაშვილი ნიშნავს დესტაბილიზაციას. მართალია, ეს დესტაბილიაცია, ხელს აძლევს რუსეთს, მაგრამ დესტაბილიზაცია ხელს არ უნდა აძლევდეს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, რადგან იქ, სადაც დესტაბილიზაციამდე მივიდა საქმე (ვგულისხმობ ავღანეთს, ერაყს, სირიას), დასავლეთისთვის ხელსაყრელად ნამდვილად არ დალაგდა ვითარება. ასე რომ, ახლა რთულია გადაწყვეტილების მიღება, თორემ დასავლეთმა თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი ზედმეტია უკრაინაში, ერთ მშვენიერ დღეს ის მართლაც გაქრება უკრაინიდან. თუ ორმაგი თამაში დამთავრდა, სააკაშვილის პერსპექტივა ძალზე მუქ ფერებში მესახება.