96 ხმით 5-ის წინააღმდეგ პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვიანებით აუდიტის სამსახურში გადაინაცვლა, 5-წლიანი ვადით ჩაიბარებს სახალხო დამცველის თანამდებობას.
სახალხო დამცველად ნინო ლომჯარიას არჩევას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. საზოგადოების ნაწილი მისთვის სალანძღავ ეპითეტებს არ იშურებდა და ინტერნეტით მის წინააღმდეგ აქტიურ ანტიკამპანიას აწარმოებდა, შესაბამისი იარლიყებით - „სატანისტი“ და სხვა.
ასეთი შეფასების მიუხედავად, ნინო ლომჯარია მზად არის, ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება დაიცვას, მათ შორის, მისი შეურაცხმყოფელების უფლებაც.
მისი თქმით, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს სახალხო დამცველი. ლომჯარიას სიტყვით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მან იგრძნო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
მეორე კანდიდატ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 27-მა დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე მსჯელობისას უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა მისი მინუსი ნამდვილად არ არის და ეს შეიძლება ლომჯარიას პლუსადაც აღვიქვათ. თუმცა რამდენად მიუკერძოებელი იქნება ის, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„პირადად მე მას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოფილა მომენტები, როცა იგი გადახრილა რომელიმე მიმართულებით. ვგულისხმობ „ნაციონალებისადმი“ მის მხარდაჭერას, ლგბტ თემების გააქტიურებას... იმედია, ახლა სახალხო დამცველის ამპლუაში იგი ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამას უნდა ეცადოს. ჯერჯერობით, არ ვიცით, როგორ გაართმევს თავს, უბრალოდ, სურვილი შეიძლება გამოვთქვათ, რომ იყოს კვალიფიციური და სამართლიანი“, - აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ, ასე თუ ისე, სახალხო დამცველი მაინც ჩინოვნიკია, ის ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, ამიტომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ასეთ „თანამდებობაზე“ არ უნდა მიდიოდეს. თავის დროზე პოლიტოლოგს არც ის მოეწონა, რომ არასამთავრობო სექტორიდან ნინო ლომჯარია უცებ „გადასკუპდა“ აუდიტის სამსახურის პირველ მოადგილედ.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანს ძლიერი პროტეჟე ჰყავს „ოცნებაში“. რასაკვირველია, „ოცნებისთვის“ უფრო მისაღები იქნებოდა სოფო ხორგუანის კანდიდატურა. სამწუხაროდ, ბელგიაში მომუშავე გიორგი ფოფხაძეს ისეთი გავლენა არ აქვს ქართულ საზოგადოებაზე. თავის დროზე, როცა მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, გიორგი ფოფხაძე მაშინ გაიქცა, დაიკარგა უცხოეთში. მისი მოგვარის საქციელის გამო ნუგზარ ფოფხაძემ მაშინ კინაღამ თანამდებობა დაკარგა. ნუგზარ ფოფხაძე იმხანად ტელეკომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. მახსოვს, დიდი სკანდალი მოჰყვა ამ ფაქტს.
რაც შეეხება ნინო ლომჯარიას, სახალხო დამცველის რანგში მისი მოსვლა მომგებიანია „ოცნებისთვის“. ცხადია, იმით, რომ მთავრობას გააკრიტიკებ ლგბტ პირებისა და გეების უფლების დაცვის თვალსაზრისით, დასავლეთსაც ასიამოვნებ და მთავრობასაც დიდ დისკომფორტს არ შეუქმნის. სხვა არის, რომ მთავრობა აკრიტიკო, რომ შიმშილით იხოცებიან ადამიანები, სიკვდილიანობამ უკვე გაუსწრო შობადობას, ყოველდღიურად ძვირდება ყველაფერი. ერთი კვირის წინ 2.30 ლარი ღირდა ბულგარული წითელი წიწაკა, დღეს კი 6 ლარი ღირდა მაო ძედუნის ეს საყვარელი ბოსტნეული. მაო ძედუნი ამით აფასებდა ადამიანს, თუ წითელ წიწაკას მიირთმევ, ე.ი. რევოლუციონერი ხარო. ჩვენი ხალხი ცუდად ცხოვრობს, უმუშევრობა, ნეპოტიზმია. ვფიქრობ, ამ მხრივ ლომჯარია არ გააკრიტიკებს ხელისუფლებას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ფიქრობს, რომ დასავლეთში, სადაც ყველა ყოფითი პრობლემა გადაჭრილია, შეიძლება, ტრაგედიას წარმოადგენდეს, როცა ქუჩაში უპატრონო ძაღლი დარბის.
