შეეცდებიან თუ არა „ნაციონალები“ უკრაინული არეულობა საქართველოშიც გადმოიტანონ?! აშკარაა, ისინი უკრაინისა და საქართველოს მოვლენების ერთ კონტექსტში განხილვას ცდილობენ. ნიკა მელია აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავების გამო „ნაცმოძრაობა“ საგანგებო რეჟიმში გადადის და მანიფესტაციებს აანონსებს.
სანდრა რულოვსიც არ მალავს, რომ ახლა იწყება ბრძოლა უკრაინასა და საქართველოში. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ერთდროულად ორი ქვეყნის განმათავისუფლებლად წარმოაჩენს თავს და აცხადებს, „ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად“.
არც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ტონალობაა განსხვავებული. მისი თქმით, პრობლემა საქართველოდანაა დაწყებული და საქართველოშივე უნდა მოგვარდეს. უგულავას მოსაზრებით, ამ ყველაფრის საფუძველი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ წამოწყებული პოლიტიკური დევნაა.
ხომ არ არის მცდელობა, „ნაციონალებმა“ ნაძალადევად დააკავშირონ უკრაინული მოვლენები საქართველოსთან? დაანონსებული მანიფესტაციების ფონზე რამდენად მოხერხდება საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა?
ექსპერტ ვაჟა ბერიძეს არასერიოზულად მიაჩნია საქართველოსა და უკრაინის მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. For.ge-სთან საუბარში ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ, თუ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, მაშინ ქართველი ხალხის უმეტესობა, დაახლოებით 75%-მდე, პიროვნულად სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ძალის - „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგია. კვლევებიც აჩვენებს და ვიზუალურადაც ასე ჩანს, რომ ზემოაღნიშნული 75% ერთგვაროვანი არ არის, ის გათიშულია ნეიტრალურ, პროდასავლურ, პრორუსულ ძალებს შორის, მაგრამ ცალსახად წინააღმდეგია სააკაშვილის. მართალია, სულ რაღაც 25%-მა ცხრა წლის განმავლობაში მართა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ საეჭვოა, ეს განმეორდეს. შეერთებულმა შტატებმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სააკაშვილის ფენომენის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება პრორუსული ძალების სერიოზულ გაძლიერებას გამოიწვევს.
„აქ არ ვგულისხმობ პრორუსულად წოდებულ ზოგიერთ ძალას, არამედ ვგულისხმობ იმ ძალას, რომელიც შესაძლოა, პრორუსული ძალების კონსოლიდაციით, ან სრულიად ახალი სახით გამოვიდეს არენაზე. დასავლეთი ამაზე არ უნდა წავიდეს და კარგად გაიაზროს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, განწირულია მელიების და სხვების მცდელობა, საქართველოში რაღაც ააგორონ და უკრაინა და საქართველო დაუკავშირონ ერთმანეთს, გაავლონ პრიმიტიული პარალელები ოლიგარქებთან მიმართებით. ქართველი ხალხის უმეტესობა ცალსახად პროდასავლური და რუსეთთან ურთიერთობის დათბობის, დალაგების მომხრეა. თუ ამ ხალხს თავს რაღაცას მოვახვევთ, მოხდება ისე, რაც მოუვიდა სააკაშვილის ხელისუფლებას.
წესრიგის დამყარების დროშით ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას ქართველი ხალხი არ მიიღებს. თავის დროზე თამარ მეფის ხელისუფლება არ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და ყუთლუ-არსლანის დასმა „კარვის“ გაშლა გადაწყვიტა. რომელ მეფეს ჰქონდა უღრუბლო ცა? დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწინვალეს თუ ერეკლე მეორეს?! ქართველი ხალხი განწირულია იმისთვის, რომ დემოკრატიის პირობებში იცხოვროს“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
მანვე განმარტა, თუ პოლიტიკურმა უმცირესობამ გადაწყვიტა, მართოს დანარჩენი უმრავლესობა, ეს ყოველთვის კრახით მთავრდება. ამიტომ ამ ფაფხურის ნაცვლად „ნაცმოძრაობას“ ურჩევნია, ტრანსფორმირდეს რაიმე ახალ პოლიტიკურ ძალად, თუკი მას სურს, რომ არენაზე ეს 25% სერიოზულ როლს ასრულებდეს. ისინი იმ მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობიდან უნდა გათავისუფლდნენ, რაც მათ სააკაშვილის მმართველობის წლებმა დაუტოვა. თითქოს ამას ცდილობს „ევროპული საქართველო“, მაგრამ ეს „გათავისუფლება“ ხდება ყოველგვარი მონანიების გარეშე. ამას „ნაცმოძრაობიდან“ წარმოშობილი სხვა პარტიებიც ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ სააკაშვილმა უკრაინაში რაიმე მიზანს მიაღწია, რა თქმა უნდა, ეს მის აქაურ მომხრეებსაც იმედით აღავსებს და შესაძლოა, მათ აქაც სცადონ ანალოგიური მოქმედებების განმეორება. თუმცა საკითხავია, უკრაინაში სააკაშვილი რას მოახერხებს, რადგან ჩვენ მხოლოდ ტელეკადრებით არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი მომხრეების რაოდენობაზე. ჯერჯერობით არც ერთი ცნობილი პოლიტიკოსი მის გვერდით არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, მას ჰყავს რამდენიმე ასეული მომხრე, თუმცა ძალიან ბევრი რამ დაფარულია, მათ შორის, ისიც, რატომ იქცევა უკრაინის პოლიცია ასე დუნედ.
„ეს იმ სიტუაციას მაგონებს, რაც უკავშირდებოდა სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთას. საბოლოოდ, თუ სააკაშვილს მომხრეები შეემატა, უკრაინაში დაიწყო ახალი მაიდნის მსგავსი პროცესები და ისინი წარმატებით დასრულდა, სრულებით არ არის გამორიცხული, საქართველოშიც მოხდეს ანალოგიური ქმედებები. საქართველოში „ნაცმოძრაობამ“ მანიფესტაციები რომც დაიწყოს, საეჭვოა, მას ბევრი მომხრე და მიმდევარი გამოუჩნდეს. ახლა 2017 წელია და არა - 2003 წელი. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ეცდება მაქსიმალურად ასწიოს ტემპერატურა, დაძაბოს სიტუაცია, იტრიალოს საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის თვალთახედვის არეში. ეს არის მისი სტილი და აქ გარემოთამაშეები რას გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა მას მხარს, ესეც გამოჩნდება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, სააკაშვილს ვიღაცის იმედი მაინც აქვს“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.