სემეკის წევრობისთვის კანონი მკაცრდება და ეს სპეციალურად იმ ადამიანებსთვის კეთდება, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ასეთია ახლადარჩეული მაია მელიქიძე და მომავალის შესაძლო კანდიდატი დავით ნარმანია. რამდენდაც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ამჟამინდელი არც ერთი წევრი ენერგეტიკოსი არ არის, ეს ამ ორგანოს გამართული მუშაობის თაობაზე სერიოზულ ეჭვს აჩენს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის შემადგენლობა, შესაძლოა, მხოლოდ დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდეს. სემეკის წევრების არჩევის კრიტერიუმების შეცვლა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტით იგეგმება, რომელიც პარლამენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ წარუდგინა.
კერძოდ, ინიცირებული პროექტის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ამავე ცვლილებებით, სემეკის ხუთი წევრიდან კომისიის ორი წევრი სავალდებულოა იყოს პროფესიით ენერგეტიკის სპეციალისტი, ერთი - გაზმომარაგების სპეციალისტი და ერთი - წყალმომარაგების სპეციალისტი. ჩამოთვლილი დარგის სპეციალისტების გარდა, მხოლოდ ერთი წევრი დასაშვებია იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი.
აღნიშნული სპეციალისტები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი დონის პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით. პროექტის მიხედვით, თუ კომისიის წევრს თანამდებობა ვადაზე ადრე შეუწყდა, გათავისუფლდა თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე ან იწურება თანამდებობის დაკავების 6-წლიანი ვადა, კომისიის წევრის ხელახალი არჩევის დროს, თანამდებობის დაკავებისათვის დადგენილი კრიტერიუმები უნდა იქნეს გათვალისწინებული.
აღნიშნული რეგულაცია არ იმოქმედებს ამჟამინდელ მოქმედ კომისიის წევრებზე მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ან ვადაზე ადრე შეწყვეტამდე.
სემეკი 5 წევრისაგან შედგება. კომისიის წევრთა კანდიდატურებს პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგოსექტორის მარეგულირებლ ორგანოში კომისიის წევრად მუშაობისთვის შესაბამისი გამოცდილება და განათლება არ აქვს.
„ამ კანონპროექტის დაწერის მოტივაცია ერთადერთია, რომ რაიმე სუბიექტური მოსაზრებით არ იყოს არჩეული, ან დანიშნული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არასათანადოდ მომზადებული კადრი. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ არის ეს ინიციატივა წამოსული ჩემი მხირდან. მე ეს კანონპროექტი მოვამზადე მას მერე, რაც ბოლოს იქნა გადაწყვეტილება მიღებული კომისიის წევრად ერთ-ერთი პიროვნების არჩევისა, რომელსაც ახლოსაც არ გაუვლია ენერგეტიკასთან. მაია მელიქიძეზე ვლაპარაკობ.
ასეთები სხვა დროსაც იყო, მაგრამ მაშინ მე საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ მქონდა, თუმცა ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზის სექტორი და წყალმომარაგება მეტად რთული დარგებია. სემეკი არ არის პოლიტიკური ორგანო, ეს სუფთა პროფესიონალური ორგანოა - სემეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ლიცენზიების პირობების დადგენა და გაცემა, ასევე ამ პირობების კონტროლი და როდესაც სემეკის წევრებიდან (მაგალითად, დღეს რომ ავიღოთ) არც ერთი არ არის ენერგეტიკოსი, არც წყალმომარაგების, არც გაზმომარაგების სპეციალისტი, ძალიან რთული იქნება ხარისხიანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
მართალია, დღეს სემეკში ძალიან ძლიერი ენერგეტიკული, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების დეპარტამენტებია, მაგრამ მათი მომზადებული მასალების კრიტიკული შეფასება უნდა შეეძლოს კომისიის წევრებს, რომელთა ხელმოწერითაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა არველაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.
საინტერესოა ახალი კრიტერიუმების გაწერა ასევე დაკავშირებულია თუ არა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვით თბილისის მერი დავით ნარმანია სამომავლოდ, შესაძლოა, სემეკის წევრად წარადგინონ? ამასთან დაკავშირებით რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ მისი კანონპროექტი ნარმანიასთან კავშირში არ არის, თუმცა იქვე ორაზროვანი კომენტარიც მოაყოლა:
„არავითარ კავშირში ეს ბატონ ნარმანიასთან არ არის, მაგრამ თუ ნარმანია მართლაც წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად და აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, თუ ნარმანია ამ სპეციალობის არ არის, მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიქნები“, - განაცხადა დეპუტატმა.