განათლების მიმართულებით ორი ერთმანეთზე არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. პირველი ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეეხება, მეორე საჯარო სკოლებს. სკოლები უქმდება, აბიტურიენტთა მესამედი კი ელემენტარულ ცოდნას მოკლებულია.
უკვე გაირკვა, რომ 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მესამე სტუდენტი ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრა. და რადგანაც საქართველოში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მართლაც რომ მინიმალურია, ეს საგანგაშო სიგნალია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 23 ათასამდე აბიტურიენტი გახდა, ხოლო დარჩა 11 ათასზე მეტი ვაკანტური ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც პირველადი განაცხადის შედეგად ვერცერთი აბიტურიენტი ვერ მოხვდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ვებ-გვერდზე გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 25 აგვისტოდან დაიწყება. ასევე გამოქვეყნდება იმ უმაღლესი სასწავლების სია, სადაც ვაკანტური ადგილები დარჩა. ის აბიტურიენტები, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ხვალიდან შეძლებენ დაიწყონ მეორადი განაცხადების გაკეთება.
იმ 10 ათასზე მეტ აბიტურიენტს კი, რომელმაც 2010 წლის გამოცდებში ჩაიჭრნენ, უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე განაცხადის გაკეთების უფლებაც აღარ ექნება. ანუ მათ მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყარათ. თუმცა, წლის “ნაშრომს” ძნელად დავარქმევთ იმას, რომ ამ ადამიანებმა კონკრეტულ საგანში 21 ქულას ვერ მოუყარეს თავი.
რაც შეეხება სააპელაციო კომისიას, მას საგამოცდო ნამუშევრების გადახედვის მოთხოვნით 2574 აბიტურიენტმა მიმართა. მათგან შედეგები არ შეცვლილა 1711 აბიტურიენტის შემთხვევაში, ხოლო ქულები მოემატა 712 აბიტურიენტს.
საერთო საგამოცდო ნაშრომების მიხედვით, სულ სააპელაციო განაცხადები, დაახლოებით, 1 პროცენტი გასაჩივრდა.
ვაკანტურ ადგილებზე მეორადი განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.
ასეთი სავალალო შედეგების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული სკოლა უქმდება. მაგალითად, 25 აგვისტოდან 5 საჯარო სკოლა საერთოდ უნდა გაუქმდეს: ქუთაისში, გუმათის N2-ე საჯარო სკოლა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის N2-ე საჯარო სკოლა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის N2-ე სკოლა.
ამავე ბრძანებულების თანახმად, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ლიკვიდირებული უნდა იყოს გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის N2-ე საჯარო სკოლაც.
დედაქალაქში კი 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ერთმანეთს შეუერთდა. სკოლების რეორგანიზაციის საკითხს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, ძველი თბილისის რაიონის N44-ე სკოლა N49-ე სკოლას მიუერთდა, ვაკე-საბურთალოს რაიონის N38-ე სკოლა კი N171-ე სკოლას.
სკოლების გაერთიანების ყველაზე მეტი ფაქტი, ისან-სამგორის რაიონშია. კერძოდ, ამ რაიონში N172-ე სკოლა - N40-ე სკოლას შეუერთდა; N106-ე სკოლა - N78-ე სკოლას; N121-ე სკოლა - N90-ესკოლას; N25-ე სკოლა - N146-ე სკოლას; N95-ე სკოლა - N81-ესკოლას; N110-ე სკოლა კი N103-ე სკოლას.
რაც შეეხება გლდანი-ნაძალადევის რაიონს, აქ N15-ე სკოლა N207-ე სკოლას უერთდება, N208-ე სკოლა კი N173-ე სკოლას.
ამას გარდა, სოფელ წყნეთში მდებარე აფხაზეთის N8 საჯარო სკოლა, თბილისის დიდგორის რაიონის N137-ე სკოლას შეუერთდა.