ამ დღეებში მოზარდებს შორის კიდევ ერთი სისასტიკის მოწმენი გავხდით. 51- ე სკოლის მოწაფეები იმდენად იყვნენ ჩხუბში ჩართულნი, რომ არაფერი ესმოდათ. შედეგად, ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს ერთმა მათგანმა მეორეს უკნიდან ცივი იარაღი ფილტვებში ჩაარტყა და ახალგაზრდა მაშინვე დაიღუპა. 14 ჭრილობის მქონე მეორე მოზარდი კი 20 საათი ებრძოდა სიკვდილს და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
განათლების სამინისტროს ინიციატივით, 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებსა და მეურვეებთან ფსიქოლოგები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. თუმცა ვერაზე მოკლული 16 წლის მოზარდების თემამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა, რა დააკლეს მოზარდებს, რამაც ასეთი აგრესია გამოიწვია?! ის ხომ არა, რომ უცხოეთში გადახვეწილ მშობლებს ნაკლები დრო რჩებათ მათ გზაზე დასაყენებლად?
უზრუნველყოფენ თუ არა ფსიქოლოგები, რომ ასეთი დაპირისპირება აღარ მოხდეს სკოლებში?
ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგი ქეთი მაყაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოლოგია ძალზე ფართო მეცნიერებაა და ბევრი მიმართულება აქვს. მოზარდებთან მუშაობას კი სჭირდება პრაქტიკოსი სპეციალისტი, განათლებით ფსიქოლოგი, ან კლინიკური ფსიქოლოგი, ისეთი ფსიქოლოგი, რომელსაც გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია იმისთვის, რომ სკოლაში უსაფრთხოების კლიმატი ჩამოაყალიბოს.
„ეს არ ხდება მომენტალურად, ერთ და ორ ბავშვთან მუშაობით, მთლიანად სკოლაში უნდა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების კლიმატი და არა მანდატურების, არამედ სწორედ ფსიქოლოგის ან ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით.
მასწავლებლებთან და დირექციასთან ერთად მუშაობით ფსიქოლოგებს ნამდვილად შეუძლიათ ამის უზრუნველყოფა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შემოტანილი და აპრობირებულია საქართველოში. თუმცა რატომღაც შეწყდა ეს ყველაფერი, რადგან უპირატესობა მიენიჭა მანდატურის სამსახურს, რომლიც არ არის საკმარისი ამისთვის.
უფრო მეტიც, ბაკალავრდამთავრებული ფსიქოლოგიც ვერ ჩაითვლება სრულყოფილ ფსიქოლოგად, რადგან ფსიქოლოგად ყალიბდება მხოლოდ მაგისტრის წოდების მქონე ადამიანი. ცხადია, მას შეიძლება ჰყავდეს ასისტენტი, ბაკალავრდამთავრებული ფსიქოლოგის სახით“, - აღნიშნა ქეთი მაყაშვილმა.
მანვე განმარტა ის კონკრეტული ფაქტორები, რაც უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე. ბავშვზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, დაწყებული მიკროსოციუმიდან, ანუ ვისთანაც უშუალო ურთიერთობა აქვს (მშობელი იქნება, მეგობარი თუ მასწავლებელი), დამთავრებული იმით, თუ რა ურთიერთობებია სხვებს შორის, ანუ ვისაც მოზარდი უყურებს. მაგალითად, მასწავლებელსა და მშობელს, მასწავლებელსა და დირექტორს შორის. ასევე, მოზარდი ხედავს მაკროდონეზე, ანუ სახელმწიფოს დონეზე როგორი ურთიერთობებია. ბავშვი ამას კიდევ ნაკლებად შთანთქავს და შთანთქავს მშობლების გავლით, მოზარდი კი პირდაპირ უყურებს ამ ყველაფერს. ცხოვრებას, რეალობაში ნანახს გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მისთვის, ვიდრე კინოსა და ინტერნეტში ნანახს. აგრესიულ კინოებს უყურებს მოზარდი იმიტომ, რომ ცხოვრებაში რაღაც ასეთს წააწყდა და სურს, კიდევ და კიდევ ნახოს.
ქეთი მაყაშვილის თქმით, როგორც პატარა ბავშვი ითხოვს, წითელქუდას ამბავი რამდენჯერმე მოვუყვეთ, მოზარდიც აგრესიულ ფილმებს იმიტომ ეწაფება, რომ ცხოვრებაში უკვე რაღაცას შეხვდა.
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი, ფილოსოფოსი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ფსიქოლოგი კვალიფიცირებულია, მას დიდი საშუალებები აქვს, ხოლო არაკვალიფიცირებული ფსიქოლოგი მხოლოდ ზიანის მომტანია. ფილოსოფოსის თქმით, სავარაუდოდ, ეკლესიისა და მოძღვრების ჩართვა ასეთ დრამატულ შემთხვევებს სასიკეთოდ ვერ შეცვლის, რადგან ბავშვები როცა ჩხუბობენ, იქ უკვე ცნობიერების სიმძაფრის დონე აღარ არსებობს, გადალახულია.
„რა იწვევს აგრესიას? ამის თაობაზე მქონდა ასეთი შედარება, ძაღლები რომ ჩაკეტო ერთ სივრცეში, ერთმანეთს შეჭამენ. ქართველი ბავშვებიც, ქართველი ახალგაზრდებიც ჩაკეტილნი არიან ამ სივრცეში, ისინი ჩაკეტილნი არიან უფლებებში, პერსპექტივაში. ამიტომაც გამძაფრებული სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ, როგორც პატარა გალიაში დამწყვდეულ მრავალ ძაღლს ერთად. ადრე თუ გვიან ისინი შეჭამენ ერთმანეთს, გინდაც ჰქონდეთ საჭმელი ამ გალიაში. მშობლები არაფერ შუაში არიან. აქ მთვარია სოციალური სივრცე, რომელიც ჩაკეტილია. ქართველ ბავშვს აღარ დაუტოვეს შესაძლო ინტერესი, რომლითაც შეიძლება სულდგმულობდეს ადამიანი. მოზარდები მორალურად არიან ჩაკეტილები, ეს იწვევს სიძულვილს.
დღეს მთავრობა თითქოს უწყინარია, მაგრამ პერსპექტივა ნულოვანია, ეკონომიკა ნულოვანია, განვითარება და განათლებაც ნულოვანია. ქართველი ერი შეხუთულ სივრცეში გამოკეტილი ერი ვართ“, - აცხადებს ნოდარ ნათაძე.
მისივე გამარტებით, ხელისუფლებას არანაირი ზოგად-ეროვნული მიზანი არ წარმოუდგენია. ხელისუფლების უძლურება ვერ კურნავს სოციალურ წყლულებს, ბავშვები ხედავენ პირადი ცხოვრების უპერსპექტივობას, რომელიც გამომდინარეობს მათი სოციალური მდგომარეობიდან. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ეფექტის მომხდენია.