„გლობალური დათბობა“ ის ორი სიტყვა აღმოჩნდა, რომლის მიმართ შიშის გრძნობა დედამიწის მოსახლეობაში ყოველწლიურად იმატებს. წყალდიდობების, ხანძრების, ქარიშხლების, უჩვეულო ბუნებრივი მოვლენების შემყურე კაცობრიობა ცდილობს, ახლა მაინც მიაქციოს ყურადღება იმას, რასაც წლების განმავლობაში უგულებელჰყოფდა - აუცილებელ პარტნიორობას გარემოსთან, როგორც საკუთარი არსებობის შენარჩუნების საშუალებასთან. განვითარების გასაღები გონიერი ქვეყნებისთვის დღეს ამ ქოლგის ქვეშ მოიაზრება.
შესაბამისად, მკაცრდება პირობები ბიზნესების განვითარებისთვის. იმისთვის, რომ მსხვილი ევროპული ბანკებიდან, მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან, კრედიტი აიღო, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცედურები უნდა გაიარო. ეს ახლა აუცილებელი პირობაა. ამასთან, იგივე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მოთხოვს, ამ მიმართულების შიდასახელმწიფო პროცედურები მის მოდელზე ნაკლები არ იყოს.
განვითარებულ ქვეყნებში, ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან, გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად, პროექტის კატეგორიის მიხედვით, 6 თვემდე დროა საჭირო. საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო სრულ დოკუმენტაციას, გარემოსდაცვითი ნებართვის ჩათვლით, უსწრაფესად, 20 დღის ვადაში გასცემენ. ბევრი სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად გარემოს დაცვითი ნებართვა საჭირო არც არის. საქართველოს ხელისუფლება ისე გაერთო ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების გამარტივებით, რომ მთავარი დაავიწყდა – გარემოს მოთხოვნებს ანგარიში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუწიო.
ბიზნესი
ბაზრის სიმცირე, საკუთრების უფლების მყიფე გარანტიები, კონფლიქტები – ის პირობებია, რომელიც ეკონომიკის ექსპერტ გია ჯანდიერის აზრით, ხელს უშლის საქართველოში დასავლელი ინვესტორების შემოსვლას (შესაბამისად – ბიზნესის განვითარებას. მ.ჯ.), იმ ტიპის ინვესტორებისა, რომლებიც ოფიციალურ, დასავლურ ბაზრებზე გამჭვირვალედ მოქმედებენ, ვისზეც ყველაფერია ცნობილი, ვისი ყველა ნაბიჯიც ღიაა. ამ ფონზე, ინვესტორების მოსაზიდად გამარტივებული ოფიციალური პროცედურები, როგორც ექსპერტები ამბობენ, დასავლელი ინვესტორებისკენ გზას კიდევ უფრო ავიწროებს.
“თუ გვინდა, საქართველოში კეთილსინდისიერი ინვესტორი შემოვიდეს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა აუცილებლად უნდა დავხვეწოთ,” – ამბობს “გარემოს დაცვის ლიგის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე, - “ძველი კანონმდებლობიდან საკამთო ბევრი რამ იყო, მაგრამ მათი უბრალოდ გაუქმება კი არა თანამედროვე მოთხოვნებით ჩანაცვლება იყო საჭირო. ახლა არსებული ვითარება დასაფიქრებელია ინვესტორისთვის.
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ სფეროში არსებული გაურკვევლობის გამო, შეიძლება, ჩვენთან სერიოზული ბიზნესმენი აღარც შემოვიდნეს. მან არ იცის, როგორ იქნება ხვალ ნორმირებული ის, რაც დღეს ნორმირებული არ არის. ამის გამო, ვერ აკეთებს საჭირო პროგნოზს, შესაბამისად, რისკის მაღალი ფაქტორი აქვს და ინვესტიციის ჩადებას ერიდება.”
თუკი მეწარმე თავისი პროდუქციის უცხოეთში გატანას აპირებს, ის სტანდარტები უნდა დაიცვას, რომელიც, სულ მცირე, მის ქვეყანაშია დაწესებული. სხვა შემთხვევაში, მის პროდუქციას, გასაღების ბაზრის მოპოვება გაუჭირდება. ცოტა ხაში, რუსეთის ბაზარზეც კი ვერ შევა პროდუქტი (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იქნება იგი ნაწარმოები), რომელიც საერთაშორისო სტანდარტს არ დააკმაყოფილებს. “რუსეთი არის პრეტენზიული ქვეყანა – თვითონ არაფერს ასრულებს, მაგრამ სხვისგან მოითხოვს,” – ამბობს ნინო ჩხობაძე.
