სააკაშვილის ბოლო გაბრძოლება

სააკაშვილის ბოლო გაბრძოლება

კიევის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, 343-ე მუხლით მხარდამჭერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მოსალოდნელ პროვოკაციაზე ამახვილებს ყურადღებას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, სერგეი კნიაზევი, რომელიც მომიტინგეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს.

„მოსალოდნელია პროვოკაციები როგორც მომიტინგეთა, ისე რიგითი გამვლელების მიმართ. მოვუწოდებ მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ, პოლიცია კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საჯარო უსაფრთხოებას მასობრივი ღონისძიებების დროს“, - აცხადებს სერგეი კნიაზევი.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ საკაშვილი დღეს დილით დააკავა. სააკაშვილის ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, სააკაშვილის ბრალად ედება ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

პროკურატურა ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სააკაშვილი უკრაინაში ხელისუფლების დამხობას გეგმავდა და ამისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ერთ-ერთი ოლიგაქრის, სერგეი კრუჩენკოსგან ნახევარი მილიონი აიღო. უკრაინის გენერალური პრკურორის განცხადებით, საქმე ეხება განსაკურებით მძიმე დანაშაულს უკრაინის წინააღმდეგ. როგორც იური ლუცენკო ამბობს, გამოძიება ფლობს ფაქტებს იმის თაობაზე, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს 500 ათასი აშშ დოლარი გადასცა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, სევერიან დანგაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც მოსკოვში იმალება, სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსების შეთავაზებით, რის სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების უზრუნველყოფის გარანტიებს იძლეოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთიდან დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარის მიღება. ამ თანხის ნახევარი სპეცსამსახურებმა დანგაძეს ამოუღეს“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

სწორედ ეს გახდა სააკაშვილის რამდენიმე საათიანი დაკავების მიზეზი. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფაბრიკაციას უწოდებს იმ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც ის რუსეთში გაქცეულ სერგეი კურჩენკოს ესაუბრება. სააკაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერის ფაბრიკაცია სპეცსამსახურებმა მოახდინეს.

სახლის სახურავზე დაკავებული სააკაშვილი, მხარდამჭერებმა მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან ამბობდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბორკილებდადებულ სააკაშვილს ექიმები სამედიცინო დახმარებას მიკროავტუბუში უწევდნენ, რომელსაც გადაადგილების საშუალებას მომხარეები არ აძლევდნენ, მათ მიკროავტუბუსს საბურავებიც დაუშვეს. მოგვიანებით, სააკაშვილი მომხრეებმა გაათავისუფლეს. ბორკილებდადებული მიხეილ სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ სამართალდამცველებსა და სააკაშვილის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები. კიევის ცენტრში, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ქვაფენილების აყრა და ბარიკადების მოწყობა დაიწყეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მხარდამჭერები პოლიციელებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.

მხარდამჭერების მიერ პატიმრობიდან განთავისუფლებულმა სააკაშვილმა მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა და მიმართა, რომ ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გაეძევებინა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი.

„მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან - ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და დამამცირებელს უკრაინასა თუ საქართველოში. ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები.

უიარაღოდ დაუპირისპირდნენ პრეზიდენტის შეიარაღებულ პირად გვარდიას, რომელმაც უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია განახორციელა. კიევის მოსახლეობას მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ და მაიდანზე შევიკრიბოთ, დავიწყოთ უკრაინის პოროშენკოსა და მისი ბანდისგან გათავისუფლების პროცესი. არაფრის არ შეგეშინდეთ - მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი. ჩვენ არ უნდა გავიქცეთ - ისინი უნდა გაიქცნენ“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მის მომხრეებს.

სააკაშვილი უარყოფს, სერგეი კრუჩენკოსგან ნახევარი მილიონის აღებას. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ, უკრაინელი ხალხი ვალდებულია, პარლამენტი აიძულოს, მოაშოროს უკრაინას ეს ხელისუფლება პოროშენკოსთან ერთად. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„როგორ შეეძლოთ ამ გათახსირებულებს დავედანაშაულებინე რუსეთთან კავშირებში, ამიტომაც ჩვენი მოთმინება დასრულდა. ბრალს ვდებ ლუცენკოს მტკიცებულებების ფაბრიკაციაში. „რეგიონების პარტიასთან“ რა კავშირზე შეიძლება იყოს საუბარი?! მათ განახორციელეს უბინძურესი პროვოკაცია. პოროშენკო არასდროს გახდება პუტინი იმიტომ, რომ უკრაინელი ხალხი, თავისუფლების მოყვარული ხალხია. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ უკრაინის ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, რომელიც ხალხს აშანტაჟებს, იტაცებს ბიზნესებს, გარიგებაში შედის პუტინთან და სურს უკრაინელი ხალხი სიღარიბეში ჰყავდეს. დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ საყვარელ უკრაინაში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო. ისინი გვადანაშაულებენ დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაში, თუმცა დანაშაულებრივი არაფერი ჩაგვიდენია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინაში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრი, დავით საყვარელიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომლის დაჭერაც უკრაინაში შეუძლებელია. მისი თქმით, სისხლისღვრას არავინ აპირებს და მოგვიანებით გადაწყდება, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.

„ახლა ვართ უკრაინის პარლამენტთან, სადაც ათასობით ადამიანი მოდის და განსაკუთრებით, სამუშაო საათების შემდეგ მოვა ხალხი. ერთად გადავწყვეტთ, რა იქნება ჩვენი სწრაფი და მტკიცე ნაბიჯები გამარჯვებისკენ.

ხალხი შიშველი ხელებით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და არავინ არ აპირებს სისხლისღვრას. პროვოცირებას ახდენს მხოლოდ ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა პოლიტიკური მეტოქეების განადგურებას. ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო, რომლიც დღეს მიხეილ სააკაშვილის ბანაკშია, აცხადებს, რომ ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მიმდინარეობს მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ.

„აიძულეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასულიყო სახურავზე და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებდა სახურავიდან გადმოხტომას, რადგანაც ეს იყო მისი პროტესტი იმ პოლიტიკური მოქმედების წინააღმდეგ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ექსპრეზიდენტს. არავის აქვს უფლება, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე პრაქტიკულად განახორციელოს პოლიტიკური ტერორი, რომელიც დღეს გახდა უკრაინის სახე“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის შენობის წინ რჩება და როგორც თავად ამბობს, უკრაინელ ხალხთან ერთად დარჩება მანამ, ვიდრე ხალხი ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს. ამ დროისთვის უკრაინის პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი გრძელდება. პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერები. საზოგადოებრივ წესრიგს 500 პოლიციელი იცავს.