თუმცა საქართველოში, სადაც ასი ათასობით ბავშვი უპატრონოა, სადაც უმწეოთა სასადილოებზე მხოლოდ ლარი და 18 თეთრი იხარჯება, ლომჯარია გაჩუმებული იქნება. ის იტყვის, გამოძიებას დაველოდოთ, გამოძიება მიმდინარეობს. სოსო ცინცაძის თქმით, სამწუხაროდ, უჩა ნანუშვილიც მხოლოდ რეაგირების პროცესში მუშაობდა, ნანუაშვილი თვითონ კი არ ეძებდა პრობლემურ საკითხებს, არამედ აქტუალურ თემებს გამოეხმაურებოდა მხოლოდ თავისი აუღელვებელი სახით. ამიტომაც დღეს არავის ახსოვს 4-5 წლის წინ ჭიკაიძის მიერ დაწყებული გამოძიება საბურავების დაგროვების შესახებ, რაც სამშობლოს ღალატის 30-ე მუხლით აღიძრა. სამშობლოს ღალატის ეს მუხლი კი უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.
„ლომჯარია ნანუაშვილის მსგავსიც არ იქნება, ის ყურადღებას გადაიტანს 17 მაისზე, ლგბტ თემებზე. პირველი დიდი ხმაურიანი განცხადებები დაემთხვევა სწორედ 17 მაისს, ლომჯარიას კრიტიკის ობიექტი იქნება „ქართული მარში“, ანუ მომგებიანი თემები. არადა, რა არის ადამიანის მთავარი უფლება? სიცოცხლის უფლება. თუ ადამიანს შიმშილით კლავ და უფასო სასადილოს იმედად ამყოფინებ, ეს მისი მთავარი უფლების დარღვევაა“.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ უყვარს პერსონალიებზე საუბარი, მაგრამ ვერაფრით გაიზიარებს უმრავლესობის მხრიდან ამ კანდიდატურის წამოყენების მოტივს, რადგან ეს ნიშნავს იდეოლოგიზირებულ გადაწყვეტილებას და არა ადამიანის შერჩევას თავისი დამსახურების, პოზიციის მიხედვით.
ექსპერტის თქმით, შეუძლებელია ნინო ლომჯარიაზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობდეს საქართველოში თუნდაც იურიდიული თვალსაზრისით, თუნდაც სამოქალაქო პოზიციით, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელში ჩაიგდო ქართული საზოგადოების ნების გახმიანების მონოპოლია და ხელისუფლებაც დაჰყვა მათ სურვილს.
„ვინმე წესიერი კაცი რომ დაესახელებინათ, რომელსაც წმინდა პატრიოტული მოსაზრებები ექნებოდა, საუკეთესო გაგებით, ორიენტაცია არ შეეშლებოდა, მას დაბლოკავდნენ, რადგან იდეოლოგია, რომელიც ბოლშევიზმის შებრუნებული სახეა, პროქართულობას, უფრო სწორად, პატრიოტულ ქართულ პოზიციას მახინჯად აღიქვამს. ამ ადამიანების მიმართ ტერორი ხორციელდება. ამის გამოვლინებაა ნინო ლომჯარიას კანდიდატურის დასახელება“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.