საერთაშორისო სტანდარტები არ გულისხმობს მხოლოდ ეტიკეტზე გამოტანილ პროდუქციის ხარისხს, რადგან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის მიღწევა საწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის გარეშე შეუძლებელია. ეს კი, წარმოადგენს ცვლილებების მთელ ციკლს, რომელიც სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს.
საქართველოში არსებული საწარმოების 99%, მცირე გამონაკლისების გარდა, ძველი, საბჭოთა ტექნოლოგიებით მუშაობს. შესაბამისად, აბინძურებს გარემოს და ქმნის არაკონკურემტუნარიან პროდუქციას. ეს ერთ-ერთია იმ სფეროებიდან, სადაც გარემოსა და ბიზნესის პარტნიორობა აუცილებლობას წარმოადგენს.
“სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა ხელს არ უწყობს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას,” – ამბობს ნინო ჩხობაძე, - “არ არის შეღავათიანი კრედიტები ამ მიმართულებით, არც შეღავათები საბაჟო ტარიფებში. არადა, ტექნოლოგია, რაც უფრო ახალია, მით უფრო ძვირი ღირს.
ჩვენი საბაჟო, შესაბამისად, ძვირს გახდევინებს და მეწარმეს არავითარი სტიმული აღარ რჩება ახალი ტექნოლოგიების დასანერგად. ფაქტობრივად, ჩვენივე ხელით ვაგდებთ ბიზნეს-გარემოს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდან გამოსვლაც, სახელმწიფოს ნების გარეშე შეუძლებელი ხდება.”
ტურიზმი
მეორე სფერო, რომლის ფარგლებშიც, გარემოსთან პარტნიორობა აუცილებელია, ტურიზმია. შავ ზღვასთან დაკავშირებული ტურზიმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია ამ სფეროში, რასაც ბათუმის განვითარებაში ჩადებული მილიარდები და “ქათქათა ქალაქის” უწყვეტი სატელევიზიო რეკლამა ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობტერმინალების ცქერა ურჩევნია, თუ დამსვენებლებისა. ერთი მეორეს გამორიცხავს – იქ, სადაც ნავთობტერმინალები დგას, ტურისტი არ ჩადის. როგორც გარემოს დაცველები ამბობენ, პრაქტიკულად, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ერთიც აქვს და მეორეც.
ტურიზმის განვითარებას მნიშვენლოვნად უწყობს ხელს, გარემოს დაცვისთვის პრინციპული, ცისფერი დროშების სასიგნალო სისტემის დანერგვა შავ ზღვაზე. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული ფორმა იმისა, რომ ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და მიიღოს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორია წყლის მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში. ერთი შეხედვით უადგილო დროშიები შავ ზღვაზე არის ცივილიზებული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში საზღვაო ტურიზმის ჩართვას საჭირო ფონს უქმნის. ასეთი სისტემა მოქმედებს ბულგარეთში, რომელიც, დღეისთვის, საზღვაო ტურიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ცისფერი დროშების სასიგნალო სისტემის დანერგვა აუცილებელი შეიქნა მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა მხარე ბუქარესტის კონვენციისა, შავი ზღვის დაცვის შესახებ. ამ კონვენციას მიერთებულია შავი ზღვის 6 ქვეყანა, რომელთაგან ორი – ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნები არიან. მას შემდგე, რაც მათმა კრიტერიუმებმა აიწია, აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა 1992 წლის კონვენციაში, სანაპიროდან ზღვის დაბინძურების, სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვისა და ბევრი სხვა კუთხით. ამ კონვენციას, როგორც რეგიონული ინტეგრაციის ორგანიზაცია, ევროკავშირიც უერთდება.
კიდევ ერთი, ამ ტიპის მაგალითია ფონური სადგურის გახსნა აბასთუმანში. სადგურმა, თითქოს, უპრეტენზიო საქმე – ჰაერის შემოწმება უნდა განახორციელოს და ფონური სადგურების ევროპულ სისტემაში ჩაერთოს. არადა, ეს მნიშვნელოვანი მომენტია ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე მივუერთდით ევროპულ ქსელს, რის შედეგადაც, საქართველოს მონაცემები ევროპულ მონაცემებში ერთიანდება და უფრო სანდო ხდება უცხოელისთვის, რომელიც აქ ჩამოსვლას აპირებს.
