ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი – გ. ჯანაშია, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თავს მონასტერს აფარებდა. ეს ინფორმაცია უცნობი აღმოჩნდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსთვის, რომლის განცხადებით, უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს, რადგან ეს არის ერის ტრაგედია.
ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ. ჯანაშია საგამოძიებო ორგანოში წარედგინათ, რათა ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
გ. ჯანაშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, დაუსწრებლად შეეფარდა. საქმის პროკურორის იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ პროკურატურის მოთხოვნას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე. მისი თქმით, ბრალდებულს დღეს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ორივე დაკავებულია.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, გარდა არასრულწლოვნებისა, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ასევე დაკავებულია სამი პირი. მათ შორის თენგიზ კალანდია. გამოძიებით ირკვევა, რომ თენგიზ კალანდიასთვის, რომელიც შსს–ს თანამშრომელია, მისი შვილებისგან ლ. კალანდისა და მ. კალანდიასგან ცნობილი გახდა, რომ გ. ჯანაშიამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მივიდა შემთხვევის ადგილზე და წამოიყვანა საკუთარი შვილები. შესაბამისად, თენგიზ კალანდია დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, რომლებმაც ასევე ხელი შეუწყვეს ბრალდებულ გ. ჯანაშიას მიმალვაში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არასრულწლოვნები არიან, მათ მიმართ ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რის გამოც მათი დაკავება არ მოხდა.
კერძოდ, ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა.
გამოძიების ამ ეტაპისთვის დაკავებულია მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს. საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე. არ არის გამორიცხული, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაკითხულ პირთა სტატუსები შეიცვალოს.
შეეცვლება თუ არა სტატუსი, მთავარი პროკურტურის თანამშრომლის, მირზა სუბელიანს შვილს ა. სუბელიანს, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა უცნობია. სწორედ მასსა და 51–ე სკოლის უფროსკლასელებს შორის დაიწყო კონფლიქტი. როგორც გამოძიებით ირკვევა N1 ექსპერიმენატლური სკოლის მოსწავლეები კონფლიქტში ამის შემდეგ ჩაერთვნენ. იმის მიუხედავად, რომ სუბელიანმა დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა პოლიციას, რაც შემდეგ ორი არასრულწლოვანის მკვლელობის მიზეზი გახდა, მოწმის სტატუსით დაიკითხა.
საქმის პროკურორის, სოსო ხუციშვილის განმარტებით, პროკურატურა და შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა ის პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ კვლეობასთან, წარსდგებს მართლმსაჯულების წინაშე. მისი თქმით, მირზა სუბელიანს გამოძიებაზე ზემოქმედების მოხდენის არავითარი საშუალება არ აქვს.
კითხვაზე, შეეცვლება თუ არა სუბელიანის შვილს სტატუსი, პროკურორმა განაცხადა, რომ პირის არასრულწლოვნობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მირზა სუბელიანს ვერანაირი შემხებლობა ვერ ექნებოდა ამასთან, ვინაიდან საქმეზე საპროკურორო ხელმძღვანელობას თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილება ახორციელებს, ხოლო სუბელიანი მუშაობდა მთავარი პროკურატურის კადრების განყოფილებაში და თეორიული შანსიც კი, რომ ამ საქმეზე ზემოქმედება მოეხდინა, გამორიცხულია. მან პოსტი დატოვა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო ამ საქმეზე სპეკულაციები“, – განაცხადა სოსო ხუციშვილმა.
მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. მისი თქმით, საქმეში არსებობს ბევრი ახალი მტკიცებულება და სხვადასხვა ახალი ინფორმაცია, რის გამოც ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ამ ეტაპზე საქმეში ფიგურანტი პირებიდან აღარავინ იძებნება. დინამიური პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულზე და არა რამდენიმე ათეული წლის წინანდელ დანაშაულზე. ბევრი ახალი ინფორმაცია და მტკციებულებები მოიპოვება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არავინ იძებნება. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.