აბასთუმნის სადგური გაკეთდა იმიტომ, რომ საქართველო არის მხარე ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციისა “შორ მანძილზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების” შესახებ. სადგური, ორმხრივი დაფინანსების ფარგლებში, ნორვეგიამ გაგვიკეთა. იგი საკმაოდ ძვირი დაჯდა, მაგრამ სრულყოფილადაა აღჭურვილი და კარგად მომზადებული პერსონალი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიაში სხვა მსგავსი სადგური არ არსებობს.
ეს ის, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გარემოსდაცვითი მექანიზმებია, რომელმაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ტურიზმის გავითარებასაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ საქმეს ისინიც ვერ უშველიან, თუკი XXI საუკუნის საქართველოში ჩამოსულ დამსვენებლებს, ლამაზი ხედებისა და ახალი შენობების გარდა, სანიტარიული და საკანალიზაციო პრობლემებითაც გავაკვირვებთ.
ჯანმრთელობა
გარემოსთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. ჩვენი სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ, ნაკლებად. ამის ნათელ სურათს ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მდგომარეობა ქმნის.
მიუხედავად სხვადასხვა გათვლებისა, რომელიც შეიძლება ოფიციალურმა სტრუქტურებმა მოიშველიონ, სამრეწველო სექტორის გაფრქვევების ზუსტი სურათი წარმოდგენადღეს შეუძლებელია. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ოფიციალურ საიტზე არსებული ინფორმაციით, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ოდენობის გამოთვლისას, სახელმწიფო უწყებები დღემდე, გადამოწმების გარეშე, ეყრდნობიან საწარმოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და იყენებენ ე.წ. მიახლოებითი შეფასების მეთოდებს. არსებული მონაცემებით, სამრეწველო სექტორის გაფრქვევებში წამყვანი ადგილი ენერგეტიკას უჭირავს. ჰაერის მტვრით დაბინძურების მნიშვნელოვანი წყაროებია ცემენტისა და ასფალტის საწარმოები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჰაერის მდგომარეობის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი წარმოადგენს. “განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, - “თბილისში, ე.წ. გმირთა მოედნის “სამკუთხედის” რაიონში ჩატარებულმა გაზომვებმა გამოავლინა მტვრისა და ნახშირჟანგის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი გადაჭარბება ზღვრულად დასაშვები ნორმების მიმართ. ტყვიაშემცველი ბენზინის გამოყენებისას, გამონაბოლქვთან ერთად ტყვიაც გამოიფრქვევა. ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან გამოთავისუფლებული ტყვია, შეიწონება მტვრის ნაწილაკებში და ილექება ნიადაგში. 2007 წელს თბილისში აღებული ნიმუშები ცხადყოფს, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2-3-ჯერ აღემატება დაშვებულ სტანდარტს.”
გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, სხვადასხვა სახის პათოლოგიები, ნერვული სისტემის მოშლა, მოზარდებში ზრდის შენელება, სმენის დაქვეითება, თავის ტკივილი, თირკმელებისა და ღვიძლის, ასევე სიმსივნური დაავადებები, ფეხმძიმობისა და მშობიარობის პათოლოგიები, ნაყოფის განვითარების შეფერხებები, მოზარდთა კონცენტრაციის დაქვეითება - ეს ის ცვლილებებია, რომელსაც მეცნიერული კვლევების მიხედვით, მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება იწვევს. ამ დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰაერში ტყვიის მომატებული შემცველობაა.
ამიტომ ამკაცრებს ევროპა წლიდან წლამდე საწვავის ხარისხის სტანდარტებს. “ბებერ კონტინენტზე” უკვე ძალაშია “ევრო-5” სტანდარტი, რომელიც საწვავში არსებული მავნე ნივთიერების ზღვრულ, ფაქტობრივად, ნულოვან ნორმებს აწესებს. ტყვიის შემცველი საწვავი იქ აღარსად იყიდება. აქამდე ევროპა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. იყო “ევრო-1”, “ევრო-2” და ა.შ. “ევრო-5”-მდე. იგივე, ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ვითარების გაუმჯობესებისკენ გვირჩიეს ჩვენც, როცა აქ ჰაერის მდგომარეობის შეფასება გაკეთდა.
მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა 0,013 გ/ლ-მდეა დაშვებული; ბენზოლის მოცულობითი წილი – 5%-მდე; არომატული ნახშირწყალბადებისა – 45%-მდე; გოგირდის შემცველობა – 500 მგ/კგ-მდე. მაღალ ზღვრებშია მოქცეული დიზელზე დაწესებული სტანდარტიც. ორივე ტიპის საწვავზე შემოღებული ეს სტანდარტები, შინაარსით, “ევრო-1”-საც ვერ უახლოვდება. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი შედეგიც სახეზეა.